ავტორი:

კორონავირუსის უმძიმესი შედეგი ბრაზილიაში - ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც ვირუსს "უბრალო გრიპს" უწოდებდა, კლინიკები პაციენტებს ვეღარ იტევს

კორონავირუსის უმძიმესი შედეგი ბრაზილიაში - ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც ვირუსს "უბრალო გრიპს" უწოდებდა, კლინიკები პაციენტებს ვეღარ იტევს

ბრაზილია იმ ქვეყნებს შორისაა, რომელზეც კორონავირუსის პანდემიამ მძიმე შედეგები მოუტანა. ამ დროისთვის ის ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს მეხუთე ქვეყანაა. ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში COVID-19-ის 241 080 შემთხვევაა გამოვლენილი, პაციენტთა შორის 16 122 გარდაიცვალა, ხოლო 94 122 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტები მომდევნო კვირებში ინფიცირებულთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას პროგნოზირებენ. როგორც BBC წერს, მალე ქვეყნის საავადმყოფოებში პაციენტებისთვის ადგილები აღარ იქნება. გამოცემის ცნობით, განსაკუთრებულად მძიმე სიტუაცია ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ სან-პაულოში შეიქმნება, სადაც არასაკმარისი ადგილების გამო, რამდენიმე დღეში საავადმყოფოები ახალი პაციენტების მიღებას ვეღარ შეძლებენ.

ამასთან, ექსპერტების მტკიცებით, ბრაზილიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს ბევრად აღემატება, რისი მიზეზიც ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში კორონავირუსის ტესტების არარსებობაა.

  • COVID-19-ის ბრაზილიური ისტორია

ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 25 თებერვალს გამოვლინდა და ის სან პაულოელ მამაკაცს დაუდგინდა, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ხელისუფლებას მკაცრი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ყველა მნიშვნელოვანი სპორტული და კულტურული ღონისძიება გადაიდო, ბრაზილიაში, მიუხედავად საფრთხისა, თებერვალში რიოს კარნავალი მაინც შედგა.

ბრაზილიაში, ქრისტეს ცნობილი ქანდაკება იმ ქვეყნების დროშებით გაანათეს, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა და ამ ჟესტით მხარდაჭერა გამოხატეს

საერთაშორისო ფრენები ქვეყანამ ვირუსის გამოვლენიდან ერთი თვის შემდეგ, 27 მარტს აკრძალა. დღეს კი, როცა გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, მოსახლეობა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებს. კრიტიკის მთავარი ობიექტი კი ქვეყნის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუა.

  • ჟაირ ბოლსონარუს პოლიტიკა პანდემიის დროს

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ წინააღმდეგი იყო ვირუსის თავიდან არიდების მიზნით შეზღუდვების დაწესების, რადგანაც ამბობდა, რომ საქმე "უბრალო გრიპს" ეხებოდა, მედიას კი პანიკისა და შიშის დათესვაში ადანაშაულებდა. ბოლსონარუ წინააღმდეგი იყო სხვადასხვა კომერციული დაწესებულებების დახურვის, რადგანაც მისი თქმით, ეს უმძიმეს დარტყმას მიაყენებდა ეკონომიკას.

20 მარტს მან განაცხადა, რომ წინააღმდეგი იყო სავაჭრო და სხვა ობიექტების დახურვის და აკრიტიკებდა იმ რეგიონების გუბერნატორებს, რომლებმაც შედარებით მკაცრი ზომების მიღება დამოუკიდებლად გადაწყვიტეს.

24 მარტს პრეზიდენტმა ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ქვეყანა ჩვეულებრივ რუტინულ ცხოვრებას უნდა დაუბრუნებოდა, კვლავ ადანაშაულებდა პრესას პანიკის დათესვაში და კორონავირუსს კვლავ "უბრალო გრიპს" უწოდებდა. პრეზიდენტი მოუწოდებდა ყველას, დაბრუნებოდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ის მიიჩნევდა, რომ საფრთხეებზე საუბრისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ექსპერტები აჭარბებენ,

28 აპრილს, მაშინ როცა ბრაზილიაში უკვე მკვეთრად გაზრდილი იყო კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა და ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ამ საკითხზე კომენტარი სთხოვეს, მან უპასუხა - "და მერე? რა გინდათ, რომ გავაკეთო?“ - უპასუხა მან.

აღსანიშნავია, რომ "ტვიტერმა“, "ფეისბუქმა“ და "იუთუბმა“ პრეზიდენტ ბოლსონარუს მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი პოსტი წაშალეს, რადგანაც ეს პოსტები კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას შეიცავდა.

  • COVID-19-ით გარდაცვლილთა სასაფლაოები

სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის, სააგენტო "როიტერსმა" ბრაზილიიდან შოკისმომგვრელი ფოტოები გაავრცელა, რომლებზეც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ თხრიან საფლავებს მასობრივად კორონავირუსით გარდაცვლილთა დასაკრძალად.

ამ დროისთვის ბრაზილიის უმეტეს რეგიონში მკაცრი კარანტინის რეჟიმი მოქმედებს, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ მკაცრი ზომების შემოღება უკვე დაგვიანებულია და ქვეყანა ახლა COVID-19-ის უმძიმესი შედეგის წინაშეა.

ინდოეთსა და ბანგლადეშს დღეს ბოლო ათწლეულის ყველაზე ძლიერი ციკლონი დაატყდება თავს

რა ეტაპზეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რა შედეგი აჩვენა ადამიანზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა

ჩინეთში კორონავირუსმა შესაძლოა, კვლავ იფეთქოს - გაჩნდა ახალი კლასტერი, 108 მილიონი ადამიანი კი მკაცრ კარანტინს დაუბრუნდა