ავტორი:

სისხლიანი დაპირისპირება გუდაუთის სამხედრო ბაზაზე - როგორ ეხამურებიან აფხაზები დაღესტნელი ასმეთაურის მკვლელობას

სისხლიანი დაპირისპირება გუდაუთის სამხედრო ბაზაზე - როგორ ეხამურებიან აფხაზები დაღესტნელი ასმეთაურის მკვლელობას

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის მე-7 სამხედრო ბაზაზე კონტრაქტორმა ასეულის მეთაური დანით დაჭრა, რის შედეგადაც დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

აფხაზურ მედიაში აღნიშნული ინფორმაცია, ყალმუხეთის რესპუბლიკის ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა Elista.org-იდან გავრცელდა, რომელიც რუსეთის სამხედრო ბაზაზე მომხდარის შესახებ წერს.

"სამხედრო მოწყობის შემდეგ, კონტრაქტორებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, ერთმანეთს ასეულის მეთაური, ლეიტენანტი მარატ გაჯიევი და სერჟანტი ბატირ ხაზიკოვი დაუპირისპირდნენ. კონფლიქტის დროს, ხაზიკოვმა გაჯიევს დანა სამჯერ დაარტყა, რის შედეგადაც დაჭრილი ძლიერი სისხლდენისგან ადგილზე გარდაიცვალა, მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი დარჩა.გაჯიევი წარმოშობით დაღესტნიდან იყო და სხვა სამხედროების მიმართ აგრესიულ ქმედებებში ხშირად იყო შემჩნეული", - წერს რუსული გამოცემა, რომლის ცნობითაც, ხაზიკოვთან ერთად, გუდაუთის სამხედრო ბაზაზე ყალმუხეთის კიდევ 10 მკვიდრი მსახურობდა. ყველა მათგანი ადიღეს რესპუბლიკაში, ქალაქ მაიკოპში გადაიყვანეს.

რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, სისხლის სამართლის გამოძიებას სამხრეთის სამხედრო ოლქის გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე დვორნიკოვი უძღვება. თუმცა, ადგილობრივების თქმით, აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ ნაწილში, ისევე, როგორც ზოგადად, რუსეთის არმიაში, ჩრდილოკავკასიელები "ყოჩის პოზიციებს არ თმობენ".

მომხდარს აფხაზები ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ. მათი ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გუდაუთის სამხედრო ბაზაზე მყოფ სამხედროებს შორის ფიზიკური შეტაკება ხდება.

"კონკრეტულად, ყალმუხებსა და დაღესტნელებს შორის არის მუდმივი დაპირისპირება, რაც დაღესტნელების მიერ არის პროვოცირებული. ყალმუხები უპრეტენზიო, მშვიდი ხალხია, ბუდიზმის მიმდევრები არიან და მათი წონასწორობიდან გამოყვანა ძნელია, მაგრამ დაღესტნელები ამას ახერხებენ. მათ შორის საზღვარი საბჭოთა კავშირის დროიდან დღემდე არ არის საბოლოოდ გავლებული, რის გამოც მუდმივად კონფლიქტი აქვთ.

დაღესტნელები აფხაზეთში თავს ისე გრძნობენ, როგორც სახლში, რადგან მიაჩნიათ, რომ აქ შინაურები არიან, ეს ჩვენთან ურთიერთობაშიც კი ეტყობათ, 90-იანი წლების ომში მოხალისეობას გვახსენებენ, არადა იარაღის გამო, ჩვენიანებსაც ხოცავდნენ", - წერს ერთ-ერთი აფხაზი.

"არსებული ინფორმაციით, ბაზაზე ბოლო წვრთნების დროსაც მოხდა დაპირისპირება, უფრო მაღალი წოდების სამხედროებს შორის. სავარაუდოდ, პრივილეგიები ვერ გაიყვეს, თორემ კონტრაქტორების პირობები ვის ადარდებს. რუსულ ჯარში ის ჭამს, ვინც ძლიერია და სხვას დაჩაგრავს და ეს ეხებათ როგორც რეგულარული ჯარის სამხედრორებს, ასევე კონტრაქტორებს", - წერს ანა ნანბა.

"ჩვენი ბიჭები, რომლებიც კურსანტებად მიდიან რუსულ სამხედრო სისტემაში, იქაურ პირობებზე ყვებიან და ვხვდები, რომ ჩემი ახალგაზრდობის შემდეგ არაფერი შეცვლილა. მშობლები, ვინც შვილებს იქ უშვებენ, ლოცულობენ, მშვიდობით დაუბრუნდეთ. გუდაუთის ბაზა ელიტარული ნაწილიაო და სხვაგან რა ხდება, ალბათ წარმოსადგენია - "დედოვშჩინის" გარეშე რუსული ჯარი წარმოუდგენელია. საქართველოში ვინც გადადის და რუსი მესაზღვრეები ვისაც უნახავს, მაშინვე მიხვდება, რაც იქ ხდება", - წერს ინტერნეტმომხმარებელი "იასონ აფხაზი".

ვინ არის აფხაზი მაფიოზი "მაფკა", რომელიც გალსა და ოჩამჩირეს აკონტროლებს

"აფხაზეთი დაინტერესებულია მშვიდობით, მაგრამ საქართველოს აგრესიის მოსაგერიებლად მზად უნდა იყოს" - ასლან ბჟანია

"ასეთი უმწეობა 90-იანებში არ გვახსოვს... სამჯერ მოიმატა პროდუქტის ფასმა" - აფხაზეთი შიმშილისა და უიმედობის პირისპირ