ხვიჩა მაღლაკელიძე და მარი ჩახვაძე უკვე სტაჟიანი ცოლ-ქმარი არიან. მიუხედავად ამისა, მარი ამბობს, რომ ხვიჩა არაპროგნოზირებადი ადამიანია და ზოგჯერ მისი ინტერვიუებიდან ცდილობს ქმრის გაცნობას. შესაბამისად, ხვიჩაც არ მიიჩნევს საჭიროდ ცოლს ბოლომდე იცნობდეს. ამბობს, რომ ქალი ამოუცნობი უნდა იყოს საწინააღმდეგო სქესისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნეკნისგან არის შექმნილი.
ამჟამად წყვილი მშობლიურ ბათუმში ისვენებს და მეორე ბიჭს ელოდება. ჩვენ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ვესტუმრეთ და, ჩვენი რუბრიკის წესის თანახმად, ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე "დავკითხეთ".
- აღწერეთ თქვენი პირველი შეხვედრის ადგილი...
ხვიჩა:
- ის იჯდა ფორტეპიანოსთან, მე ოთახის მეორე მხარეს ვიჯექი გიტარით ხელში. შუაში ბავშვები მღეროდნენ. ეს იყო ანსამბლ "ზღვის შვილების" რეპეტიცია ბათუმში.
მარი:
- ეს იყო "ზღვის შვილების" კასტინგი ბათუმში. ახალი ნაკადი უნდა მიეღოთ. დაქალებმა გადავწყვიტეთ მივსულიყავით კასტინგზე. მაშინვე შევამჩნიე, რომ ხვიჩა ძალიან კარგად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე.
- როგორ გამოიყურებოდა? შენ რა გეცვა?
ხვიჩა:
- მუქი ლურჯი კაბა თეთრი კოპლებით. ფეხზე "ბასანოჩკები" ეცვა, თმა გაშლილი ჰქონდა. ხელით პიანინოზე იყო ჩამოყრდნობილი და მოწყენილი სახით იყურებოდა. მე ჯინსის შარვალი მეცვა და მწვანე პერანგი თეთრი ზოლებით.
მარი:
- მუქი ფერის ჯინსი ეცვა და მოყავისფრო პერანგი. სხვათა შორის, გამორჩეულად იცვამდა, არამოდურად. მე ჩემი შეკერილი კაბა მეცვა, ლურჯი, თეთრი კოპლებით. თმა გაშლილი მქონდა.
- როდის გამოგიტყდა სიყვარულში? შენ როდის გაუმხილე, რომ გიყვარდა?
ხვიჩა:
- გაკვეთილზე შემოვიტყუე, მაგარი ნიჭიერი ხარ და გიტარაზე დაკვრა უნდა გასწავლო-მეთქი. მერე ვუთხარი, ვერ ხვდები, როგორი დამოკიდებულება მაქვს შენ მიმართ, მიყვარხარ-მეთქი. მარი ერთი წლის მერე გამომიტყდა, რომ ვუყვარდი. მამაკაცს, ისევე, როგორც ქალს, სიამოვნებს ამ სიტყვის გაგონება. ჩავაცივდებოდი, გიყვარვარ-მეთქი და ხმას არ იღებდა. ერთი წლის მერე ვათქმევინე, როგორც იქნა. მანამდე ვიჩხუბეთ, აღარც კი მახსოვს ჩხუბის მიზეზი და დავშორდით ერთმანეთს. რომ შევრიგდით, მაშინ მითხრა, რომ ვერ ძლებდა უჩემოდ და ვუყვარდი.
მარი:
- გაცნობიდან სამი თვის შემდეგ გამიმხილა სარეპეტიციო ოთახში თავისი გრძნობები. გიტარაზე დაკვრას მასწავლიდა. ერთ დღესაც მივხვდით, რომ გაკვეთილები გაკვეთილის სახეს კარგავდა, მეც ვეღარაფერს ვსწავლობდი და დავიწყეთ იმის განხილვა, რა გვჭირს. მივედით იმ დასკვნამდე, რომ ხვიჩას ვუყვარვარ და იმიტომაც არაფერი აღარ გამოდის.
უფრო რომანტიკული სიყვარულის ახსნა ბათუმის ბულვარში იყო. ასაკიდან გამომდინარე ძალიან ამაყი ვიყავი, მეგონა, ჯერ დრო უნდა გავიდეს და მერე უნდა გავუმხილო ჩემი გრძნობები-მეთქი. მერე ვიჩხუბეთ, მერე შევრიგდით, მეც გავიზარდე და მივხვდი, დრო დადგა და ვაღიარე, რომ მიყვარდა.
- ქორწინების თარიღი...
ხვიჩა:
- ქორწილი არ გვქონია. ოფიციალური ჯვრისწერა იყო ახლახან, 1-ელ მაისს, ხელი 2000 წლის ივლისში მოვაწერეთ.
მარი:
- ხელი მოვაწერეთ 2001 წლის 10 ივლისს, ჯვარი ახლახან, ჩემს დაბადების დღეზე, 1-ელ მაისს დავიწერეთ.
- რა აჩუქე ბოლო დაბადების დღეზე? მან რა გისახსოვრა?
ხვიჩა:
- არაფერი, ჯვარი დავიწერეთ. 1-ელ მაისს იყო მისი დაბადების დღე. ვიქეიფეთ, დავიმხეთ თავზე ყველაფერი. მარიმ მაჩუქა სვიტერი, საფულე და ოთახის ჩუსტები.
მარი:
- ორი პერანგი ვაჩუქე და არც ერთში არ ეტევა. თვითონ მითხრა, არ გამოცვალო, გავხდებიო, მაგრამ მგონი კიდევ უფრო გასუქდა მას მერე (იცინის). მინდა ისეთი ტანსაცმელი ეცვას, ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, ასეთები კი სულ პატარა ზომებია. თვითონ?.. (ფიქრობს) არაფერი უჩუქებია. ჯვარი დავიწერეთ, ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი.
- მისი საყვარელი კერძი? შენი?
ხვიჩა:
- მარის ყველაზე მეტად ჩემი გაკეთებული კატლეტი უყვარს. მე ხორცეულზე ვგიჟდები, ხინკალი, მწვადი, ქაბაბი მიყვარს.
მარი:
- ხვიჩას ხინკალი უყვარს. მე სალათები მიყვარს, ხვიჩას გაკეთებული კერძები, ხორცს აკეთებს სხვადასხვანაირად. მაგალითად, ხორცი ქლიავით უგემრიელესი გამოსდის, კატლეტი.
- რა ფერის ტანისამოსს ანიჭებს უპირატესობას? შენ?
ხვიჩა:
- რაც შეიძლება ჭრელი უნდა იყოს, ვარდისფერი, ყვითელი, წითელი. ძალიან მომწონს, რომ არ უყვარს შავი. მუქი ფერები არც მე მიყვარს. მხიარული, ნათელი ფერები მირჩევნია. ხომ ხედავ, ყვავილებიანი შორტები მაცვია.
მარი:
- ყვითელი, სალათისფერი, მხიარული ფერები. მე ვარდისფერი მიყვარს, ხვიჩა სულ მეჩხუბება, ბარბი ხარო (იცინის). სეზონიდან და მოდის ტენდენციებიდან გამომდინარე, ყველა ფერი მიყვარს. შავს არ ვიცვამთ არც ერთი. დიდი ხნის განმავლობაში ვატარეთ ორივემ შავები. მშობლები არც ერთს არ გვყავს და ამის გამო ცუდი დამოკიდებულება გვაქვს ამ ფერთან.
- მეორე ფეხმძიმობა რა ვითარებაში გახარა?
ხვიჩა:
- აბაზანიდან გამოვიდა ტესტით ხელში და აჰა შენო, მითხრა (იცინის).
- რეაქცია?
- ჯერ მქონდა ერექცია და მერე - რეაქცია (იცინის).
მარი:
- მგონი, ხვიჩამ შენიშნა პირველმა, ფეხმძიმედ რომ ვიყავი და აქეთ გამახარა. რემონტი გვქონდა და მეგონა, მტვერით ვიყავი მოწამლული. მერე ვიყიდე ტესტი და... ძალიან ვინერვიულე, ამ არეულობაში არ მინდოდა ბავშვის გაჩენა. მაგრამ... ხვიჩას ძალიან გაუხარდა და მეც დამაწყნარა.
- როცა რაიმეზე ვერ თანხმდებით, ვინ თმობთ?
ხვიჩა:
- მარი. მე ვირი ვარ, გავჯიქდები და მეტი გზა აღარ აქვს. თუმცა ისიც მწარედ აჭარულად მომამადლის ხოლმე, რომ დამითმო.
მარი:
- მე ვთმობ. როგორც ყველა მამაკაცი, ხვიჩაც ჯიუტია. თან განებივრებული იყო ალბათ ბავშვობაში, პატარაა ოჯახში. ჩვენ სამნი ვიყავით დედმამიშვილები და ასაკობრივი სხვაობაც პატარა იყო ჩვენ შორის. ამიტომ ვიცი, რომ დათმობით არაფერს დავკარგავ და მირჩევნია სიმშვიდე შევინარჩუნო.
- მორცხვია? შენ?
ხვიჩა:
- საშინლად მორცხვია. მე ხომ ქმარი ვარ და ბოლო ხუთი წელია ჩემთან კონტაქტში შემოვიდა.
- აქამდე ჩაცმულს ეძინა?
- არა, საწოლს არ ვგულისხმობ, ჩემს მეგობრებთან ურთიერთობაში და ზოგადად ურთიერთობაშია ძალიან მორცხვი. ხალხში გამოჩენა არ უნდოდა. ახლა თქვენი, ჟურნალისტების წყალობით ცოტა გათამამდა. მე რაც შემეხება, მგონი, ზედმეტია მსგავსი შეკითხვა ჩემთან. კომპლექსი საერთოდ არ მაქვს.
მარი:
- ხვიჩას არაფრის არ რცხვენია, კომპლექსი რა არის, არც იცის. მე კომპლექსებიც მაქვს და მორცხვიც ვარ, როგორც ყველა ნორმალური ქალი.
- რა მდგომარეობაში უყვარს ძილი? შენ?
ხვიჩა:
- ახლა ფეხმძიმედ არის და ვეღარც მუცელზე წვება და ვეღარც გულაღმა. გვერდზე გადაბრუნებულს სძინავს. ჩემი ძილი ფოტოაპარატზეა აღსაბეჭდი. ერთი დიდი ფოტოგალერეა გაკეთდება. უცნაური ძილი ვიცი, ხან საწოლის ქვეშ ვიღვიძებ და ხან ფანჯრის ქვეშ.
მარი:
- საოცარ პოზებს იღებს (იცინის), მთელ საწოლს იკავებს. მე მუცელზე მიყვარს წოლა და ახლა ძალიან ვწვალობ.
- ნებისყოფა აქვს? შენ?
ხვიჩა:
- მარის ნებისყოფა ნამდვილად სჭირდება, რომ არ ჰქონდეს, ხვიჩა მაღლაკელიძეს ვერ გაუძლებდა. მაგას ნებისყოფაც არ ჰქვია, რაღაც სხვა ჰქვია, სულხან-საბა რომ ყოფილიყო ცოცხალი, უსათუოდ მოიგონებდა. მე დიდი ნებისყოფა მაქვს თურმე, ასე ამბობენ. მე თვითონ ვერ ვხვდები, რაში ვავლენ ამას. ჩემთვის ბევრი რამ ადვილად ასატანია და ალბათ ამიტომ არ ვუკვირდები, რაში მაქვს ნებისყოფა და რაში - არა.
მარი:
- მგონი, გიტარას რომ ასწავლის ბავშვებს, მხოლოდ მაშინ იყენებს ამ თვისებას, სხვა შემთხვევაში ნებისყოფა არა აქვს. მეც არ მაქვს ნებისყოფა. რაიმე საქმეს რომ ვიწყებ, სწრაფად მინდა დავამთავრო.
- ბოლოს რაზე იკამათეთ?
ხვიჩა:
- იმაზე, რომელ დღეს უნდა წავსულიყავით ბათუმში. მე მინდოდა ერთი დღით გადამედო წასვლა, თბილისში საქმეები მქონდა, მაგრამ იმდენი ქნა, თავისი გაიტანა. ფეხმძიმედაა და დავუთმე.
მარი:
- რემონტთან დაკაშვირებით ვიჩხუბეთ. ხვიჩას არ შეუძლია ხელოსანს ნამუშევარი დაუწუნოს, ხათრიანია და მეც მიშლის ამას. გაბრაზდა, ქალი ხარ და რატომ ერევიო. არადა, თვითონ ამას ვერ ახერხებს.
- რა ფერისაა მისი კბილის ჯაგრისი? შენი?
ხვიჩა:
- ორი აქვს, ვარდისფერი და იისფერი. მეც ორი მაქვს - მწვანე და მწვანე.
- ორ-ორი კბილის ჯაგრისი რად გინდათ?
- ერთი მაგარია, მეორე - რბილი.
მარი:
- ხვიჩასი მწვანე. ჩემი - იასამნისფერი და ვარდისფერი.
- როგორ გგონია, დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?
ხვიჩა:
- 80% ალბათ დაემთხვევა.
მარი:
- ხანდახან ხვიჩა ისეთ წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს და ამბობს, ასე მგონია, არ ვიცნობ. ზოგჯერ ჟურნალებში მის ინტერვიუებს რომ ვკითხულობ, შოკში ვარ, ზოგჯერ ვჩხუბობთ კიდეც მისი ამა თუ იმ მოსაზრების გამო. ასე რომ, ვერ გეტყვი, რამდენად კარგად ვიცნობ ჩემს ქმარს.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
რისთვის სჭირდება ხვიჩა მაღლაკელიძის ფეხმძიმე ცოლს დიდი ნებისყოფა