ავტორი:

რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

რუსეთში სამხედრო ექიმებმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ადგილობრივი წარმოების ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაქცინაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა, მოხალისეებში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

უწყების ინფორმაციით, 17 ივნისს სამხედრო ჰოსპიტალში ვაქცინაცია 18 მოხალისეს ჩაუტარდა - მათ ვაქცინის ორი სხვადასხვა კომპონენტი გაუკეთეს. რამდენიმე დღეში, როცა ვაქცინის გამოცდის პირველადი შედეგები გახდება ცნობილი, ექიმები გეგმავენ მოხალისეების მეორე ჯგუფზე გატესტონ წამალი.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვაქცინა, რომელიც რუს მოხალისეებს გაუკეთეს, ეპიდემიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი.

როგორც რუსეთის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, ვაქცინის გამოცდა სამხედრო ჰოსპიტალსა და სეჩენოვსკის უნივერსიტეტში მიმდინარეობს. ერთ შემთხვევაში ვაქცინა სითხეა, მეორე შემთხვევაში კი ფხვნილის ფორმა მაქვს. პირველ ეტაპზე სატესტო ვაქცინაციაში მონაწილეობას სულ 38 მოხალისე მიიღებს.

ყველა მოხალისემ წინასწარ შეავსო თანხმობის ბარათი და გაიარა შემოწმება სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებაზე. ვაქცინაციის შემდეგ, მოხალისეებს გადაიყვანენ 28-დღიან იზოლაციაში. ამის შემდეგ, ექიმები მათ 6 თვის განმავლობაში დააკვირდებიან და შეაფასებენ, რამდენად გამოიმუშავებს ორგანიზმი იმუნიტეტს ვირუსზე.

ეპიდემიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ინსტიტუტში ამტკიცებენ, რომ თუ სატესტო ვაქცინაციის პირველადი შედეგები აგვისტოში ექნებათ, რუსული წარმოების ვაქცინას მასიურ წარმოებაში წლის ბოლომდე გაუშვებენ. ინსტიტუტში ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ვაქცინა მინიმუმ ორი წლის განმავლობაში დაიცავს ორგანიზმს კორონავირუსისგან.

რაც შეეხება მსოფლიოში COVID-19-ის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინებს, რომლებიც უკვე შექმნილია და ამ ეტაპზე მათი გამოცდა მიმდინარეობს - სპეციალისტთა ვარაუდით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოს შემოდგომის მიწურულისთვის უნდა ჰქონდეს.

იმედისმომცემი ვაქცინებია:

  • ბიოტექნოლოგიური კომპანია "მოდერნას" მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლის კლინიკური კვლევის პირველი ფაზაც დასრულდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ მოხალისეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ, ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ;
  • ოქსფორდში შექმნილი ვაქცინა, რომელიც 800 მოხალისეს გაუკეთეს. ვაქცინაციის შედეგები ჯერ უცნობია;
  • ფარმაცევტული გიგანტები, Sanofi და GSK მუშაობენ ვაქცინის განვითარებაზე.ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაიწყეს ორი პოტენციური ვაქცინით ინექცია. მათ ვაქცინების კლინიკური ვერსიები ცხოველებზე გამოსცადეს და ამ ეტაპზე მის შედეგს სწავლობენ.

რა ეტაპზეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა - განახლებული ინფორმაცია

"უარესი ჯერ კიდევ წინ არის... პანდემიის ტემპი იზრდება" - ჯანმოს ხელმძღვანელი

ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს - მეცნიერების ვარაუდით, მას შეუძლია გლობალური დაავადება გამოიწვიოს