რამდენიმე დღის წინ უძილობით შეწუხებულმა ღამის ორ საათზე პულტით ხელში კიდევ ერთხელ ჩამოვუარე ყველა არხს, მაგრამ უშედეგოდ. ჩემი დაინტერესება ვერც სუბტიტრებიანმა ფილმებმა შეძლო და საინფორმაციო გადაცემის გამეორებითმა ხილვამ ხომ საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა. ყველა უბედურება იმ დღეს მომხდარიყო.
"პირველ სტერეოზე", ამ მუდამ მხიარულ არხზე რეკლამა გადიოდა. უფრო სწორად "ღამის" რეკლამა. ეროტიკული ჟანრის სურათები და ფოტოები ერთმანეთს ენაცვლებოდა და მოწყენილ მამაკაცებს იხმობდა. ამაში საოცარი არც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი, უცხოური პორნოს რეკლამას ქართველი ვარსკვლავების ვიდეოსერია მოჰყვა. პირველს "ცეცხლოვანი ვნება" ერქვა და რონალდ ოქროპირიძე ლიკა ქავჟარაძესთან ერთად ნახევრად შიშველი ლოგინში იწვა და გამალებით ეფერებოდა.
ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა და ვისაც გაგრძელების ნახვა სურდა, მობილურით გარკვეულ ნომერზე კოდი უნდა გაეგზავნა და სამ ლარად შეეძინა. მეორე ვიდეოში - "ერთი ნახვით სიყვარული" ნანკა კალატოზიშვილი ახალგაზრდა ბიჭს ლოგინში კოცნიდა. მათ კი, ვისაც შიშველი მამაკაცით "ტკბობა" სურდა, შეეძლო არჩევანი მოჭიდავე რამაზ ნოზაძეზე შეეჩერებინა, ამ ვიდეოს "ქართველი ჰერკულესი" ერქვა.
ვისაც ახალგაზრდა რეჟისორის შოთიკო კალანდაძის შესახებ გსმენიათ, ალბათ უკვე მიხვდით, რომ ეს მისი ფილმებიდან ნაწყვეტები იყო. არ გეგონოთ, ამ მასალით ღამეული მარტოობის შემსუბუქებას გთავაზობდეთ. უბრალოდ ერთმა ფაქტმა დამაინტერესა, იცოდნენ თუ არა შოთიკოსგან წლების განმავლობაში ფილმში გაშიშვლებულმა ადამიანებმა, რომ მათი ვიდეო ასეთი სახით გადიოდა.
ასევე იღებდნენ თუ არა ჰონორარს იმ სამი ლარიდან, რომელიც ვიდეოს გადაწერის შემდეგ ერთ-ერთი კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა. სანამ რეჟისორს დავუკავშირდებოდი, გადავწყვიტე, ჯერ ეროტიკის მონაწილეთა აზრი მომესმინა, პირველად ნანკას დავურეკე.
ნანკა კალატოზიშვილი:
- არ გამიგია, პირველად მესმის თქვენგან. ძალიან არ მომწონს ეს ფაქტი, არ მესმის, რომელ ცხოველს უნდა მოუნდეს ტელეფონში ამ ვიდეოს გადაწერა. შოთიკოსთან კონტრაქტი არ მაქვს გაფორმებული და ამიტომ ვერაფერში მივედავები. ისე, თუ მაგით ფულს იშოვის, კიდევ არა უჭირს. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ სასიამოვნო ფაქტი არ არის.
რამაზ ნოზაძე:
- აუ, ნამდვილად არ ვიცოდი. როგორც ყველა ქვეყანაში ხდება, აქაც ცნობილ ადამიანებს ასეთი რაღაც გაგვიკეთეს? რა უნდა ვთქვა, წივილ-კივილს ხომ არ ავტეხ, კონტარქტი არ მაქვს გაფორმებული.
- როგორ ფიქრობ, ვის და რატომ უნდა მოუნდეს შენი ვიდეოს გადაწერა?
- (იცინის) აზრზე არ ვარ, ალბათ ვისაც მოეწონება. ისე, ჰერკულესობაზე არასოდეს მიფიქრია. ალბათ ეგ სახელი ჩემი აღნაგობის გამო შეარჩიეს.
- შენი შეყვარებული რომ გაიგებს, რას გეტყვის?
- არაფერს. რა უნდა თქვას. დარწმუნებული ვარ, არ ექნება ნანახი.
- მის ვინაობას ხომ არ გაგვიმხელ?
- ცოლად რომ მოვიყვან, მაშინ (იცინის).
ქართველი ჰერკულესი კი გამხიარულდა, მაგრამ აშკარად დაბნეული ჩანდა. აი, როლანდ ოქროპირიძეს კი ძალიან არ მოეწონა მისი სიშიშვლის ამ ფორმით გამოყენება.
როლანდ ოქროპირიძე:
- არაფერი ვიცი, პირველად მესმის თქვენგან. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან გავბრაზდი. ეს არ მომწონს, მაგრამ თუ მაინდამაინც ასე უნდა იყოს, მე აუცილებლად ფული უნდა მომცენ. ჯერ ერთი, ვის უნდა მოუნდეს ამ ვიდეოს გადაწერა, მაგრამ ხომ არსებობენ ასეთებიც. კონტრაქტი არ მქონია მაგ ფილმზე, მაგრამ აუცილებლად გავარკვევ ყველაფერს.
შოთიკო კალანდაძისთვის ჩემი ზარი მოულოდნელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თემა გაიგო.
შოთიკო კალანდაძე:
- იცით, რა არის? ჩემი ძველი ფილმების ფოტოები და კადრები მაინც ხვდებოდა მობილურებში, ამიტომ რა არის ამაში განსაკუთრებული? სხვებს უკვე დაურეკეთ? რა გითხრეს?
- დიახ, ნანკას ვესაუბრე და ჩვენგან გაიგო. ასე თქვა, შოთიკო ამით თუ ფულს იშოვის, კიდევ არა უჭირსო.
- ვაიმე, ნანკას ჰგონია, რომ მე ამით ვხეირობ? დამიჯერეთ, ეს ძალიან მიზერული თანხაა და მემონტაჟეებს ვუხდი. ინტერნეტშიც დევს ჩემი ფილმები და მათი ნახვა იქაც ფასიანია. ყველაზე ხშირად იმ ფილმს კი არ უყურებენ, სადაც ნანკა გახდილია, არამედ იმას, სადაც კახი კავსაძე და სოფიკო ჭიაურელი თამაშობენ. ეს ფილმი მეც განსაკუთრებულად მიყვარს.
- რამაზ ნოზაძის ვიდეოს სახელი ვინ შეურჩია?
- მე შევურჩიე. იცით, რა არის? ეს ფილმები ისტორიას დარჩება როგორც ნახატი და ქანდაკება. ჟურნალისტები მაბრალებთ, რომ მხოლოდ ეროტიკას ვიღებ. გინახავთ ჩემი ფილმები? ეთერს არ მითმობენ და თუ მალაპარაკეს, მხოლოდ იმას უშვებენ, რაც თავად აწყობთ, დანარჩენს ჭრიან.
- რისი თქმა გინდა, ჩვენ გავუშვებთ.
- მაგალითად ახლა გადავიღე შორენა ბეგაშვილი.
- შენც გააშიშვლე?
- აი, ხომ ხედავ... არა, გახდაზე არც მიფიქრია. ეს არ იყო ჩემი მთავარი ამოცანა. ფილმის დასრულების შემდეგ შორენა თავის დეიდაშვილთან ერთად მოვიდა და მითხრა, ასეთი ლამაზი და უბიწო არც ერთ ფილმში არ ვყოფილვარო. ამიტომ როცა ეროტიკაზე ამახვილებთ ყურადღებას, ჯერ ჩემი ფილმები ნახეთ.
P.შ. ქართველ ვარსკვლავებს კი ვურჩევთ, სანამ ფილმში თამაშს დათანხმდებიან, მინიმუმ კონტრაქტი მაინც გააფორმონ. თორემ ერთ დღეს კიდევ დაურეკავთ ჟურნალისტი და ეტყვით, გამარჯობათ, იცოდით, რომ თქვენ ქართველი ჰერკულესი ხართ?
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)