ავტორი:

ქართული კინოს მშვენება, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო განუდგნენ - "ბევრმა ახლობელმა ატკინა გული.."

ქართული კინოს მშვენება, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო განუდგნენ - "ბევრმა ახლობელმა ატკინა გული.."

საკმარისია, ახსენო ლია ელიავა, ყველას თვალწინ მის მიერ შესრულებული სხვადასხვა ხასიათის გმირები წარმოუდგება. ისინი შრომობდნენ, იბრძოდნენ და იყვნენ იმ იდეალების ერთგულნი, რომლებისაც მთელი არსებით სჯეროდათ.

დღეს, 28 მაისს ლია ელიავა 86 წლის გახდებოდა...

მსახიობს საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა. სამი წლისა იყო, 1937 წელს მამამისი - მაღალი თანამდებობის პირი დახვრიტეს, ხოლო დედა ცხრა წლით გადაასახლეს. დედ-მამის გარეშე დარჩენილი გოგონას აღზრდა დედის მშობლებმა ითავეს.

"მამა ნაკლებად მახსოვს. მხოლოდ საწოლთან თავდახრილი კაცის სახე ჩამრჩა მეხსიერებაში. მონატრებულ დედას კარადაში შემორჩენილი მისი ორი კაბის სურნელით ვიხსენებდი და გულში ვმალავდი ბავშვურ ტკივილს, რომელიც ყოველდღე მახსენებდა თავს. სკოლიდან შინ მიმავალს სოლოლაკში ჩვენი ყოფილი სახლი უნდა გამევლო, იქით გახედვას სასტიკად მიკრძალავდნენ. თვალს მალულად ვაპარებდი, იქ ყველაფერი ისევე იყო, ოღონდ, ჩვენს მაგივრად, სხვები ცხოვრობდნენ," - ასე იხსენებდა თავის ტკივილიან ბავშვობას ლია ელიავა.

ლია ელიავა ფილმში "ბაში-აჩუკი"

დედა გადასახლებიდან რომ ჩამოვიდა, ლია 17 წლის დახვდა. მას შემდეგ, რაც დედა დაბრუნდა და ლია შეხვდა, უნებურად დეიდა კატუშა დაუძახა, რასაც თავს მთელი ცხოვრება ვერ პატიობდა...

გოგონამ რეპრესირებული ოჯახიდან მაინც შეძლო ტოტალიტარულ სისტემაში კინოვარსკვლავი გამხდარიყო. მრავალი ათეული როლი ითამაშა და მაყურებლის უსაზღვრო სიყვარული დაიმსახურა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი, ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერთა შორის აღმოჩნდა. ლია ელიავას მოგონებები ჩაიწერა კინომცოდნე მარინე კერესელიძემ, რომელიც, საბოლოოდ, წიგნში - "ლია ელიავა" შევიდა. თავად მსახიობი ასე აღწერდა ამ პერიოდს:

"მძიმედ განვიცადე რაც მაშინ საქართველოში მოხდა, არ მეგონა რომ ქართველი ქართველს ასე გაწირავდა... 1991 წლის აპრილის მოვლენებს სახლიდან ვადევნებდი თვალს. მაგრამ როდესაც 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა, შინ ვეღარ გავჩერდი, რუსთაველის გამზირზე მოზეიმე ხალხს მივაშურე, მანამდე აქციებსა თუ მიტინგებზე მონაწილეობის სურვილი არასოდეს მქონია.

ოთარ კობერიძე და ლია ელიავა

იმ დღეს კი მთავრობის სასახლის წინ შეკრებილ ხალხს სიტყვითაც კი მივმართე. ვთქვი, რომ ხვალ შეიძლება დიდი უბედურება და ტრაგედიაც დატრიალდეს, მაგრამ ეს დღე დიდი ბედნიერებისა და სიხარულის დღედ დარჩება. თითქოს გული მიგრძნობდა, რომ ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა. ასეც მოხდა..

როდესაც მე და ოთარი პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა შორის აღმოვჩნდით, საზოგადოების დიდი ნაწილი განგვიდგა. ბევრმა, ვინც ახლობლად მიგვაჩნდა და გვიყვარდა, გული გვატკინა..." - ამბობდა გულისტკივილით ლია ელიავა.

როგორც ჰყვებიან განსაკუთრებით ტრაგიკულად მსახიობმა სამოქალაქო ომის პერიოდი განიცადა, ჯანმრთელობა შეერყა და ინფარქტიც კი მიიღო.

ერთ-ერთ ინტერვიუში ოთარ კობერიძისა და ლია ელიავას ერთადერთი ქალიშვილი ნანა ელიავა (ის 2017 წელს 59 წლის ასაკში მძიმე სენს ემსხვერპლა, ავტ) ასე იხსენებდა ამ პერიოდს:

"ძალიან ბევრმა ახლობელმა ატკინა გული, იყო ძალიან ბევრი ცუდი აზრი, ძალიან ბევრი ახლობელი განუდგა, რაღაც პერიოდის მერე თვითონ მოვიდნენ, აღადგინეს ურთიერთობა. დედა დიდსულოვანი ადამიანი იყო, არ ახსენებდა.. "

თავად მშვენიერების ეტალონად აღიარებული ლია ელიავა წერდა ამ სიტყვებს, რომლის კითხვის დროსაც ხვდები, რომ ისინი დღესაც აქტუალურია:

"ყოველთვის ვოცნებობდი მეცხოვრა თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ადამიანს იმიტომ სცემენ პატივს, რომ ადამიანია, შემოქმედს, - იმიტომ რომ შემოქმედია. მსურდა მოქალაქეობრივი სილაღეც მქონოდა. საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება. ისე მოხდა, რომ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ნუთუ არაფერი შეიცვალა?" ნახეთ ვრცლად და დაათვალიერეთ ფოტოები

ავტორი: ზაურ მირიანაშვილი

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე; მფლობელები: ლაშა მებონია, დამანა მდივნიშვილი, ლევან თაქთაქიშვილი.

ულამაზესი ქართველი წყვილი შვილის მოლოდინში - ორსული ანა შელიას ფოტო "ინსტაგრამიდან"

"მამაჩემს ქართველი სიძე სურდა, მაგრამ როცა სალემი გაიცნეს, არჩევანი მომიწონეს" - მოდელი და პიანისტი კრისტინე კეკუტია ეგვიპტელ მეუღლეზე

ქართველი ემიგრანტი ქალი ორმაგი მოქალაქეობით, რომელიც თექის 3D ნამუშევრებს ქმნის - "ამერიკაში ცხოვრება გამიჭირდა, სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში"