ავტორი:

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა: უმართავი აქციები, მობილიზებული ეროვნული გვარდია და ცნობილი ადამიანები რასიზმის წინააღმდეგ

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა: უმართავი აქციები, მობილიზებული ეროვნული გვარდია და ცნობილი ადამიანები რასიზმის წინააღმდეგ

აშშ-ის რამდენიმე ქალაქში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღა არ ცხრება. ზოგიერთ შტატში მომიტინგეემა დაარბიეს შენობები, დაამსხვრიეს ფანჯრები, დაწვეს პოლიციის მანქანები, საპასუხოდ კი სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შაბათ-კვირას აშშ-ის დედაქალაქსა და 40-მდე სხვა ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

„სიენენის“ ინფორმაციით, ხელისუფლებამ მოქმედებაში ეროვნული გვარდიის დაახლოებით 5 000 წევრი მოიყვანა, საჭიროების შემთხვევაში გასააქტიურებლად კი მზადყოფნაში დამატებით 2 000 წევრი იმყოფება. გვარდიის ქვედანაყოფები გაგზავნილი არიან კალიფორნიაში, ლონგ ბიჩზე და ვაშინგტონში. „სიენენის“ ინფორმაციით, გვარდიის დანაყოფი ბოსტონში სრულ მზადყოფნაშია და მომიტინგეების დასაშლელად ემზადება.

„კიდევ ერთელ გვსურს გაგაფრთხილოთ, პროტესტის დრო დასრულდა. მშვიდობიანი პროტესტი საათების წინ ამოიწურა. ის პირები, რომლებიც აქ შეკრებილნი არიან და სისხლის სამართლის დანაშაულებს სჩადიან, უნდა გაყვანილი იქნან ტერიტორიიდან“, - აცხადებენ ბოსტონის პოლიციაში.

ცნობისთვის, ამერიკის ეროვნული გვარდია შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სარეზერვო სამხედრო დანაყოფია.

"ესოშიეთიდ პრესის" ინფორმაციით, პოლიციამ თეთრ სახლთან ახლოს შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გამოცემის ცნობით, მომიტინგეებმა, საგზაო ნიშნები და პლასტმასის ბარიერები დაახვავეს და ცეცხლი წაუკიდეს, ზოგიერთმა მათგანმა ახლომდებარე შენობიდან ამერიკის დროშა ჩამოხსნა და ცეცხლი წაუკიდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.

თეთრ სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცოტა ხნით მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, საიდუმლო სამსახურმა პრეზიდენტი ბუნკერში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაიყვანა, მაშინ როდესაც თეთრ სახლთან სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილმა მომიტინგეებმა აგურებისა და ბოთლების სროლა დაიწყეს.

ამერიკელების პროტესტის კვალდაკვალ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯარო გამოსვლებისას თუ სოციალურ ქსელებში მწვავე განცხადებებს არ ერიდება.

"ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი მძიმე ტრაგედია იყო. მისი ხსოვნა მეამბოხეებმა, ავაზაკებმა და ანარქისტებმა შეურაცხყვეს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ფლორიდაში, „კენედის კოსმოსურ ცენტრში“ განცხადა, სადაც ის SpaceX-ის რაკეტის გაშვების პროცესთან დაკავშირებით ჩავიდა.

"ამერიკის შეერთებული შტატები ANTIFA-ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს", - წერს ტრამპი "ტვიტერში".

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპის გადაწყვეტილება ულტრა-მემარცხენე ანტი-ფაშისტური ჯგუფის წევრების ტერორისტებად გამოცხადების შესახებ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება, რაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ANTIFA-ს ადანაშაულებს.

პრეზიდენტი ტრამპი "ტვიტერზე" პრეზიდენტობის "დემოკრატ" კანდიდატ ჯო ბაიდენსაც გადასწვდა, რომელიც სოციალურ ქსელში ჯორჯ ფლოიდის დაღუპვასთან დაკავშირებით აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

"მძინარე ჯო, მსოფლიო გიყურებს და დაგცინის შენ, არის ეს ის, რაც ამერიკას სურს? არა!" - დაწერა ტრამპმა.

ამავე პოსტში პრეზიდენტი მერებსა და გუბერნატორებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

„გაამკაცრეთ ზომები დემოკრატო მერებო და გუბერნატორებო. ეს ხალხი ანარქისტები არიან. გამოიძახეთ ჩვენი ეროვნული გვარდია. მძინარე ჯო, მსოფლიო გიყურებს და დაგცინის შენ. არის ეს ის, რაც ამერიკას სურს?არა!!!“ - წერს დონალდ ტრამპი.

ატლანტას მერი კეიშა ლენს ბოთომსი კი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე აქციების შესახებ გაკეთებული კომენტარებით სიტუაციას და რასობრივ დაძაბულობას კიდევ „უფრო ამძიმებს“ და ამიტომ „უბრალოდ უნდა გაჩუმდეს.“

„ის უნდა გაჩუმდეს. ის ლაპარაკობს და სიტუაციას უფრო ამძიმებს. არის დრო, როდესაც უბრალოდ წყნარად უნდა იყო და ვისურვებდი, რომ მან საუბარი შეწყვიტოს,“- განაცხადა მერმა „სიენენთან“ ინტერვიუში.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმე მინოსეტას გენერალურმა პროკურორმა ქეიზ ელისონმა გადაიბარება.

“ამ მნიშვნელოვანი საქმის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას ჩემს ოფისზე ვიღებ. ამ საქმეში სამართლიანობის მისაღწევად ყველა რესურსს ავამოქმედებთ,“ - წერს ელისონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

აფროამერიკელის მკვლელობასთან დაკავშირებით სოლიდარობის ნიშნად, საპროტესტო აქციები იმართება მსოფლიოს სხვადსხვა ქალქშიც.

ლონდონის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც პოსტერები წარწერებით „სამართლიანობა ჯორჯ ფლოდისთვის“ ეჭირათ. აქციები გაიმართა ამერიკის საელჩოს წინაც. მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციის დროს დააკავეს 5 ადამიანი.

"არ არსებობს სამართლიანობა, არ არსებობს მშვიდობა", - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

ათასობით ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა ახალ ზელანდიაშიც. მსვლელობა გაიმართა ამერიკის საელჩოს წინ, სადაც მომიტინგეები სკანდირებდნენ „სამართლიანობის გარეშე, მშვიდობა არ იქნება“, „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“.

რამდენიმე ასეული მომიტინგე შეიკრიბა ასევე ბერლინში, აშშ-ის საელჩოსთან, სადაც აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები: „სამართლიანობა ჯორჯ ფლოიდისთვის“, „შეაჩერეთ მკვლელობა“ და ა.შ.

თავად ამერიკაში ზოგიერთ აქციაზე მომიტინგეების მხარდაჭერას სამართალდამცავებიც გამოხატავენ. ფლორიდის შტატში, მაიამი-დეიდის ოლქში აქციის მონაწილეებმა და პოლიციელებმა ერთად მუხლმოდრეკით გამოხატეს სოლიდარობა გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის მიმართ.

აფროამერიკელის მკვლელობას საჯაროდ აპროტესტებენ ცნობილი ამერიკელებიც.

კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანი აშშ-ში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

„ძალიან ვწუხვარ, ძალიან მტკივა და გაბრაზებული ვარ. ვხედავ და მესმის ყველას ტკივილი, ბრაზი და იმედგაცრუება. მე ვდგავარ მათთან, ვინც გმობს ჩვენს ქვეყანაში ასე ფესვგადგმულ რასიზმს და ძალადობს ფერადკანიან ადამიანებზე. უკვე საკმარისია!“ - აღნიშნა ჯორდანმა.

მაიკლ ჯორდანი მოსახლეობას მოუწოდებს გაერთიანდნენ და აიძულონ ქვეყნის ხელმღძვანელობა შეცვალონ კანონები.

„ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ამ სისტემის ცვლილებას“, - აღნიშნა ჯორდანმა.

შეგახსენებთ, შეერთებულ შტატებში უკვე თითქმის ერთ კვირაა მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები ახალგაზრდა აფროამერიკელის პოლიციის მიერ მოკვლას აპროტესტებენ. აქციები 46 წლის ჯორჯ ფლოიდის, დაკავების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო. თვითმხილველის მიერ გადაღებულ კადრებში მიწაზე იძულებით დაწვენილ შავკანიან მამაკაცზე პოლიციელს მუხლი დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში აქვს მიბჯენილი. ისმის დაკავებულის ხმა : „ვკვდები, ვერ ვსუნთქავ“. მოგვიანებით გონდაკარგული ფლოიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ირანმა დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა და დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა

პარიზის პირველი ქალი მერი - ესპანელი ან იდალგო, რომელიც პარიზული მოდისა და პოლიტიკის სიმბოლოა

ჩინეთში ნახევარ მილიონამდე ადამიანი ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს