ავტორი:

"73 წლის მამა მარტო ცხოვრობს, სჭირდება საკვები და შვილები ვერ მივდივართ" - რა პრობლემები შეუქმნა ხალხს საგანგებო მდგომარეობამ

"73 წლის მამა მარტო ცხოვრობს, სჭირდება საკვები და შვილები ვერ მივდივართ" - რა პრობლემები შეუქმნა ხალხს საგანგებო მდგომარეობამ

საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივებამ საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ მკაცრი შეზღუდვების გასაპროტესტებლად მარნეულში ხალხი ქუჩაშიც გამოვიდა, დღეს იპოდრომზე საპროტესტო აქცია გამართეს "გირჩის“ წევრებმაც და საგანგებო მდგომარეობის მოხსნა მოითხოვეს.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, რა პრობლემები შეუქმნა დაწესებულმა შეზღუდვებმა საზოგადოებას. უკმაყოფილო მომხმარებლების კომენტარების პოვნა სოციალურ ქსელში არ გაგიჭირდებათ. განსაკუთრებული უკმაყოფილება ონლაინ-ვაჭრობის შეზღუდვას უკავშირდება, რის გამოც ადამიანები ელემენტარული საჭიროების საყოფაცხოვრებო ნივთებისა თუ სხვა პროდუქციის შეძენას ვერ ახერხებენ.

"სიღნაღში არ შემოდის პროდუქცია და რა ვიყიდოთ?! გუშინ მინდოდა მეყიდა ხილი და ბოსტნეული, არ არის. დისტრიბუცია არ დადისო. აფთიაქშიც ბევრი საჭირო წამალი არ არის, ხალხს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ეშლება ხელი. კონკრეტულად ჩემი ქალაქი დამოკიდებულია ტურიზმზე, მევენახეობაზე და თუ ასე გაგრძელდება, რა გავაკეთო? როგორ ვიარსებო?"

"ტექნიკის გამოწერაზე რომ განაცხადა ბატონმა პრემიერმა, პლეიერის გარეშე ორი კვირა გაძლოს ხალხმაო, რანაირად, როცა სახლში ერთი კომპიუტერია, ზრდასრულებმა იმუშაონ თუ სტუდენტებმა ისწავლონ? არ მაქვს იმხელა სახლი, რომ შვილი ცალკე ოთახში გავუშვა ონლაინ გაკვეთილის გამო, "ნაუშნიკი" გაგვიფუჭდა და ვერ ვყიდულობთ. ეს მნიშვნელოვანი არ არის?"

"მამას, რომელიც არის 73 წლის და მარტო ცხოვრობს, სჭირდება წამალი და საკვები. ასაკის გამო გარეთ გასვლა აქვს აკრძალული, ცხოვრობს სოფელში, მართალია ქალაქთან ახლოს, მაგრამ რუსთავი ჩაკეტილია. ვერ ვახერხებთ შვილები მისვლას, რომ ელემენტარული საჭირო ნივთები მივაწოდოთ"

"ჩემი და ექვსი თვის ორსულია. უწევს ექიმთან მისვლა და ანალიზები. ვერ მიდის! ვარკეთილიდან ნახალოვკაში ვერ ჩავა ფეხით! 144-ზე რეკავს და რამდენიმე დღეა არ პასუხობენ. მე ოთხჯერ ვარ ნაოპერაციები და უდიდესი გზის გავლა მიწევს ფეხით პარკებმოკიდებულს მაღაზიიდან, საკვები პროდუქტები რომ მოვიტანო!"

"ახლობელს ტელევიზორი გაუფუჭდა, ინტერნეტი არ აქვს. გავუტანე ტელევიზორი, მაგრამ სილქნეტი ვერ მიდის, რომ ჩაურთოს, ერთ კვირაზე მეტია ზის სახლში სრულიად მარტო სამყაროს მოწყვეტილი"

"მე ბორჯომში ვცხოვრობ და ბავშვის ყველა ნივთისთვის, პამპერსია ეს თუ საკვები, ფეხით მიწევს 7 კილომეტრის გავლა. ბავშვის ის საკვები პროდუქტები, რაც გვჭირდება, აქ აღარ აქვთ და ვერც იწერენ თბილისის აფთიაქიდან, იმიტომ რომ გამოწერაც აკრძალეს" - წერენ "ფეისბუქზე" სასოწარკვეთილი მომხმარებლები.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებისა და დაწესებული აკრძალვების შენარჩუნების მთავარ მიზნად ხელისუფლება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას ასახელებს, თუმცა ოპონენტები და ექსპერტები მთავრობის გადაწყვეტილებებს დაგვიანებულს და არამიზნობრივს უწოდებენ.

24 აპრილს მთავრობამ პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დაძლევის სტრატეგია უნდა წარმოადგინოს. ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი დაგვიანებულია. მისი შეფასებით, მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა ქვეყანა ღრმა კრიზისში შეიყვანა.

"ჩვენმა ხელისუფლებამ თავიდანვე არასწორი ორიენტირი დაიჭირა. არ გააკეთა მთავარი რამ - არ შეიძინა ტესტები, რაც სრულიად შესაძლებელი იყო. არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, გამოეკვლიათ დაავადებულები და დანარჩენებისთვის მიეცათ მოქმედების საშუალება. უცხოელი დონორების დახმარება მთლიანად უნდა მიმართულიყო მოსახლეობის ტესტირებაზე.

არ იყო საჭირო მთელი ეკონომიკის გადაკეტვა და პარალიზება. საგანგებო მდგომარეობამ ყველა დარგი დააზიანა. განსაკუთრებით კი წვრილი და საშუალო ბიზნესი, უკვე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ყველაზე მეტად ზარალობს სოფლის მეურნეობა, რადგან არ არის პროდუქციის არც მოყვანის და არც გასაღების შესაძლებლობა. ამ პროდუქციით მიღებული შემოსავლით კი ხალხი წლიდან წლამდე ირჩენს თავს.

ინდივიდუალური მეწარმეები გაკოტრების ზღვარზე არიან. ჩვენი ინფორმაციით, მთავრობის გეგმაში საუბარი არ არის მოსახლეობის ფინანსურ მხარდაჭერაზე. ეტყობა მთავრობას იმედი აქვს, რომ ბიზნესი ამუშავდება და მოსახლეობა ამით მიიღებს გარკვეულ შემოსავალს. მაგრამ ეს იმედები ეფემერულია, რადგან ნულიდან ბიზნესის ამოქოქვა შეუძლებელია, თუ არ იქნება შესაბამისი მხარდაჭერა.

თუ მოსახლეობას არ ექნა ფინანსური სახსრები, რომ ისინი დახარჯოს, რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ, ეკონომიკურ კრიზისს ვერ გადალახავს

გაიხედ-გამოიხედოს ხელისუფლებამ, რას აკეთებენ სხვა ქვეყნები. მაგალითად, თურქეთმა შეამცირა დღგ 1%-მდე და ეს პროდუქციის ღირებულებას შეამცირებს. ფასების შემცირების გარეშე ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა. მე თქვენ შეგახსენებთ 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი ამცირებდა ფასს ყოველწლიურად, რათა გაღატაკებულ მოსახლეობას ჰქონოდა საშუალება პროდუქცია შეეძინა.

ამის გაკეთება აუცილებელია, სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენ უკვე ვართ უღრმეს ეკონომიკურ კრიზისში, საიდანაც გამოსვლას დასჭირდება არაერთი წელი" - გვეუბნება ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა.

"სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი აკრძალვების გახანგრძლივების უკან კორუფციულ მიზნებსაც ხედავს:

"რამდენიმე შეზღუდვა უბრალოდ გაუგებარია. მაგალითად, ამიხსნას ვინმემ ავტომობილებით გადაადგილება 27 აპრილამდე რატომ არის აკრძალული? ხომ უნდა ჰქონდეს ლოგიკური გამართლება ყველაფერს? ან ეს კომენდანტის საათი რას ემსახურება? რა ხდება ღამე ისეთი, რისი აღკვეთაც უნდათ?

არაფერს ვამბობ იმ პარადოქსულ შეზღუდვებზე ერთი ოჯახის წევრებს რომ ერთ მანქანაში ჯდომის გამო აჯარიმებენ. ან სამი ადამიანის თავშეყრა რომ აკრძალეს, მაშინ როდესაც ოჯახებში სამი და მეტი ადამიანი არის ერთ ჭერქვეშ შეკრებილი. კი ბატონო, ვემორჩილებით, მაგრამ რას ემსახურება?

გლეხებისგან იბარებენ ძალიან იაფად პროდუქტებს, თანაც შეუშვეს ერთი მონოპოლისტი კომპანია "ჯიბე", ეს კიდევ ცალკე საკითხია, თუ ყველაფერი კანონიერადაა, ერთი კომპანია რატომ შეუშვეს? მთავრობა გლეხებს ეუბნება, იაფად უნდა გაყიდოთ პროდუქცია, კორონააო. სუპერმარკეტებში რომ შევდივართ და ვკითხულობთ, რატომ არის გაძვირებული პროდუქცია, გვეუბნებიან კორონააო. ფაქტია, ვიღაც სიტუაციით სარგებლობს და დიდ ფულს აკეთებს" - ამბობს ელისაშვილი.

მისი თქმით, განსაკუთრებულ აღშფოთებას ორმაგი სტანდარტი იწვევს, რაც დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში გამოიკვეთა.

"თუ აკრძალვაა, ყველასთვის აკრძალვა უნდა იყოს. ეს შავი ჯიპები რატომ დაჰქრიან აქეთ-იქეთ, რაიმე ვაქცინა აქვთ გაკეთებული კორონაზე? ახლა რასაც ვუყურებ, ეს არის უბრალო ხალხის წვალება. ხალხის წვალების გარდა, რა არგუმენტია ამის უკან, ვერ ვხდები. რატომ არიან ეკლესიები პრივილეგირებულ მდგომარეობაში, თუ აკრძალვაა საყოველთაო არ უნდა იყოს? საშვებია გაცემული მგალობლებზე, სტიქაროსნებზე. წავიდა საშვებით ვაჭრობა და ჩაწყობა.

გამომიგზავნეს ფოტოები, როგორ ტაქსაობენ ადამიანები მთავრობის მიერ გაცემული საშვებით. დაიდო კადრები, როგორ სხდებიან ავტომობილებში წინა სავარძლებზე ქეთევან ციხელაშვილი და ეკატერინე ტიკარაძე, მაშინ როდესაც ამის გამო ადამიანებს 3000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს. მაინტერესებს, ისინი დააჯარიმეს?

ჩვენ სრულ იზოლაციაში მოგვაქციეს და თვითონ რასაც უნდა აკეთებენ. საინტერესოა, უმაღლესი დონის ჩინოვნიკები, რომლებიც ტელევიზიით გვიდგენენ რეგულაციებს, ფეხით გადაადგილდებიან სურსათის მოსატანად ან ფეხით მიდიან სამსახურში?" - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

"გირჩის" წევრი, იურისტი ლევან ჯგერენაია AMBEBI.GE-ს ეუბნება, რომ ზოგიერთ შეზღუდვას არაფერი აქვს საერთო ვირუსის პრევენციასთან და სინამდვილეში ის სპექტაკლია, რაც საარჩევნოდ მოაწყო ხელისუფლებამ:

"მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის არსისა და შინაარსისა, შეზღუდვები არ შეიძლება იყოს ყოვლისმომცველი და მათ რაციონალური ახსნა უნდა ჰქონდეს. შეზღუდვებისთვის საჭიროა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი. ხელისუფლების მიერ გამოყენებული ზომები არაგონივრულია და მოკლებულია საღ აზრს. მაგალითად, ოჯახის წევრებს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ერთ ჭერქვეშ, ერთად სადილობენ, ვუკრძალავთ საჯარო სივრცეში ერთად შეკრებას და გადაადგილებასაც კი. ეს აბსურდია!" - ამბობს იურისტი.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მოსარჩელე, ვისი სახელითაც "გირჩს" სარჩელი შეაქვს, სწორედ იმის გამო დააჯარიმეს, რომ მანქანაში შვილი გვერდით ეჯდა. მძღოლი 3000 ლარით დააჯარიმეს მიუხედავად იმისა, რომ გვერდით მჯდომი შვილი მასთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობს.

"მონაცემები არის სწორი... ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე" - რა განმარტებას აკეთებს მარინა ეზუგბაია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა

რას ყვება ექიმი, რომელიც Covid-19-ით ინფიცირებულებს ოზონოთერაპიით მკურნალობს? - "ვირუსის სიმპტომი მოეხსნათ, ყველა მაჩვენებელი ნორმას დაუბრუნდა"