თამუნა მიქელაძე "იურმალაზე" საქართველოს სახელით არ გავა

თამუნა მიქელაძე "იურმალაზე" საქართველოს სახელით არ გავა

"რეიტინგის" წინა ნომერში გარეკანზე დაანონსებული ეს ინტერვიუ ჟურნალში ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხვდა. ამისთვის ჩვენს მკითხველებს ბოდიშს ვუხდით, თუმცა, ვფიქრობთ, თამუნა მიქელაძის ერთმა ფრაზამაც კი დიდი ინტერესი გამოიწვია.

ამას წინათ ერთ-ერთ რესტორანში ახლობლის დაბადების დღეს აღვნიშნავდით. დარბაზში ცოცხალი მუსიკა უკრავდა, მუსიკოსები სამ ხმაში შლიდნენ ქალაქურ სიმღერებს. ერთიც ვნახოთ, სცენაზე პატარა, გამხდარი გოგო ავიდა. ჩვენი მაგიდიდან ერთ-ერთმა თქვა, აქ ნამყოფი ვარ, ეს გოგონა მაგრად მღერისო, ყველამ იქით გავიხედეთ. - ამან რა უნდა იმღეროს, ნახე რა გამხდარიაო, გამოელაპარაკა მეორე. ამ გამხდარმა და გალეულმა გოგომ ჩაიგდო თუ არა მიკროფონი ხელში, მთელი დარბაზი მოაჯადოვა. ნაცნობი ხმა, ნაცნობი სახე და ძალიან ლამაზი სიმღერა პატრიცია კაასის რეპერტუარიდან. ეს გალეული გოგონა "ჯეოსტარი 2008"-ის ფინალისტი თამუნა მიქელაძე გახლდათ.

- თამუნა, მოგვიყევი რა სიახლეებია შენს კარიერაში "ჯეოსტარის" შემდეგ?

- ყველა ქართველი მომღერალი ერთსა და იმავეს ამბობს და მეც გავიმეორებ, შოუბიზნესი საქართველოში, სამწუხაროდ, არ არსებობს. ამიტომ "ჯეოსტარი" ნათელი წერტილი იყო ჩემს კარიერაში. "ჯეოსტარით" გამიცნო ხალხმა და დღემდე ვგრძნობ იმ სიყვარულს, რაც ძალიან მახარებს. ამ პროექტის შემდეგ მუშაობა დავიწყე რესტორან "კრუიზში". თავიდან ჩემს ქმართან ამის გამო პრობლემები მქონდა, არ უნდოდა, რესტორანში მემღერა. ოჯახი მყავს, ორი წლის ქალიშვილი, დედამთილი, რომელიც ყველანაირად მიწყობს ხელს, რომ ვიმღერო. ჩემი ქმარი მეუბნებოდა, არ ვეჭვიანობ, უბრალოდ, არ მინდა, რესტორანში იმღეროო.

ბოლოს ნახა ის ადგილი, სადაც უნდა მემუშავა და დამთანხმდა. "კრუიზის" მერე იყო "ძველი სახლი", სადაც საშუალება არ მეძლეოდა, აკადემიური სტილის სიმღერები მემღერა. ტრაბახში არ ჩამომართვათ, მაგრამ შემიძლია ასეთი სიმღერები შევასრულო და რატომ უნდა ვიმღერო მხოლოდ "აფრები" ან "ქალს, მშვენიერ ქალს"?.. დიდ პატივს ვცემ ლეილა თოდაძეს, მაგრამ არ მომწონს "აფრები"! რატომ არ უნდა ვიმღერო ფრანგული, პატრიცია კაასის რეპერტუარი? მე ამით გამიცნო და შემიყვარა ხალხმა. ძალიან მიმძიმდა კოლექტივის მიტოვება, მაგრამ იქიდანაც წამოვედი. მერე ხვიჩა მაღლაკელიძემ დამირეკა, "ანტრე ბატონოში" მომღერალი გოგონა სჭირდებათო. სწორედ მისი რეკომენდაციით მოვხვდი ამ რესტორანში და დღემდე ვარ. მინდა, სულ ვიყო, ისეთი კარგი უფროსი მყავს, სრული თავისუფლება მაქვს, კმაყოფილი ვარ ურთიერთობებით და ანაზღაურებით.

- მაყურებელზე რას იტყვი, რესტორნის მომხმარებელი გემოვნ­ებიან მუსიკას ითხოვს?

- მქონია შემთხვევა, როცა "აფრები" მოუთხოვიათ. გუშინ, მაგალითად, ჩემს დაბადების დღეზე ქეთი მერკვილაძის "ქალს, მშვენიერ ქალს" შესრულება მთხოვეს. მაპატიოს ქეთიმ, მაგრამ ეს სიმღერა არასდროს მიმღერია, არც მომწონს, მაგრამ ტექსტი წინ დავიდე და ვიმღერე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი მსმენელი გემოვნებიანია და ძირითადად აკადემიურ სიმღერებს ითხოვს. ეს ძალიან მახარებს.

- ვიცი, რომ მარინა ბერიძე ყოფილ "ჯეოსტარელებს" გვერდში უდგას...

- ნამდვილად, სწორედ მისი წყალობით ვიყავი ახლახან ბათუმში, მონაწილეობა მივიღე ერთ-ერთ კონცერტში. უკვე დაიწყო ახალი "ჯეოსტარის" კასტინგი და პარალელურად ყოფილი ჯეოსტარელების საკონცერტო ტურნე, მთელ საქართველოს მოვივლით. ასე რომ, წინ საინტერესო ზაფხული მელის.

- "იურმალაზე" წასვლასაც აპირებდი, მახსოვს...

- ეს მძიმე თემაა ჩემთვის. ჩემი ბავშვობის ოცნებაა "იურმალაზე" გასვლა. ორი წლის განმავლობაში ვმონაწილეობდი შესარჩევ ტურებში საქართველოში. არ შემიძლია, გულისტკივილი არ გამოვთქვა იმის გამო, რომ მაია ყიფიანმა ორჯერვე დამბლოკა. ეს არის ადამიანი, რომელიც მძულს. ორჯერვე მომატყუა. პირველ კასტინგზე, სოფო ხალვაშთან, ელენე ფოჩხუასთან, სალომე ბაკურაძესთან ერთად მოვხვდი. სამივე ჩემი უახლოესი მეგობარია, სოფოს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ დღემდე არ მესმის, რატომ არ გამიშვეს მე.

მაშინ მაია ყიფიანმა მითხრა, შენი რეპერტუარი არ მოეწონათო. მეორე კასტინგზეც იგივე რეპერტუარი გავაგზავნე, პატრიცია კაასისა და ლარა ფაბიანის ურთულესი სიმღერები. მაიამ მითხრა, წელს შენ მიმყავხარ იურმალაშიო და უცებ ვიგებ, რომ ელეონორა გოგოლაშვილს ამზადებდა კონკურსისთვის, მთელი წელი ვემზადებოდი და იმედი გამიცრუეს. ამის გამო დეპრესიაც კი დამემართა. ახლა ზუსტად ვიცი, რომ არანაირი პროდიუსერი არ მჭირდება, თებერვალში თავად წავალ "იურმალას" შესარჩევ ტურზე. ვიცი, სადაც უნდა მივიტანო მასალები და არც საქართველოს სახელით გავალ, საიდუმლოდ დავტოვებ, რომელი ქვეყნის სახელს გავიტან ამ კონკურსზე.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება