ავტორი:

ქართველი მიკრობიოლოგი, რომელმაც მსოფლიო ჯანდაცვის ისტორიაში დიდი წვლილი შეიტანა - "ის არის მიზეზი, რის გამოც მჯერა, რომ დავამარცხებთ კოვიდს"

ქართველი მიკრობიოლოგი, რომელმაც მსოფლიო ჯანდაცვის ისტორიაში დიდი წვლილი შეიტანა - "ის არის მიზეზი, რის გამოც მჯერა, რომ დავამარცხებთ კოვიდს"

2020 წელს 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიომ ერთ-ერთი უმძიმესი ვირუსული ინფექცია - ყვავილი, სრულად დაამარცხა. ამ დაავადებას კაცობრიობა 3 000 წლის განმავლობაში ებრძოდა. მხოლოდ მე-20 საუკუნეში, ყვავილისგან 300 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი ვირუსული ინფექციების დამარცხებაში ვაქციაციის როლზე რამდენიმე დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და მისმა მოადგილემ პაატა იმნაძემ ისაუბრეს. მათ ყვავილის აღმოფხვრის საქმეში ის განსაკუთრებული წვლილი აღნიშნეს, რომელიც თამაზ კერესელიძეს ეკუთვნის - მათ მასწავლებელს, წინამორბედს, ქართველ მიკრობიოლოგს, პროფესორსა და საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორს.

1964 წელს, 39 წლის ასაკში კერესელიძე ჯანმო-ში მიიწვიეს კონსულტანტად - ჯერ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ ბიუროში მუშაობდა, შემდეგ კი ჟენევაში გადაინაცვლა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, სადაც ბაქტერიოლოგიურ სნეულებათა განყოფილების უფროსი გახლდათ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ ბიუროში მუშაობისას ქართველი მეცნიერი შავი ჭირის, ქოლერისა და ყვავილის წინააღმდეგ ბრძოლაში იყო ჩართული.

"მას ჰქონდა უზარმაზარი ინფორმაცია. იყო ადამიანი, რომელიც იმ დახურულ საბჭოთა სივრცეში გავიდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში, ჯერ ინდოეთში, შემდეგ ჟენევაში მუშაობდა. მაშინ, როცა მე მისი ასპირანტი ვიყავი, ის სწორედ ჟენევაში მუშაობდა და ინფორმაცია, რაც მე მქონდა, გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ საბჭოთა ასპირანტს შეიძლებოდა ჰქონოდა, რადგან პირდაპირ პირველწყაროსგან ვიღებდი ინფორმაციას.

საინტერესო ისტორიაა ისიც, რატომ ავირჩიე მიკრობიოლოგია - გაგრის ერთ-ერთ სოფელში გამანაწილეს სოფლის ექიმად, ბატონი თამაზი სრულიად შემთხვევით შემხვდა სამედიცინო ინსტიტუტში და მითხრა: ასპირანტურის ადგილი მაქვს, ჩემთან ხომ არ ჩააბარებო. ასე გავხდი მიკრობიოლოგი.

ასე რომ, თამაზ კერესელიძესთან ურთიერთობა იყო ჩემი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩემი ცხოვრების არჩევანი განაპირობა" - იხსენებს უფროს კოლეგას და მასწავლებელს პაატა იმნაძე კერესელიძის ღვაწლის აღსანიშნავად მომზადებულ ვიდეორგოლში.

ყვავილის ერადიკაციის (აღმოფხვრა) პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის ქართველმა პროფესორმა ჯანმო-ს მაშინდელი გენერალური დირექტორისგან მადლიერების წერილი მიიღო და ასევე, „ბიფურკაციული ნემსის ორდენი“, რომლითაც ის ჟენევაში დააჯილდოვეს. ამ ორდენით მთელ მსოფლიოში სულ რამდენიმე მეცნიერია დაჯილდოებული, თამაზ კერესელიძე კი პირველი ქართველი მედიკოსია, რომელსაც ეს დიდი ჯილდო ხვდა წილად.

თამაზ კერესელიძე 1998 წელს, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქართველი მიკრობიოლოგთან დაკავშირებით, საინტერესო ისტორიას იხსნებს ცნობილი ჟურნალისტი, BBC-ის პროდიუსერი ნათია აბრამია. ის ვრცელ პოსტს აქვეყნებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"თამაზ კერესელიძე ხშირად მახსენდება და ამ კადრებით კიდევ ერთხელ დამიდგა თვალწინ. სკოლის შემდეგ დედაჩემთან სამსახურში მივდიოდი ხოლმე და კათედრაზე გოგოები მამეცადინებდნენ ინგლისურში. ბატონი თამაზი თუ შემოვიდოდა აუცილებლად გამომკითხავდა როგორ ვსწავლობდი და ინგლისურის საქმე როგორ მიდიოდა. თავისი დიდი, შავი, ოთხკუთხა სათვალეებიდან სულ იღიმებოდა და მე მომწონდა მასთან საუბარი.

ერთხელაც, 17 წლის ვარ და ბატონი თამაზი მირეკავს, რამდენიმე დღე დამეხმარეო, დიდი კონფერენცია გვაქვს და დამატებითი თარჯიმანი იყავიო. არ ველოდი ასეთ შემოთავაზებას, მაგრამ თამაზ კერესელიძე ჩემთვის ისეთი ავტორიტეტი იყო, ვიფიქრე რადგან თვლის, რომ შემიძლია, ესე იგი გამომივათქო.

მივედი... სანამ მისასალმებელ სიტყვებს ამბობდნენ თამამად ვთარგმნიდი. მერე გამოვიდა პაატა იმნაძე და არც აცია, არც აცხელა, ეგრევე ჯილეხი ახსენა!!! ხმა ჩამეხლიჩა, არათუ ინგლისურად ქართულადაც არ მქონდა გაგონილი ეს სიტყვა!!! რომ მახსენდება ეს მომენტი ახლაც ყელში მიჭერს.ვდგავარ 200 კაცის წინაშე და არ ვიცი რა გავაკეთო.1995 წელია, გაყინული დარბაზი სავსეა დამსწრეებით, WHO-ს ათამდე ექსპერტი ტრიბუნასთან ზის, მე ვდგავარ პაატას გვერდით და თვალებით ვეკითხები ეს რა თქვითქო.

წამოდგა თამაზ კერესელიძე და გამოაცხადა: პაატა, დარბაზს გადავხედე და რამდენიმე დამსწრეს მხოლოდ რუსული ესმის და იქნებ რუსულ-ინგლისურად გავაგრძელოთო. გააგრძელა პაატამ მოხსენება.ჯერ ამბობს რუსულად და შემდეგ თვითონვე თარგმნის ინგლისურად.მე დავჯექი კუთხეში და ყველა უცნობ სიტყვას ვიწერ, თან ხელი მიკანკალებს და ვნატრობ, რომ მეტი არ მათარგმნინონ არაფერი.

შემდეგი გამომსვლელი, ამირან გამყრელიძეც თავის სათქმელს ჯერ რუსულად ამბობს, შემდეგ თვითონვე ინგლისურად თარგმნის. მე კვლავ ყველა ახალ სიტყვას ვიწერ და ვნერვიულობ, რომ ამხელა კონფერენცია ჩემს გამო რუსულ-ინგლისური გახდა.

საღამოს ბატონი თამაზი მეუბნება ხვალ არ დაიგვიანოო. მე ვუთხარი ყველა გამომსვლელმა ჩემზე უკეთესად იცის ინგლისური და მე მრცხვენია აქ რომ ვარ, არ მინდა კიდევ მოვიდეთქო. არაო, ამდენი სიტყვა ამოწერე და ახლა ხომ უნდა გამოიყენოო. როცა გვეყოლება გამომსვლელი, რომელმაც ინგლისური არ იცის, შენ მზად იქნები და დაგვეხმარებიო.

მეორე დღეს კიდევ უფრო უარესი რამ მოხდა. დილის სამუშაო სესია ნორმალურად გადავთარგმნე, მაგრამ WHO-ს ერთ-ერთმა ექსპერტმა მთხოვა ქართულიდან ერთი დოკუმენტი ინგლისურად მითარგმნე და გადმომიგზავნეო. დავჯექი კომპიუტერთან, "ჩივრაიტერი" ნანახი მქონდა, მაგრამ "ვორდის" დიდი თეთრი ეკრანი პირველად დავინახე.

მომიჯდა გვერდით ბატონი თამაზი და მკარნახობს, ენთერს დააჭირე, დიდი ასო რომ დაწერო შიფტი გამოიყენეო. რამდენიმე საათი ჩემს გვერდით იჯდა, არადა გვერდით ოთახში მისი ორგანიზებული კონფერენცია მიდიოდა. ერთი ჩავიჩურჩულე, იქნებ რუსიკომ აკრიფოს, მან ბეჭდვა იცისთქო და მშვიდად მიპასუხა, შენც ხომ იცი, ნახე უკვე მთელი აბზაცი დაბეჭდეო.

საღამოს ისევ ვუთხარი, იქნებ მე ხვალ არ მოვიდე, თქვენ უფრო გამოცდილი თარჯიმანი გჭირდებათთქო.მალე შენც გამოცდილი იქნები, ხვალ არ დაიგვიანოო.

ერთი თვის შემდეგ უფრო თამამად ვთარგმნიდი სამედიცინო ლიტერატურას. ერთი წლის შემდეგ სინქრონული თარგმანი დავიწყე. მაგრამ, რაც მე თამაზ კერესელიძისგან ვისწავლე, ბევრად მეტია, ვიდრე თარგმანი, ან თავდაჯერება, რომ თუ მოინდომებ გამოგივა.

BBC-ზე როცა სტაჟიორებთან ვმუშაობ, იმის მაგივრად რომ ინსტრუქტაჟის ფაილი გადავუგზავნო და ვუთხრა, თუ რამე ვერ გაიგე მოდი და მკითხეთქო, აუცილებლად გვერდით ვუჯდები და ყველა დეტალს ვუხსნი. ვისაც რაიმე არ გამოსდის, ვცდილობ იმას მეტი დრო დავუთმო. თითქოს მინდა ამ ფორმით ვალი დავუბრუნო თამაზ კერესელიძეს.

მე არ ვიყავი თამაზ კერესელიძის ასპირანტი, სტუდენტი, გზის გამგრძელებელი. მაგრამ სულ რაღაცას მასწავლიდა, თან მენტორულად კი არა, უბრალოდ მის გვერდით სულ გინდოდა უკეთესად გეკეთებინა საქმე.

წარმომიდგენია რა ბედნიერება იყო მასთან ურთიერთობა იმ კოლეგებისთვის, ვისაც ბატონი თამაზი მეცნიერებას ასწავლიდა. თამაზ კერესელიძის სკოლა არ მოიცავს მხოლოდ მიკრობიოლოგიას, მისი სკოლა არის მიზეზი, რის გამოც მჯერა, რომ დავამარცხებთ კოვიდსაც და მის შემდგომ გამოწვევებსაც" - წერს ნათია აბრამია თამაზ კერესელიძის მოსაგონარ ემოციურ პოსტში.

"თაღლითები ყოფილხართ! დაამტკიცეთ, რომ მე მაქვს მოქმედი ბიზნესი!" - ხათუნა ჟორდანია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას ეხმაურება

"მაია ასათიანი ტელეკომპანიის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს... "პროფილი" მისი გადაწყვეტილებით დაიხურა" - პაატა სალიას განცხადება

"დღეს ამ არხზე ჩემს 20 წლიან ისტორიას ვასრულებ... ბოლო გავდივარ" - მაია ასათიანი "რუსთავი 2"-იდან მიდის და მაყურებელს ატირებული ემშვიდობება