კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმი "დასაწყისი", რომელშიც კილიან მერფი მსხვილი ფინანსური იმპერიის მემკვიდრეს რობერტ ფიშერ-უმცროსს ასახიერებს, ამერიკული კინოგაქირავების ერთ-ერთი ლიდერია. კილიანმა ამ ფილმით უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.
- ფილმში თქვენი პერსონაჟი მარტო აღმოჩნდა ყველას წინააღმდეგ. გადაღებებზე როგორ გრძნობდითYთავს?
- სინამდვილეში ძალიან დიდ დროს ვატარებდი სხვა მსახიობებთან. შესანიშნავია სამსახიობო ჯგუფთან მუშაობა, რადგან უნიკალური შესაძლებლობა გეძლევა, დააკვირდე, რას და როგორ აკეთებენ. ლეონარდო დიკაპრიოსთან, კენ ვატანაბისა და ტომ ჰარდისთან მუშაობა არაჩვეულებრივი იყო. თვითონაც ჩავფიქრდი ბევრ რამეზე, მაგალითად, მამებისა და შვილების ურთიერთობაზე.
- რეალურ ცხოვრებაში?
- ორი პატარა შვილი მყავს და ბუნებრივია, თავადაც საკუთარი ურთიერთობები მაქვს მამაჩემთან, ეს ყველაფერი კი ძალიან ჩახლართულია. სამაგიეროდ, ყოველივე ამაში გარკვევა ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით, თუ გავლენიანი ადამიანის შვილი ხარ, როგორც ფილმშია. გასაგებია, რომ ეს დამატებით სირთულეებს ქმნის.
- რაზე ფიქრობდით, როცა მსახიობობა გადაწყვიტეთ და მშობლებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ თქვენი არჩევანისადმი?
- ვფიქრობ, ისინი ძალიან ღელავდნენ ჩემს ბედზე, როცა მსახიობობა გადავწყვიტე, რადგან ოჯახში პირველი შვილი ვარ. თუმცა იმაზე არასდროს მიფიქრია, რომ კინოში ვითამაშებდი. ვფიქრობდი, თეატრში თამაშით დავკმაყოფილდებოდი, მაგრამ მერე სხვა დონეზე გადავედი. ახლა მშობლებს აღარ სჭირდებათ პურის ფულზე ზრუნვა, უხარიათ და მეც კმაყოფილი ვარ.
- სხვადასხვა ჟანრის ფილმებში სხვადასხვაგვარ როლს თამაშობდით - "შავი რაინდი", "ბეტმენი: დასაწყისი". "საუზმე პლუტონზე". არის რაიმე, რაც არ შეგიძლიათ?
- გამუდმებით უნდა დაისახო ახალი ამოცანები. ვცდილობ, არაორდინარულ ადამიანებთან ვიმუშაო და ბოლო წლებში მივხვდი, რომ მომთმენი უნდა ვიყო. ჯობია უბრალოდ მოიცადო, სანამ შენი დრო დადგება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მოგეცეთ საშუალება, თქვენი სამუშაო უკეთ გააკეთოთ, ვიდრე მანამდე. ან რაღაც ისეთიც კი გააკეთოთ, რაც ადრე არ გაგიკეთებიათ, ასე მგონია, ჩემი პერსონაჟი ფილმიდან "დასაწყისი" ჩემი ადრინდელი გმირებისგან ძალიან განსხვავდება.
- ვინ არის რობერტ ფიშერი, რომელსაც ასახიერებთ?
- ეს არის ადამიანი, რომელსაც მატერიალური თვალსაზრისით ყველაფერი აქვს, მაგრამ გრძნობები აკლია. ის ბავშვობაში დარჩა და გამუდმებით მამის სიყვარულის მოპოვებას ცდილობს. იმავდროულად დიდ ძალაუფლებას ფლობს. შევეცადე, ეს განცდები კარგად გადმომეცა.
- ფილმში "დასაწყისი" მოქმედება სიზმარშიც ხდება და ცხადშიც. იცვლიდით თამაშის სტილს, როცა საქმე სიზმრებს ეხებოდა?
- არა. ვფიქრობ, კრის ნოლანი ყოველთვის ფრთხილია იმასთან დაკავშირებით, რაც ცხადსა და სიზმარში ხდება. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ კრისი ამ ლაბირინთში გაგვიყვანდა.
- ამ სურათის მერე რაიმე უცნაური სიზმრები თუ გქონიათ?
- არა, საერთოდაც ხშირად არ მესიზმრება სიზმრები. ხანდახან რაღაც მესიზმრება ზედიზედ რამდენიმე ღამე, მერე დიდხანს არაფერი მესიზმრება. მგონია, რომ როცა გვძინავს, ჩვენს ფსიქიკას აღვადგენთ. ხანდახან, რასაკვირველია, კოშმარებსაც ვხედავ, მაგრამ ეს თითოეული ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალური მხარეა, და ამაზე ლაპარაკი რთულია. კიდევ ვფიქრობ, რომ უცხოთა სიზმრები ძალიან მოსაწყენია.
- ინგლისში გადაღებები რით განსხვავდება ამერიკაში გადაღებებისგან?
- ეს ფილმზეა დამოკიდებული. ჩემთვის მხოლოდ გეოგრაფიას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ რამდენად ჯანსაღ გარემოში ვმუშაობ, რომელსაც რეჟისორები და სხვა დანარჩენები მსახიობებისთვის ქმნიან.
- რას გულისხმობთ ჯანსაღ გარემოში?
- როცა ყველა ერთმანეთს ენდობა და შიშის გარეშე შეუძლიათ ექსპერიმენტირება. შეიძლება რაღაც ახლის მოსინჯვა, კრახის განცდა და ისევ თავიდან დაწყება. კრისი სწორედ ასე მუშაობს. ის აძლევს საშუალებას მსახიობებს, გაიხსნან, მე კი ეს ძალიან მომწონს.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)