ბრიტანელი მომღერალი რობი უილიამსი თავის რჩეულ ეიდა ფილტზე ამჯერად ნამდვილად დაქორწინდება. ქორწილი რომანტიკულ კუნძულ სანტა-კატალინაზე გაიმართება, რომელიც აშშ-ის სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრში, ლოს-ანჯელესის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, წერს ინგლისური გაზეთი The Sun. რობი უილიამსს მრავალი საყვარელი ჰყავდა, მაგრამ 2006 წელს მან მსახიობი ეიდა ფილდი გაიცნო და არჩევანიც მასზე შეაჩერა.
გასულ კვირას რობიმ და მისმა საცოლემ ნათესავებსა და მეგობრებს ქორწილის თარიღი შეტყობინეს. ჯგუფ Take That-ის წევრები - ჰარი ბარლოუ, მარკ ოუენი, ჯეისონ ორენჯი და ჰოვარდ დონალდი, რომლებსაც რობი უილიამსი 15-წლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა, ქორწილზე დასწრებას ვერ შეძლებენ.
ქორწილის შემდეგ წყვილი ორ კვირას ერთად გაატარებს, შემდეგ კი რობი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება, სადაც მსმენელს ახალ ”სინგლს” წარუდგენს.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის ნოემბერში რობიმ ეიდა ფილს სიდნეის რადიოს პირდაპირ ეთერში ხელი სთხოვა, თუმცა შემდეგ აღიარა, რომ მან უბრალოდ იხუმრა. ამან მისი თაყვანისმცემლების უკმაყოფილება გამოიწვია.
ამის შემდეგ კი წყვილის ნიშნობა ლოს-ანჯელეში გაიმართა. უილიამსმა შეყვარებულს ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა და განუცხადა, რომ მისი ცოლად შერთვა რაც შეიძლება მალე სურდა. 2010 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქორწილი წმინდა ვალენტინის დღეს, 14 თებერვალს სანტა-ბარბარაში გაიმართებოდა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.