ავტორი:

რა ეღირება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა - სექტემბერში 40 მილიონი დოზა იქნება მზად

რა ეღირება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა - სექტემბერში 40 მილიონი დოზა იქნება მზად

ვაქცინების მწარმოებელი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო იმ ვაქცინის მასიურ წარმოებას იწყებს, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიქმნა. ადამიანებზე მისი გამოცდაც დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ეფექტურობა.

გამოცემა Business Insider წერს, რომ საუბარია ინდოეთის სერუმის ინსტიტუტზე (Serum Institute of India), რომელიც ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელია და სადაც ყოველწლიურად სხვადასხვა დაავადებების საწინააღმდეგო 1.5 მილიონ დოზა ვაქცინას ქმნიან.

მწარმოებლის მიზანია, რომ სექტემბერ-ოქტომბრისთვის, როცა უკვე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა ცნობილი იქნება, უკვე არსებობდეს ვაქცინების ის რაოდენობა, რომელიც მსოფლიოში არსებულ მოთხოვნას უპასუხებს.

ვაქცინების მწარმოებელი კომპანია ინდოეთში

"ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ადარ პუნავალა, Times of India-სთან ამბობს, რომ ვერ მოიცდიან. მისი თქმით, ინსტიტუტი თვეში ზემოთ აღნიშნული ვაქცინის 5 მილიონ დოზაზე მეტის წარმოებას გეგმავს, რათა როცა უკვე გაირკვევა, რომ ვაქცინა წარმატებულია, ის საკმარისი რაოდენობის იყოს და მსოფლიოში არსებულ მოთხოვნას უპასუხოს.

"ჩვენ არ ველოდებით ვაქცინის გამოცდის დასრულებას და მის შედეგებს დიდ ბრიტანეთში და არ ვაპირებთ წარმოების მას შემდეგ დაწყებას, რაც ვაქცინის ეფექტურობა გვეცოდინება. ჩვენი მიზანია თვეში 5 მილიონ დოზამდე ვაქცინის დამზადება. ხოლო შემდეგ, როცა უკვე გვეცოდინება, რომ ვაქცინა წარმატებულია, წარმოებას კიდევ უფრო გავზრდით.

გვინდა, რომ სექტემბერ-ოქტომბრისთვის 20-დან 40 მილიონამდე დოზა ვაქცინა გვქონდეს მზად“, - ამბობს ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და დასძენს, რომ რისკებს შესანიშნავად აცნობიერებს.

პრინცი ჩარლზი სტუმრად The Serum Institute-ში

მისივე თქმით, ვაქცინას ხელმისაწვდომი ფასი უნდა ჰქონდეს.

"ვგეგმავთ, რომ ვაქცინას ხელმისაწვდომი ფასი ჰქონდეს. ინდოეთში, დაახლოებით, 13 დოლარი ეღირება“, - ამბობს ის და განმარტავს, რომ ზოგადად, წამლის ფასები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია და ერთი და იგივე მედიკამენტი შეიძლება სხვაგან უფრო ძვირი ღირდეს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანელმა პროფესორმა სარა გილბერტმა, რომელიც აღნიშნული ვაქცინის შექმნას ხელმძღვანელობს, ჯერ კიდევ 11 აპრილს დაასახელა კორონავირუსის ვაქცინის შექმნის რეალურ ვადად სექტემბრის თვე.

"ვფიქრობ, ძალიან დიდი შანსია, რომ ის იმუშავებს“, - ამბობს სარა გილბერტი. ვაქცინა ოქსფორდში დაახლოებით 1000 მოხალისეზე გამოსცადეს, თუმცა მეცნიერებს დასკვნა მის ეფექტურობასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღიათ. ვაქცინაზე მომუშავე სპეციალისტთა ჯგუფის ოქსფორდელი წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სექტემბრამდე 1 მილიონ დოზა ვაქცინას თავადაც შექმნიან.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის გამოცდა დიდი ბრიტანეთის გარდა დაწყებულია გერმანიაში, აშშ-სა და ჩინეთში (ნახეთ:ქვეყნები, სადაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე უკვე დაიწყეს).

მსოფლიოში 11 მარტიდან კორონავირუსის პანდემიაა გამოცხადებული. ამ დროისთვის ვირუსით, გლობალური მასშტაბით, 7,9 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 435 681 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 4.1 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

"მადლობა ყველა ქართველს, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანა..." - რას ყვება სომეხი ბიზნესმენი, რომელმაც საქართველოს საელჩოსთან მადლობის ნიშნად, ყვავილები მიიტანა

რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

იტალიის ზღაპრულად ლამაზ ქალაქში, რომელსაც კორონავირუსი არ შეხებია, სახლებს 1 ევროდ იყიდით