ავტორი:

"მადლობა ყველა ქართველს, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანა..." - რას ყვება სომეხი ბიზნესმენი, რომელმაც საქართველოს საელჩოსთან მადლობის ნიშნად, ყვავილები მიიტანა

"მადლობა ყველა ქართველს, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანა..." - რას ყვება სომეხი ბიზნესმენი, რომელმაც საქართველოს საელჩოსთან მადლობის ნიშნად, ყვავილები მიიტანა

ერევანში საქართველოს საელჩოსთან, სომეხმა მოქალაქეებმა ყვავილები მიიტანეს, რითაც მადლიერება გამოხატეს COVID-19-თან ბრძოლაში საქართველოსგან მიღებული დახმარების გამო...

"მადლობა მოძმე საქართველოს" - ამ სახელწოდებით გავრცელებულ ვიდეოს "ფეისბუქზე" უამრავი გამოხმაურება მოჰყვა როგორც სომეხ, ისე ქართველ ინტერნეტმომხმარებლებში.

მადლობის აქციის ორგანიზატორი ერევნელი ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი, გორ ამათუნი გახლდათ, რომელიც წლების განმავლობაში ესპანეთში ცხოვრობდა და სომხეთში "ხავერდოვანი რევოლუციის" დროს დაბრუნდა.

აქციის იდეასა და სომხეთში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით სასაუბროდ, AMBEBI.GE გორ ამათუნს ერევანში დაუკავშირდა:

- გავიგე, რომ საქართველო კოვიდ-19-თან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალით გვეხმარება, რაც ძალიან გამიხარდა - ეს არის თანადგომა, რომელიც აუცილებლად უნდა დავინახოთ და დავაფასოთ. მე მეტი არაფერი შემიძლია, ამიტომ ყვავილების თაიგული მივართვი საქართველოს საელჩოს და ასე გამოვხატე ჩემი პატივისცემა სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ამ მძიმე ვითარებაში გვერდში დაგვიდგა...

მე ვადევნებდი თვალს, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ ხალხს ამ სიტუაციაში სომხეთის მიმართ, ისინი ერთსულოვანდ ითხოვდნენ, სომეხ ხალხს დავეხმაროთო... მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ქართველს, ვინც ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანა. საქართველო ყოვლთვის იყო ჩვენი კეთილმოსურნე მეზობელი, მეგობარი და მოკეთე. თუ საქართველო იქნება კარგად, ჩვენც კარგად ვიქნებით.

ჩვენ ბევრი რამ საერთო გვაქვს, მათ შორის თანამედროვე პრობლემები, თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით, რომელიც ცდილობს, ამ ქვეყნების დამოუკიდებლად განვითარებას ხელი შეუშალოს

საბედნიეროდ, ახლა ვირუსთან ბრძოლის მხრივ სომხეთი პლატოზე გავიდა. კოშმარმა ჩაიარა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა შედარებით შემცირდა, თუმცა, სამუშაო და საბრძოლველი, ჯერ კიდევ ბევრია, რადგან უმრავ ადამიანს ჩვენთან ჯერ კიდევ არ სჯერა მისი არსებობის, არ იცავენ წესებს, საკუთარ თავსაც უქმნიან საფრთხეს და სხვებსაც.

- სომხეთის ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მუდმივად აკრიტიკებს ფაშინიანს კოვიდ 19-თან არაეფექტური მუშაობისთვის...

- საქმე ის არის, რომ ახლა სომხეთში ნამდვილი ოპოზიცია არ არსებობს, ეს არის ბანდა, რომელიც ჩამოაგდეს ტახტიდან და ვერ ეგუებიან ამას, აკრიტიკებენ ყველას გარშემო. სწორედ ისინი ავრცელებენ და ამკვიდრებენ აზრს, რომ კორონავირუსი არ არსებობს, რათა ამით პრობლემები შეუქმნან ქვეყანას, მოსახლეობას, ხალხს. შემდეგ კი გაჰკივიან, აი ხომ ხედავთ, ფაშინიანის ხელისუფლება ვერ უმკლავდება ვირუსსო. მზად არიან მათი გარემოცვაც დაზარალდეს, ოღონდ კი მოსახლეობამ, ფაშინიანის ხელისუფლების არალეგიტიმურობა სცნოს. აი, ეს არის ქვეყნის შეგნებული ღალატი.

ამასთან, ძალიან ეფექტურად მუშაობს რუსული პროპაგადა. მისი წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და მუშაობენ და პირდაპირ დივერსიას აწყობენ ქვეყანაში. მაგალითად, ამ ე.წ. ოპოზიციას, სინამდვილეში კი, მაფიოზებს, რუსეთის საელჩოში ხვდებიან და პირდაპირ დირექტივებს აძლევენ, როგორ იმუშაონ ხელისუფლების წინააღმდეგ... არ შემიძლია არ შევაქო ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც ამ მძიმე ფონზე გარისკა და მოსკოვში, ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავზე დასწრებაზე პუტინს უარი უთხრა. ეს იყო ღირსეული დემარში.

- მის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციით იყო განპირობებული.

- დიახ, ეს დიპლომატიური ნაბიჯია, რადგან ის პირდაპირ ვერ ეტყოდა - თქვენ მხარს უჭერთ სარგსიანის დანაშაულებრივ ორგანიზაციას და ამიტომ ვამბობ უარს თქვენთან შეხვედრაზეო. რუსეთი, თავისი პროპაგანდისტული მანქანებით და შიგნით, ქვეყანაში არსებული მისი საკმაოდ დიდი საყრდენით, აქტიურად მუშაობს სომხეთის წინააღმდეგ, ებრძვის მის დამოუკიდებლობას და ამისთვის გარეთა და შიდა მაფიოზების, ფულს და მედია რესურსს არ ზოგავენ, რომ სომხეთში დემოკრატიული რეფორმები არ დაუშვან. მუდმივად გვაშანტაჟებენ მათ ხელთ არსებული სხვადასხვა მექანიზმებით, თუნდაც გაზით, ასევე ლარსის სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვით...

ახლა სომხეთის გარშემო არსებული ვითარება ძალიან ჰგავს 2003 წლის დროინდელ საქართველოს, ზუსტად იგივე ვითარება გვაქვს რუსული პროპაგანდის, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შიდა მაფიოზების, კორუმპირებული სასამართლო სისტემის და სხვა არაერთი მიმართულებით. ოღონდ, განსხვავება ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა რეფორმები ძალიან ხისტად და რადიკალურად ჩაატარა, ფაშინიანი კი, ცდილობს, რეფორმები რბილად, ეტაპობრივად და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩაატაროს, რათა რევოლუციამ თავისი სახელი "ხავერდოვანი ცვლილებები" გაამართლოს.

თუმცა, გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა - სასტუმროები, კვებისა და საგანმანათლებლო ობიექტიები, მედია, ინტერნეტ-გამოცემები, ტელევიზიები, ზოგადად, ბიზნესის 90% რუსულია, მათი ფულით კეთდება და ცხადია, ყველაფერს აკეთებენ, მათი გავლენები არ შემცირდეს, მათი კორუმპირებული მმართველობის სისტემა არ აილაგმოს. ვიხსენებ, საიდან დაიწყო ბრძოლა ფაშინიანმა, რა შანსი ჰქონდა ამხელა გველეშეპებთან საბრძოლველად, მაგრამ გამოუვიდა. იმედია, ახლაც გამოგვივა.

ყოველთვის ვგრძნობთ, ამ მძიმე რეალობაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მადლობა საქართველოს ამისთვის, იმედია, ერთ დღეს ჩვენც გავალთ ფონს!

"აია-სოფიაში ცოცხლად გრძნობ, რომ სულ სხვა ძალები მოქმედებს" - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ადგილის ისტორია და მომავალი

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი უცნაური პირბადის წყალობით ინტერნეტვარსკვლავი გახდა

რა გააკეთა პოლიციელმა, როდესაც ნახა, რომ 3 კვირის ჩვილი ვერ სუნთქავდა - მიჩიგანელი ოფიცრის გმირობის ამბავი და ემოციური კადრები