ავტორი:

რა ეტაპზეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რა შედეგი აჩვენა ადამიანზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა

რა ეტაპზეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რა შედეგი აჩვენა ადამიანზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა

კორონავირუსს თვეებია მთელი მსოფლიო ებრძვის, თუმცა ჯერჯერობით, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. სამედიცინო ექსპერტები და მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაკოლოგიური კომპანიები ვაქცინის შექმნას დაჩქარებულ რეჟიმში ცდილობენ.

COVID-19 მარტივად ვრცელდება და ადამიანები დაუცველები არიან. ვაქცინა კი უმნიშვნელოვანესია, რადგანაც მან უნდა უზრუნველყოს ორგანიზმში ვირუსის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავება. ვაქცინის შექმნა საშუალებას მისცემს ქვეყნებს, რომ კარანტინის რეჟიმიდან გამოვიდნენ, თან ისე, რომ ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, აღარ იყოს საჭირო სოციალური დისტანციის დაცვა და საზოგადოება ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

  • რა ეტაპზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა?

ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილი ვაქცინების კლინიკური კვლევები მიმდინარეობს და ამ კვლევებში მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 80 სამედიცინო ჯგუფია ჩართული.

იმედის მომცემი ვაქცინები:

  • ბიოტექნოლოგიური კომპანია "მოდერნას" მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლის კლინიკური კვლევის პირველი ფაზაც დასრულდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ მოხალისეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ, ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ.
  • ოქსფორდში შექმნილი ვაქცინა, რომელიც 800 მოხალისეს გაუკეთეს. ვაქცინაციის შედეგები ჯერ უცნობია. ამასთან, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც,თუ აღნიშნული ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდება, 100 მილიონი დოზა უნდა დამზადდეს.
  • ფარმაცევტული გიგანტები, Sanofi და GSK მუშაობენ ვაქცინის განვითარებაზე.
  • ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაიწყეს ორი პოტენციური ვაქცინით ინექცია. ამ ეტაპზე ისინი ვაქცინების კლინიკურ ვერსიას ცხოველებზე ცდიან.

მასაჩუსეთსის ბიოტექნოლოგიური კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინა

მასაჩუსეთსის ბიოტექნოლოგიური კომპანიის, "მოდერნას" მიერ შექმნილი ვაქცინა, შესაძლოა, სხვა ვაქცინებს შორის ამ ეტაპზე დაწინაურებულად მივიჩნიოთ. როგორც washingtonpost.com წერს, ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ იმედისმომცემი შედეგი აჩვენა. ექსპერიმენტული ვაქცინის კლინიკური კვლევა მოხალისეთა მცირე რაოდენობაზე, სულ 8 ადამიანზე ჩატარდა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო კანდიდატი ვაქცინის სახელია mRNA-1273, ვაქცინამ რვავე ადამიანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები წარმოქმნა. "მოდერნას" ხელმძღვანელი, ტალ ზაკსი ამბობს, რომ ეს იყო ვაქცინის კვლევის პირველი ფაზა და მან ის შედეგი აჩვენა, როგორსაც მოელოდნენ. აღსანიშნავია, რომ მოხალისეებში ვაქცინას არ გამოუწვევია გართულებები, მათ აღენიშნებოდათ ნანემსარის შეწითლება, ან სუსტი ტკივილი.

ვაქცინა "მოდერნამ" აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით შექმნა. ამ უკანასკნელს კი, ენტონი ფაუჩი ხელმძღვანელობს.

  • როდის გვექნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა?

ჩვეულებრივ, ვაქცინის შექმნას წლები სჭირდება. მკლევარები კი იმედოვნებენ, რომ მთელ საქმეს რამდენიმე თვეში შეასრულებენ. ექსპერტების უმეტესობა ფიქრობს, რომ ვაქცინა მზად იქნება 2021 წლისთვის, თუმცა ეს ძალიან დიდი გამოწვევაა და არ არსებობს გარანტიები, რომ ის წარმატებული იქნება.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ოჯახის 4 სხვა ვირუსი უკვე წლებია საზოგადოებაში ტრიალებს, თუმცა არც ერთი მათგანის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

  • რისი გაკეთებაა საჭირო მანამდე, სანამ ვაქცინა ადამიანებამდე მივა?

სხვადასხვა ჯგუფებმა უკვე შეიმუშავეს პოტენციური ვაქცინები, მაგრამ სანამ ის ადამიანებამდე მივა, ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო.

  • პირველ რიგში, მეცნიერები უნდა დარწმუნდნენ, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და ეს კლინიკურმა კვლევებმა უნდა აჩვენოს. ვაქცინა ვერ იქნება სასარგებლო, თუ ადამიანის ჯანმრთელობას კორონავირუსზე უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის.
  • კლინიკურმა კვლევებმა ასევე უნდა აჩვენოს, ხდის თუ არა ვაქცინა ადამიანის ორგანიზმს COVID-19-ის მიმართ იმუნურს.
  • როცა მისი ეფექტურობა დადასტურდება, უნდა შეიქმნას მილიარდობით დოზა.
  • ვაქცინა უნდა დაამტკიცონ სამედიცინო მარეგულირებლებმა.
  • და ბოლოს, იქნება უდიდესი ლოჯისტიკური გამოწვევა, რათა ის გადანაწილდეს მთელ მსოფლიოზე.

რამდენ ადამიანს დასჭირდება ვაქცინაცია?

BBC წერს, რომ მედიცინის ექსპერტების აზრით, იმისთვის, რომ კორონავირუსის შეჩერება მოხერხდეს, საჭირო იქნება მსოფლიო მოსახლების 60-70-მა პროცენტმა ჩაიტაროს ვაქცინაცია.

  • ვინ მიიღებს ვაქცინას?

თუ ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდება, მოსალოდნელია, რომ პირველ ეტაპზე იქნება მცირე რაოდენობით და მას ყველა ვერ მიიღებს. ასეთ შემთხვევაში განისაზღვრება პრიორიტეტები. ვაქცინაცია პირველ რიგში ჩაუტარდებათ იმ მედიკოსებს, რომლებსაც კონტაქტი აქვთ COVID-19-ით ინფიცირებულებთან.

ვინაიდან ვირუსი ყველაზე მეტად ასაკოვან ადამიანებს ვნებს, პრიორიტეტული იქნება ასევე ხანში შესული ადმიანების ვაქცინაცია, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ მათ ნაცვლად პრიორიტეტად განისაზღვრონ ის ახალგაზრდები, რომლებიც ხანში შესულებთან ერთად ცხოვრობენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. ოფიციალური მონაცემებით, ვირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა და მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ დროისთვის, გლობალური მასშტაბით, COVID-19-ით 5 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 324 974 გარდაიცვალა, ხოლო 1 961 062 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით კი ქვეყნების ათეული ასეთია: აშშ, რუსეთი, ესპანეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი და ირანი.

კადიროვი, სავარაუდოდ, კორნავირუსით დაინფიცირდა - იგი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული

რატომ ჩაისვა ათასობით შვედმა კანქვეშ მიკროჩიპი და რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

როგორ შეცვალა კორონავირუსმა ნავარჯიშები და დაკუნთული ადამიანის სხეული - ამერიკელი ექთნის ფოტომ ინტერნეტი შოკში ჩააგდო