ავტორი:

"ქურდული სამყაროს" წევრებმა ბიზნესმენი გაიტაცეს და ფულს სძალავდნენ - შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად 13 პირი დააკავა

"ქურდული სამყაროს" წევრებმა ბიზნესმენი გაიტაცეს და ფულს სძალავდნენ - შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაციის შედეგად 13 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, იმერეთის, შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული თ.ო., 1997 წელს დაბადებული ლ.შ., 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.დ., 1958 წელს დაბადებული ზ.ტ., 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. გ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ., 1994 წელს დაბადებული ნ.ო., 1980 წელს დაბადებული ზ.თ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ., 1990 წელს დაბადებული გ.ბ., 1968 წელს დაბადებული კ.ბ., 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1970 წელს დაბადებული ი.ბ.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ბიზნესმენი 2020 წლის მარტის თვეში „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს ქ. თბილისში მდებარე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ, 7500 აშშ დოლარი გამოსძალეს. აგრეთვე, ძალადობითა და სისტემატიური ზეწოლის გზით, 50 000 ამერიკული დოლარის 2 თვის ვადაში გადახდა დააკისრეს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თ.ო.-ს, ლ.შ.-ს და გ.დ.-ს დანაშაულებრივი საქმიანობა კიდევ 2 ეპიზოდში გამოიკვეთა. კერძოდ, 2020 წლის მარტში და აპრილში, აღნიშნული პირები, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, ავტომანქანების გასხვისებასთან დაკავშირებულ დავებში ჩაერთნენ. საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მხარდაჭერით მოაწყვეს ქურდული გარჩევები და სხვადასხვა მხარეებს გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. მიღებული თანხა კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ძვირადღირებული ავტომანქანა, 16 000 აშშ დოლარი, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

დაკავებულებს ბრალი ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ძალადობაში. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე.

სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი ბანკომატიდან თანხის გატანის მიზნით ააფეთქეს - "მთავარი არხი"

"ჩვენს თანამშრომელს შვილი შეეძინა და 3-4 კვირა ვერ ნახა... პოლიციელები 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ" - შს მინისტრის მოადგილე

ახალგაზრდას, რომელმაც ლოგინად ჩავარდნილი 88 წლის ბებია რამდენჯერმე სცემა, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა