ვინ ცდილობს ქართული კულტურის ძეგლების წარმომავლობის გაყალბებას?

ვინ ცდილობს ქართული კულტურის ძეგლების წარმომავლობის გაყალბებას?

"ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ან ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და ჩალასავით ქარს გაატანონ. თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ...

...სიტყვით და კალმით ქვეყანას ეფიცებიან, ვითომც კავკასიის ქედს აქეთ ტიგრისა და ევფრატის სათავეებამდე, თითქმის შავის ზღვიდამ კასპიის ზღვამდე, ეგრეთწოდებული არმენია (ვითომც სომხეთი) ყოფილა ათადამ-ბაბადამ დღევანდლამდე, და თუ სადმე ვიღაც "ვრაცები" ყრილან - ერთი ათიოდე ბოსლის ადგილი თუ სჭერიათ და ისიც თითქმის სომეხთა მოწყალებით...

...გვართმევენ ყოველს ეროვნულს ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას, და რომ სულ მთლად ბოლო მოგვიღონ ქვეყნის წინაშე, გვიბათილებენ მთელს ჩვენს ისტორიასაც, ჩვენს ისტორიულს მატიანეებს, ისტორიულს ნაშთსა და სახსოვარსა, მთელს ჩვენს სისხლით-მოსილს ღვაწლს ქრისტიანობისათვის შეწირულსა, და ყოველს ამას თითონ იჩემებენ დიდის გაძვრენ-გამოძვრენითა...

...დროა, ნიღაბი ავხადოთ იმ ერთს გუნდს სომხებისას, რომელთა მეცნიერნი ასეთს ყოფას გვაწევენ ქართველებს. დროა გავითვალისწინოთ იგინი ისე, როგორნიც ნამდვილ არიან უნიღაბოდ" - ეს არის რამდენიმე ამონარიდი ილია ჭავჭავაძის ცნობილი წერილიდან "ქვათა ღაღადი", რომელიც მან 1899 წელს გამოაქვეყნა. ქართველები დღესაც იმ პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომლებზეც საუკუნეზე მეტი ხნის წინ წერდა დიდი ილია...

ქართველებზე ტოლერანტული ერი ძნელად თუ მოიძებნება. ჩვენ ყოველთვის ფართოდ გვაქვს კარი ღია ნებისმიერი ეთნიკური წარმომავლობისთვის, მაგრამ იმას, რასაც ჩვენი მეზობელი სომხები წლების განმავლობაში აკეთებენ ქართული კულტურული თუ ნაციონალური მემკვიდრეობის მხრივ, პასუხი უნდა გაეცეს.

ბუნებრივია, ყველა სომეხს არ ვგულისხმობთ, მაგრამ რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამ ყველაფრის უკან კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული ჯგუფი დგას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რამ მხოლოდ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ არ ხდება. მაგალითად, სომეხთა გარკვეული ჯგუფი ამტკიცებს, რომ დიდი იტალიელი მხატვარი ლეონარდო და ვინჩი სომეხი იყო.

რომ სომხეთშია მსოფლიოში უძველესი ობსერვატორია, რომელიც 7.5 ათასი წლისაა, რომ ბასკები სომხური წარმომავლობისანი არიან და ა.შ.. და ვინჩის ამბავს იტალიელები მოაგვარებენ, ობსერვატორიის სიძველის პირველობას პერუელები არ დათმობენ. აი, ჩვენ კი, რაც კულტურული მემკვიდრეობიდან  დაგვრჩა, იქნებ სუფთად, ტალახში გაუსვრელად შევინარჩუნოთ...

ინტერნეტსაიტ www.amazon.de-ზე  განთავსებულია სვეტიცხოვლის ფოტო, რომელსაც უზარმაზარი ასოებით აწერია - ARMENIA და სომხური მუსიკის დისკს უკეთებს რეკლამას. საყურადღებოა, რომ ეს ფოტო ორ წელიწადზე მეტია ამ ინტერნეტგვერდზე "დევს". იმავე ინტერნეტმისამართზე ქართველი მოქალაქეების დასაბუთებული პროტესტის მიუხედავად, რომ სვეტიცხოველი უძველეს ქართულ ქალაქ მცხეთაში მდებარეობს და კავშირი არა აქვს სომხებთან, არავის გაუუქმებია. არადა, უკვე რამდენ ევროპელს ჰგონია სვეტიცხოველი სომხური ტაძარი, ვარაუდი თქვენთვის მომინდვია.

აქვე კიდევ ერთი უტიფრობის მაგალითს გთავაზობთ: ეს ბილბორდი, რომელიც ქალაქ მარსელში იყო განთავსებული, 2007 წლის მარტში გამართულ სომხური კინოს ფესტივალს ეძღვნებოდა. მას, როგორც ხედავთ, საქართველოს დამსახურებული არტისტის, უმშვენიერესი სოფიკო ჭიაურელის სურათი ამშვენებს, მაგრამ აღნიშნული არსად არის, რომ ეს ქართველი მსახიობია. თანამედროვე სომხებმა, როგორც ჩანს, რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის მუზა ისე გაითავისეს, რომ ქართველობისთვის ვეღარ გაიმეტეს.

www.forum.hayastan.com  - ამ ინტერნეტმისამართზე კი ნახავთ ბრალდებას, ქართველები ურცხვად ცდილობენ, აღმოსავლეთ თურქეთში არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრების ქართულად გასაღებასო. ლაპარაკია შატბერდის, იშხანისა და ოშკის, როგორც მას სომხები უწოდებენ "ოშკვანკის" მონასტრებზე. ამას განსაკუთრებული მონდომებით ამტკიცებს სომეხთა გენოციდის ერევნის მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი აიკ დემოიანი...

თუმცა ვის ვედავებით ჩვენი ნაციონალური და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემას, როდესაც მათ თვითონვე არ ვუფრთხილდებით? "ყველა სიახლის" 25-ე ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ რეჟისორ ირინა გაჩეჩილაძესთან, რომელმაც ერევანში, ქართული კულტურის დღეებზე, დადგა სპექტაკლი "დონ ჟუანი", სადაც მაყურებელს კომანდორის როლში "ქართვლის დედა" წარუდგინა. სპექტაკლის ბოლოს რაკეტადქცეული ქართული ეროვნულობის სიმბოლო კოსმოსში, გადატანითი მნიშვნელობით კი - ჯოჯოხეთში გაფრინდა. ხელოვანს სრული შემოქმედებითი თავისუფლება უნდა ჰქონდეს, თუმცა რას იძლევა ასეთი ექსპერიმენტი, გაუგებარია.

ამ ყველაფრის ფონზე, ამბავი, თუ როგორ ამაყობდა ერთი სომეხი გერმანულ აეროპორტში არაჩვეულებრივი "სომხური" "ხორუმითა" და "ჩაკრულოთი", დედის ნანასავით ჩაგვესმის.

ბონდო არველაძე, არმენოლოგი: - სამწუხაროდ, სომხეთში არის მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ისტორიის გაყალბებაზე, ისინი ქართული ხუროთმოძღვრული და ლიტერატურული ძეგლებისა და ქართული ტერიტორიების სომხურად გასაღებას ცდილობენ.. ერთ-ერთი მათგანია სამველ კარაპეტიანი - კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მან სომხურ და უცხოურ ენებზე გამოსცა წიგნი, სადაც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული ტაძრების დიდი ნაწილი მოხსენიებულია როგორც სომხური.

ლაპარაკია 653 ეკლესია-მონასტერზე. სწორედ ამის პასუხია ჩემს მიერ გამოცემული წიგნი - "სომხური" თუ ქართული ეკლესიები საქართველოში?!" სადაც დასაბუთებული მაქვს, რომ ამ ტაძრების 90 პროცენტი ქართულია, დანარჩენის სომხურობაშიც ეჭვია შესატანი. ჩვენ არ უარვყოფთ სომხური ეკლესიების არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ეს ეკლესიები ამ რაოდენობის არ არის. წიგნში სწორედ ეს მაქვს დოკუმენტურად დასაბუთებული.

ჩემი პროტესტის მიუხედავად, სომხებმა გამოუშვეს 500-გვერდიანი წიგნი "ჯავახქ", რომელშიც ჯავახეთის ტერიტორიებისა და მასზე განლაგებული ქართული ტაძრების სომხურობას იჩემებენ.

ამ მეცნიერთა ჯგუფის უტიფრობას საზღვარი რომ არ აქვს, გასული საუკუნის 1980-იან წლებში ტიგრან მარუთიანის მიერ გამოცემული წიგნი "სიღრმეთა სომხეთიც" ნათელყოფს. მოგეხსენებათ, სიღრმეთა სომხეთს ისინი ტაო-კლარჯეთს უწოდებენ და წიგნში მთელი რიგი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებისა, როგორებიცაა ბანა, ხახული, ოშკი, პარხალი, შატბერდი, ოთხთავი და სხვა მრავალი, სომხური არქიტექტურის განვითარების ერთ-ერთ ეტაპადაა განხილული.

რაღა შორს წავიდეთ, გასულ წელს მოსკოვში გამოვიდა მართლმადიდებლური ენციკლოპედია, რომლის მეორე ტომშიც მთელი ტაო-კლარჯეთის ტერიტორია და მასზე არსებული ძეგლები სომხურადაა მოხსენიებული.

ახლახან კი პარუირ მურადიანმა გამოუშვა საკმაოდ სქელტანიანი წიგნი "ძველი თბილისის სომხური ეკლესიები", რომელშიც ავტორი თბილისის არაერთ ეკლესიაზე გამოთქვამს პრეტენზიას.

როგორც ახლახან შევიტყვე, სომხები 653-დან 5 ეკლესიამდე ჩამოვიდნენ და სომხური ეპარქიისათვის მის გადაცემას მოითხოვენ, ერთ-ერთი ასეთია ეკლესია ლესელიძის ქუჩაზე. 22 ოქტომბერს სწორედ ამ საკითხზე ჩამოდის თბილისში სომხეთის კათალიკოსი გარეგინ II. ალბათ ამ ვიზიტის დროს დააყენებს სომეხთა კათალიკოსი სომხური ეპარქიისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხსაც."

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველ ვან ბაიბურთს ამ საკითხზე ასეთი თვალსაზრისი აქვს: - "ეს სომხეთისა და საქართველოს მტრების ნახელავია. ამ ყველაფერს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გეგმავს და აფინანსებს და სამარცხვინოა ის, რომ რამდენიმე სომეხი არაპროფესიონალი სწავლული, მათ შორის სამველ კარაპეტიანი, გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, მსგავს საქციელს სჩადის.

ნუ ავყვებით პროვოკაციებს, ნუ გავუკეთებთ აფიშირებას და ტირაჟირებას ასეთ საკითხებს. ნუ დავუშვებთ იმავე შეცდომას, რაც აფხაზეთთან დაკავშირებით მოხდა. როცა სამეცნიერო, აკადემიური აუდიტორიების მაგივრად, პრესის ფურცლებზე დაიწყო დისკუსია სპეციფიკურ ისტორიულ საკითხებზე აფხაზ და ქართველ მოსახლეობაში, რამაც გარკვეული აზრის შექმნას შეუწყო ხელი და რამაც შემდგომ სავალალო შედეგი გამოიწვია".

სრულიად გასაგებია ბატონი ვანის გულისტკივილი, ეს არც ჩვენთვის არის უცხო, მაგრამ სულ უფრო ხშირად რომ ვაწყდებით ჩვენი ისტორიის დამახინჯების ფაქტებს? თანაც გვედავებიან, თუ ეს ყველაფერი მართალი არ არის, ხმას რატომ არავინ იღებსო?

სოფიო ხუნწარია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის პრესსამსახურის უფროსი: - "ინტერნეტსივრცეში მსგავსი სტატიები პერმანენტულად გვხვდება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მასალა გამოქვეყნებულია ცნობილ ვებგვერდებზე, ავტორები ინკოგნიტოდ რჩებიან. არის მეორე ვარიანტიც, ავტორი ცნობილია, მაგრამ ის არ არის ოფიციალური პირი.

შესაბამისად, რომელიმე ქვეყნის მოქალაქის სახელზე საპროტესტო ნოტის გაგზავნა აზრს მოკლებულია (ქალბატონ სოფიოს მხედველობაში, ალბათ, ამერიკაში მოღვაწე სომეხი მეცნიერი რონალდ გრიგორ სონი ჰყავდა, რომელიც საქართველოზე წიგნს წიგნზე გამოსცემს, აწყობს სიმპოზიუმებსა და შეხვედრებს საქართველოს შესახებ ქართველ მეცნიერთა გარეშე - ნ.მ.).

რაც შეეხება საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ყველა სახელმწიფო აღიარებს და ოფიციალურ დონეზე რაიმე კანონდარღვევას ამ მიმართულებით ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ვფიქრობთ, მსგავს მასალებს აქვეყნებენ ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭებით."

P.S. რამდენიმე დღის წინ ჩემი ორი სომეხი მეზობლის დიალოგს შევესწარი: ნახე, როგორ გალანძღა მიშამ სომხურად ქართველები?! მეორემ წარბები მრავალმნიშვნელოვნად აქაჩა და სომხურად უპასუხა - მაშ, მაშ, მიშან ღაიმა! მიშან მერნა (მიშა მაგარია! მიშა ჩვენია!)! მგონი, სომხები პრეზიდენტსაც გვეცილებიან...

სხვათა შორის

მწერალმა ბასა ჯანიკაშვილმა შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგში ყოფნისას, ერთ-ერთ სამუსიკო მაღაზიაში შეამჩნია, რომ ქართული მუსიკის დისკები რუსულ განყოფილებაში იყო განთავსებული. ბასამ შეძლო და შეაგნებინა შოტლანდიელს ქართული მუსიკის ღირებულება, სიძველე, მნიშვნელობა და მოახერხა, რომ ქართული მუსიკის განყოფილება ცალკე გაეკეთებინა გამყიდველს.

ნინო მამუკაძე 

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება