დიდ ეკრანებზე ახალი საოჯახო კომედია გამოვიდა: "კატები ძაღლების წინააღმდეგ: კიტი გალორის შურისძიება", რომელშც ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ბეტ მიდლერი კიტი გალორს ახმოვანებს - მელოტ კატას, რომელიც მსოფლიოზე ძალაუფლების მოპოვების იდეით არის შეპყრობილი.
"ახლა ურცხვების დროა"
- ადრე არასდროს მინახავს ისეთი კატები, როგორიც თქვენი გალორია. თვითონ თუ მოგწონთ ის?
- ის რაღაც საოცრებაა. იცით რას ჰგავს, სახლში რომ გველი გყავდეთ. კიდევ, ძალიან მშიშარაა... მგონია, რომ ასეთ არსებასთან ცხოვრება, რეალობაში, ძალიან საინტერესო იქნებოდა.
- კიტი გალორი მსოფლიოს დაპყრობაზე ოცნებობდა, სინამდვილეში კი თქვენ დაიპყარით ის, როგორც მსახიობმა. ეს შემთხვევით მოხდა თუ თქვენც ოცნებობდით ამაზე?
- ვფიქრობ, ბევრი მსახიობი ოცნებობს ამაზე თავისი კარიერის დასაწყისში - ყველა როლს გაუმკლავდეს და მართლაც დაიპყროს მსოფლიო, როგორც თქვენ თქვით. ყოველ შემთხვევაში, მე ვოცნებობდი.
- როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, ასეთი ცნობილი რომ გახდით, ეს თქვენი დიდი ნიჭის დამსახურებაა. მე ვგულისხმობ თქვენს ხმასა და სამსახიობო შესაძლებლობებს. მსახიობების ახალი თაობის შესახებ რას ფიქრობთ, რომლებსაც "რეალითი-ვარსკვლავებს" უწოდებენ ხოლმე, რადგან მათი წარმატება რეალითი-შოუების წარმატებაზეა დამოკიდებული?
- მე არ ვიცი, ეს როგორ შევაფასო. მგონია, რომ ეს ჰგავს იმას, ძალიან ცუდ მეზობლებთან ერთად რომ ცხოვრობ და თან ცდილობ, არ გააბრაზო ისინი. გესმით, რას ვგულისხმობ? ადრე არსებობდა ცუდი კვარტალიდან გაღწევისკენ სწრაფვა, ახლა კი თითქოს გაჭედილი ხარ იქ, რადგან ეს კვარტალი გამუდმებით შენ თვალწინაა, რაკი ტელევიზიით უჩვენებენ. ხვდები სიტუაციაში, როდესაც ძალიან კარგად იცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში არასდროს გაეცნობოდი, მათი გაცნობისა და მით უმეტეს, მათთან დაახლოების სურვილიც არ გაგიჩნდებოდა არასოდეს.
გარკვეულწილად ისინი ძალიან თავშესაქცევნი არიან და მათში არის რაღაც საინტერესო, მაგრამ რეალური შოუები, რომლებსაც მე ვუყურებ, ჩახვეული ფირფიტასავითაა: იქ სულ ერთი და იგივეა. ხომ გესმით, "შე კახპა, ან ეს კახპა" ან კიდევ "მას მე ვუყვარდი, შენ კი ის მომპარე". როგორც ჩემ დროს უფროს კლასებში ხდებოდა, ახლა კი ალბათ უფრო უმცროს კლასებშია. ეს საკმაოდ მოსაწყენია. და ცუდია, რომ ამას ეჩვევი.
თითოეული ახალი შოუ წინამორბედს ჰგავს და მსახიობებიც, რომლებსაც არანაირი ნიჭი არ აქვთ, ფიქრობენ, რომ ძალიან ნიჭიერები არიან. ამას უყურებ და საკუთარ თავს ეუბნები: "მას ხომ არანაირი ნიჭი არ აქვს, რეებს ბოდავს ეს კაცი?" მერე კი ხვდები, რომ ბევრი ადამიანი ბოდავს გარშემო და ეს ამაზრზენი ხდება, მაგრამ ამას თანდათან გაჩვევენ, უგემოვნებას და უნიჭობას გაჩვევენ, რაც, ჩემი თვალთახედვით, ძალიან ცუდია.
- და მათ ყველას ვხედავთ ჟურნალების გარეკანებზე - საოცარია, არა?
- ახლა ნიჭიერთათვის არც ისე სასურველი დროა. ახლა ურცხვების დროა. ხანდახან ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს სირცხვილი და სინდის-ნამუსი სადღაც დაიკარგა, უკვალოდ გაქრა.
- უსაქმოდ არ ხართ, ბევრი მსახიობი კი 40 წლის ზემოთ უკვე ჩივის, რომ მათ სამუშაო არ აქვთ. ბევრი იმაზეც ბუზღუნებს, რომ ყველა ასაკოვანი ქალის როლს უცილობლად მერილ სტრიპი იღებს. თქვენ მათ ეთანხმებით?
- სწორედ ასეა, ყველაფერი მერილს ხვდება.
- ანუ ჩუმად ყველას გძულთ მერილი?
- არა, ჩვენ არ გვძულს მერილი, უბრალოდ, გვინდა, რომ ცოტა უფრო ხშირად თქვას უარი როლებზე. მაგრამ ის მაყურებელს იზიდავს, ის შემოწმებული "საქონელია". ხელმძღვანელობაში მსხდომ ბიჭებს კი ფსონის დადება მხოლოდ იმ ადამიანზე შეუძლიათ, რომელიც კინოდარბაზში ადგილების შევსების გარანტია იქნება. ეს ძალიან დიდი რისკია მილიონობით დოლარისთვის გაჩაღებულ დიდ ბრძოლაში, რომელიც ფილმის წარმოებაში ჩაშვებამდე იწყება.
ცოტა რამ ბეტის შესახებ
ბეტ მიდლერი 1945 წლის 1 დეკემბერს დაიბადა ჰონოლულუში, ჰავაის შტატში და ცნობილი მსახიობის ბეტ დევისი პატივსაცემად უწოდეს ეს სახელი. მშობლიურ ქალაქშივე დაამთავრა უნივერსიტეტი დრამის სპეციალობით, 1965 წელს კი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.
მისი პირველი როლი იყო ფილმში "ჰავაი". თუმცა ნიუ-იორკში თავდაპირველად ძირითადად თეატრში მოღვაწეობდა.
კინოში ძირითადად კომედიური როლებით გაითქვა სახელი - მისი უცნაური გარეგნობის გამო ძირითადად სწორედ ასეთ ფილმებში სთავაზობდნენ როლებს. მისი წითური თმა, ტანდაბლობა, უპროპორციო სახე და მხიარული თვალები დანახვისთანავე ღიმილს იწვევს მაყურებელში.
გარდა ამისა, ბეტ მიდლერი შესანიშნავ მომღერლადაც მიიჩნევა, რის გამოც მის კარიერაში მიუზიკლებიც ბლომად არის, რომლებშიც თავადვე ასრულებს როლებს. და კიდევ, მისი ყველაზე ცნობილი სიმღერა, ლირიკული ბალადა Wind Beneath My Wings 1989 წელს აშშ-ის ჩარტებში დიდხანს ინარჩუნებდა პირველ ადგილს, მიენიჭა "გრემის" პრემია პრესტიჟულ ნომინაციებში - "წლის სიმღერა" და "წლის ჩანაწერი".
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ბეტი 1984 წელს გაჰყვა ცოლად გერმანელ მსახიობ მარტინ ჰასელბერგს, რომელთანაც ორი წლის შემდეგ შეეძინა ქალიშვილი სოფია ფრედერიკა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)