ავტორი:

"ქმარი მოთამაშეა... ონლაინ გაკვეთილის დროს, გაღიზიანებულმა მოსწავლეების თვალწინ მაგინა" - ოჯახური ძალადობა იზოლაციის დროს

"ქმარი მოთამაშეა... ონლაინ გაკვეთილის დროს, გაღიზიანებულმა მოსწავლეების თვალწინ მაგინა" - ოჯახური ძალადობა იზოლაციის დროს

ოჯახური ძალადობის პრობლემა საქართველოში კორონავირუსის პანდემიამდეც მწვავედ იდგა. საყოველთაო თვითიზოლაციამ კი ამ მხრივ დამატებითი გამოწვევები გააჩინა.

იზოლაციურმა გარემომ მოძალადეს სასათბურე პირობები შეუქმნა, ხოლო მსხვერპლი კიდევ უფრო დაუცველი გახდა. უცხოური მედია მტკიცებულებეზე დაყრდნობით იუწყება, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში პანდემიის გამო ოჯახური დანაშაულები გახშირდა. საქარველოს შსს-ს სტატისტიკური მონაცემები კი გვეუბნება, რომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

  • რას ამბობს ქართული სტატისტიკა?

2020 წლის იანვარში ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 520-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება შსს-მ. 2020 წლის თებერვალში 490-მდე ფაქტზე, ხოლო მიმდინარე წლის მარტში, როცა მსოფლიოსა და საქართველოში პანდემია მძვინვარებდა, ოჯახური დანაშაულის 470-მდე შემთხვევაზე დაიწყო მოკვლევა სამინისტრომ.

2020 წლის მარტში წინა თვეებისგან განსხვავებით, შემაკავებელი ორდერი უმეტესად გაიცა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე და მცირედით შემცირებულია ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების გაცემის შემთხვევები.

AMBEBI.GE-ის მიერ გამოკითხული რესპოდენტები, ძალადობის საკითხებზე მომუშავე უფლებადამცველები და ფსიქოლოგები ამ სტატისტიკურ მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებენ და მიიჩნევენ, რომ იგი რეალურ სურათს არ ასახავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელძღვანელი ანა აბაშიძე გვიხსნის იმ მიზეზებს, რის გამოც ძალადობის მხვერპლები პოლიციისთვის მიმართვისგან თავს იკავებენ:

- როდესაც ყველგან იმატა ძალადობის ფაქტებმა იზოლაციის პირობებში საქართველო როგორ არის გამონაკლისი? მიმართვიანობის მხრივ, რეალობასაც რომ ასახავდეს, ეს მონაცემები მაინც ვერ გამოდგება სიტუაციის შესაფასებლად, რადგან ამ მოცემულობაში მიმართვიანობის დაბალ მაჩვენებელს თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. რატომ არ არის მიმართვიანობა დანაშაულის ფაქტების პროპორციული?

პირველი: კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ საგანგებო მდგომარეობაში, ძალადობის მსხვერპლები ფიქრობენ, რომ მათთვის ახლა არავის სცალია, რომ სამართალდამცავები ახლა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით არიან დაკავებულები და არ უნდა შეაწუხონ.

მეორე: არასამთავრობო ორგანიზაციები მათ ისევე ეფექტურად ვერ ეხმარებიან, როგორც პანდემიამდე, რადგან ჩვენც ისეთივე შეზრუდვები გვაქვს, რაც მათ. დისტანციურად გვიჭირს მუშაობა.

და მესამე: მსხვერპლი იზოლაციაში არის მოძალადესთან ერთად, ერთ სივრცეში. როგორც წესი, მსხვერპლები პოლიციაში დახმარებისთვის რეკავენ, როდესაც მოძალადე არ არის სახლში, ან თავად გადიან სახლიდან და ნეიტრალური გარემოდან იძახებენ პოლიციას. მათ იციან, რომ მოძალადის თანდასწრებით პოლიციისთვის მიმართვა მათ სიცოცხლეს სერიოზული რისიკის ქვეშ აყენებს" - გვეუბნება უფლებადამცველი.

ანა აბაშიძე ამბობს, რომ მათ ორგანიზაციაში ძალადობის მსხვერპლთა მიმართვიანობამ პანდემიის პირობებში მოიმატა. თუმცა ერთი განსხვავებით - ახლა მსხვერპლები მოძალადეების წინააღმდეგ რადიკალური ზომების გატარებაზე უარს ამბობენ.

"ხშირად გვრეკავენ და გვთხოვენ დახმარებას. კითხულობენ უბრალოდ რა შეიძლება ქნან. მაგრამ შემდეგ უარს ამბობენ იმაზე, რომ შევატყობინოთ პოლიციას. ერთმა მაგალითად მითხრა: არ ვარ დარწმუნებული, რომ პოლიციელი ახლა მოვა, ჩემთვის სცალია? თან სანამ ისინი მოვლენ, მე მასთან ერთად მომიწევს დახურულ სივრცეში ყოფნა..." - განმარტავს რესპონდენტი.

  • მოძალადე პანდემიის დროსაც უნდა დაისაჯოს!

არიან ისეთებიც, რომლებიც თავის დაცვას ბედავენ. AMBEBI.GE-ს რესპოდენტი, რომელიც ანონიმურად გვიყვება თავის ისტორიას, ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია "საფარის" ბენეფიციარია:

- ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი ვარ. მყავს სამი შვილი. მე ონლაინ გაკვეთილებს ვატარებ, ჩემი ორი შვილი კი ონლაინ გაკვეთილებს ესწრება. ამ იზოლაციის გამო, ქმარი სახლიდან ვერ გადიოდა. იგი მოთამაშეა და სულ კომპიუტერთან იჯდა, ონლაინ კაზინოებში თამაშობდა.

ეს ყველაფერი ბავშვებს განათლების მიღებაში უშლიდა ხელს და ამაზე საყვედურს რომ ვეუბნებოდი, აგრესიული ხდებოდა. მე ოჯახში ერთადერთი შემომტანი ვარ და ხელს მიშლიდა მეც ყველანაირად. იცოდა, ესმოდა რომ ონლაინ გაკვეთილს ვატარებდი, მაგრამ ისე იყო გაღიზიანებული იმით, რომ კომპიუტერთან თვითონ ვერ იჯდა, სპეციალურად შემარცხვინა მოსწავლეებთან, თითქმის სრულიად შიშველი გამოვიდა აბაზანიდან და უკან დამიდგა. რომ ვუთხარი რას აკეთებ-მეთქი, გინება დამიწყო....

მერჩივნა მოვმკვდარიყავი, ისე შემრცხვა ონლან გაკვეთილის ჩატარება არ მინდოდა. იძულებული გავხდი, მომემართა "საფარისთვის" და ჩემი მეუღლისთვის მეჩივლა. გამოუწერეს ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი და გაგვარიდეს. ახლა მისი მშობლების სახლში ცხოვრობს. მოვუწოდებ ყველა ქალს, ვინც ძალადობას განიცდის, ნუ შეიკავებთ თავს კორონავირუსის გამო, მოძალადე ყოველთვის, მათ შორის პანდემიის დროსაც უნდა დაისაჯოს!" - უყვება AMBEBI.GE-ს ძალადობის მსხვერპლი ქალი.

ადვოკატი ელისო რუხაძე, რომელიც ჩვენი რესპოდენტის საქმეშია ჩართული, AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მსხვერპლთა მიმართვიანობა „საფარში“ საგრძნობლად გაიზარდა:

- საკმაოდ მძიმე საქმეები შემოვიდა ჩვენთან როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ოჯახის წევრებს შორის. ერთი თვის განმავლობაში ასამდე საქმე დავარეგისტრირეთ, რაც საკამოდ მაღალი მაჩვენებელია ერთი ორგანიზაციისთვის.

ძალადობის ფაქტებმა აშკარად იმატა. რამდენიმე დღის წინ, სამეგრელოში 9 თვის ორსულმა გოგომ თავი ჩამოიხრჩო და დარწმუნებული ვარ, ძალადობის მსხვერპლი იყო, ამან უბიძგა სუიციდისკენ...

უბრალოდ ახლა არ ხმაურდება და ჩვენც ამ კარანტინის გამო ვერ ვერთვებით საქმეში, მაგრამ აუცილებლად მოეფინება ნათელი ამ საქმეს. ძალიან ჰგავს შამგონას ქეისს, რომელშიც პირადად მე ვარ ჩართული ჩვენი ორგანიზაციიდან. ამ ქალს რომ მეტი მხარადაჭერა ჰქონოდა როგორც ოჯახისგან, საზოგადოებისგან, ასევე სახლმწიფოსგან, ასეთ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდებოდა.

ბევრი მიზეზია, რის გამოც ძალადობის მსხვერპლი ქალები თავს იკავებენ პოლიციისთვის მიმართვისგან. ერთ-ერთია ის, რომ თბილისში არსებულ თავშესაფრებში ადგილები არასოდესაა. ხოლო რეგიონებში გადასვლა ბავშვებისთვის, რომლებიც დედაქალაქში სწავლობენ და ცხოვრობენ, დამატებითი სტრესია. ამის გამო ძალიან ბევრი დედა არჩევს მსხვერპლთან დარჩენას, რაც ხშირად ფატალურ შედეგებამდეც მიდის. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ სხვა დროს მსხვერპლები ცდილობდნენ მოძალადისგან გარიდებას - გადიოდნენ ქუჩაში, სამეზობლოში, სანათესაოში. ამ იზოლაციის პირობებში კი ეს შეუძლებებლი გახდა..." - ამბობს ადვოკატი.

  • რატომ არის თვითიზოლაცია რისკ-ფაქტორი ძალადობისთვის?

შევეცადეთ გაგვეანალიზებინა ის მიზეზები, რაც თვითიზოლაციის დროს ოჯახური ძალადობის რისკს ზრდის. აკრძალვებითა და ჩაკეტილობით გამოწვეულ სტრესს თან ერთვის მატერიალური მდგომარეობის გაუარესება. პანდემიის გამო ბევრი ადამიანი უმუშევარი, უფუნქციო გახდა, რაც მათში აგრესიულ განწყობას აღვივებს.

განსაკუთრებით მძიმედ ეს პერიოდი მოზარდებს გადააქვთ. ისინი ერთიანად მოწყდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ყველა აქტივობას და ოთხ კედელს შუა აღმოჩნდნენ გამომწყვდეულები. შესაბამისად, გაჩნდა აგრესიის ზრდისა და დესტრუქციული ქმედებების რისკიც.

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალთა საკონსულტაციო ცენტრ "სახლის" დამფუძნებელი რუსუდან ფხაკაძე ამბობს, რომ მას ხშირად სწორედ მოზარდებისგან ძალადობის მსხვერპლი მშობლები მიმართავენ. მშობლებს არ სურთ საკუთარ შვილებს უჩივლონ და მხოლოდ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას ითხოვენ:

- საერთოდ, ძალადობის ფენომენის მიხედვით, ყოველგვარი დისკომფორტი შეიძლება გახდეს ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზი. მათ შორის სიმჭიდროვე, ოთახების რაოდენობაც კი. თვითიზოლაციიის დროს კი ყველაფერი მთელი სიმძაფრით ვლინდება. ადრე ადამიანები იცვლიდნენ გარემოს დღის მანძილზე. ჩაკეტილობის, იზოლაციის პირობებში ვერავინ დამარწმუნებს, რომ ოჯახში ძალადობა არ არის გაზრდილი.

რა იწვევს ამას? პირველი სტრესი. მეორე, ადამიანები დარჩნენ უმუშვერად, ყველა სახლიდან ვერ მუშაობს. ზოგიერთი, ბირჟაზე დგებოდა და ამით კლავდა დროს. ახლა მსხვერპლები პრობლემების წინაშე პირისპირ აღმოჩნდნენ და ვერსად გაურბიან მათ. გარდა ამისა, მოძალადე ფიქრობს, რომ ახლა საუკეთესო დროა გავლენის მოსაპოვებლად, ოჯახში "ყველაფრის თავის ადგილზე დასაყენებლად". მოძალადის მთავარი მოტივი ხომ ძალაუფლების წყურვილია? ისინი ფიქრობენ, რომ ახლა არავინ დაიჭერს, მათთვის არავის სცალია, რა დროს ძალადობის გაპროტესტებაა, მთავარია მშვიდობა და ჯანმრთელობა იყოსო.

თავის მხრივ მსხვერპლებიც ფიქრობენ, რომ უნდა მოითმინონ, რადგან ახლა სხვა პრიორიტეტები არსებობს ქვეყანაში. ამ დროს კი საქმე შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მივიდეს..." - ამბობს ფსიქოლოგი.

  • როგორ უნდა მოიქცნენ ძალადობის მსხვერპლები თვითიზოლაციის პირობებში?

ფსიქოლოგებს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ერთადერთი რჩევა აქვთ - ყოველთვის ამოიღეთ ხმა და იბრძოლეთ საკუთარი უფლებების დასაცავად!

"მე მათ ვურჩევდი იმას, რასაც ყოველთვის ვურჩევდი - არავის ტყავში არ შევიდნენ, არ გაითვალისწინონ სხვადასხვა გარემოებები, რომ ახლა კორონავირუსია და რატომ უნდა შევაწუხო პატრული. არანაირად! ყველა უნდა შეაწუხოთ და მოძალადემ უნდა იცოდეს, რომ მისი ქმედება დაუსჯელი არ დარჩება. სხვა შემთხვევაში ის ასეთ გარემოს ეჩვევა და შემდეგ ჯერზე სულ უფრო და უფრო სასტიკი გახდება" - გვეუბნება რუსუდან ფხაკაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" ფსიქოლოგი ელენე სამუშია AMBEBI.GE-სთან საუბარში თვითიზოლაციის პირობებში ქალების შეცვლილ ქცევაზე ამახვილებს ყურადღებას:

"ბევრ ბენეფიციართან მიწევს მუშობა დღის განმავლობაში და ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ თუ მოძალადეს ასე ვთქვათ, სხვანაირად მიუდგებიან, თუ მოუთმენენ, მაშინ მათზე არ იძალადებენ. ესეც ცნობიერების პრობლემაა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მოძალადეს არ სჭირდება მიზეზები ძალადობისთვის! მათ შეიძლება არ მოეწონოთ სადილი, ან როგორ გამოვიყურებით, ან საერთოდ ჩვენი სუნთქვა და ეს საკმარისია იმისთვის, რომ იძალადონ. ამიტომ ვურჩევდი იმ ქალებს, რომლებიც იმყოფებიან ძალადობრივი მდგომარეობის დამძიმების საშიშროების წინაშე, შეიმუშაონ გარკვეული სცენარი, თუ როგორ მოიქცევიან კრიტიკულ სიტუაციაში, თუნდაც შეამზადონ ბავშვები, რომ შესაძლოა სახლის დატოვება მოუწიოთ.

როგორც კი ატყობთ, რომ ძალადობის მაჩვენებელი იზრდება, დაიჭირეთ თადარიგი და მაქსიმალურად დაიცავით თავი ძალადობისგან" - ამბობს სამუშია.

  • რა აკეთებს სახელმწიფო?

სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე AMBEBI.GE-ს იმ მექანიზმებზე უყვება, რაც სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს. იგი საერთაშორისო გამოცდილებებზე ამახვილებს ყურადღებას და პარალელებს დასავლურ რეალობასთან ავლებს.

- მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დგას ეს პრობლემა. არაერთმა სახელმწიფომ ახალი კომუნიკაციის სისტემები შეიმუშავა და პანდემიურ გარემოს მოარგო. კარგი იქნებოდა, ჩვენც აგვეწყო ფეხი ამ სიახლეებისთვის.

ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს - არსებობს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე კომისია. ყველაზე კარგი რაც გაკეთდა ისაა, რომ მთავრობამ დაუგზავნა საინფორმაციო სმს შეტყობინებები მოსახლეობას და მოუწოდა, რომ ძალადობის შემთხვევაში მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს და რომ მათ ახლაც ისევე დაიცავენ, როგორც ადრე.

ამავე შეტყობინებეში არის წარმოდგენილი ინფორმაცია ონლაინ მობილურ აპლიკაციაზე. შეტყობინების ეს სისტემა ადრეც მოქმედებდა, თუმცა ბევრ ადამიანს არ ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ. ახლა კიდევ უფრო ეფექტური და მოსახერხებელი გახდა დანაშაულის შეტყობინების "ჩუმი მექანიზმი".

კარგი იქნბოდა, თუ მაგალითად, სავაჭრო ობიექტებშიც დაინერგებოდა შეტყობინების სისტემები. ვიცით, რომ სხვა ქვეყნებში არსებობს ასეთი ანალოგები, როდესაც კლიენტები კოდური სიტყვებით აგებინებენ გამყიდველებს, რომ დახმარება სჭირდებათ.

საჭიროა მკაფიო მესიჯების გაკეთება სახელმწიფოს მხრიდან. მეორეს მხრივ, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს მსხვერპლების ეკონომიკურ მხარდაჭერაზე. არ უნდა გაჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი, გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან მკაფიო მესიჯები, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება პანდემიის პირობებშიც კი. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოების მხარდაჭერაც - მეზობლები, ახლობლები ყველა უნდა დაუდგეს გვერდით მსხვერპლს და თუ საჭიროა მათ გააკეთონ შეტყობინენები პოლიციაში" - ამბობს ომბუდსმენის მოადგილე.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ყველა შესაბამისი უწყება აკონტოლებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მხრივ არსებულ ვითარებას. მუშაობას განაგრძობენ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები. დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროს უფასო იურიდიული და ფსიქო-სოციალური სერვისები.

შსს ოჯახში ძალადობის ყველა მსხვერპლს მოუწოდებს, დარეკონ გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე - 112;

ან გამოიყენონ 112-თან დასაკავშირებელი მობილური აპლიკაცია (112 Georgia), რომლის ინსტრუქცია მოცემულია ამ ბმულზე.

"ეს პატარა ბიჭუნა ჩვენგან დიდ სითბოს და მხარდაჭერას იმსახურებს" - 1 წლის და 6 თვის ლუკა ცუცქირიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ კომისიაში ჩემი მეუღლის ყოფნა არ სურდათ, რადგან ის ერთ გოჯ მიწასაც არ თმობდა" - მელაშვილის მეუღლე

ახალგაზრდა მომღერალთა გუნდ "თუთარჩელას" 26 წევრი კორონავირუსი არის ინფიცირებული