ავტორი:

"მელანია წუთებს ითვლის განქორწინებამდე..." - სკანდალური წიგნი თეთრ სახლზე და ტრამპების წყვილის სიყვარულის ისტორია

"მელანია წუთებს ითვლის განქორწინებამდე..." - სკანდალური წიგნი თეთრ სახლზე და ტრამპების წყვილის სიყვარულის ისტორია

აშშ-ში ბოლო პერიოდში რთული ვითარებაა ბევრი თვალსაზრისით. გარდა იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოს პირველი ქვეყანაა, ამავდროულად, ის საპროტესტო აქციებშია ჩაძირული, რომელიც აფროამერიკული წარმომავლობის მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.

ამასთანავე, საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და შემოდგომაზე ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელებს თუ არა დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო მოღვაწეობას.

სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამერიკაში მიმდინარე პროცესები, შესაძლოა, სწორედ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს.

დღეს კი, ყოველივეს თან დაერთო პრესაში სტატიები სათაურით: "მელანია ტრამპი დონალდ ტრამპთან განქორწინებას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ გეგმავს“.

პრეზიდენტისა და პირველი ლედის ცეკვა ტრამპის ინაუგურაციის დროს

აღსანიშნავია, რომ ტაბლოიდები ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტოში გამოცემულ წიგნს და მისი ავტორის ნაამბობს ეყრდნობიან.

  • სკანდალური წიგნი

წიგნი სახელად “Unhinged: An Insider’s Account of the Trump White House“, დონალდ ტრამპის მმართველობის თეთრ სახლსა და შიდა სამზარეულოზე გვიყვება. მისი ავტორი ომაროსა მანიგოლთ ნიუმანია, რომელიც თეთრ სახლში მუშაობდა და ის პოლიტიკურ საკითხებში პირველი ლედის თანაშემწე იყო.

ავტორი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კაბინეტის მანკიერ მხარეებს ამხელს, საუბრობს კორუფციაზე, პრეზიდენტის დამოკიდებულებებზე და ასევე თეთრ სახლში მცხოვრებთა პირად ურთიერთობებზე.

დონალდ ტრამპი და წიგნის ავტორი, მანიგოლთ ნიუმანი

ნიუმანი თავის წიგნში წერს, რომ პირველ ლედის, მელანია ტრამპს განქორწინება სურს, მაგრამ ამას დონალდის პრეზიდენტობის პერიოდში ვერ ახერხებს.

"თუ მელანია განქორწინებისთვის გზას იპოვის და მას მიატოვებს პრეზიდენტობის დროს, ის (დონალდ ტრამპი) იპოვის გზას მელანიას დასასჯელად. ჩემი აზრით, მელანია წუთებს ითვლის თავისი ქმრის პრეზიდენტობის დასრულებამდე და მერე შეძლებს განქორწინებას“, - წერს ნიუმანი.

აღსანიშნავია, რომ წიგნის ავტორი არაფერს გვიყვება იმის შესახებ, თუ რატომ სურს მელანიას განქორწინება. სკანდალური წიგნი ბესთსელერია და მისი ყიდვა "ამაზონზეც" შესაძლებელია.

  • სურს თუ არა მელანია ტრამპს განქორწინება, რას ამბობენ თეთრ სახლში?

თემაზე კომენტარი გააკეთა მელანია ტრამპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, სტეფანი გრიშემმა. ის ამბობს, რომ ნიუმანს და პირველ ლედის იშვიათად ჰქონდათ კომუნიკაცია და რომ შეუძლებელია მას მსგავსი პირადი საკითხები სცოდნოდა.

ამასთან, წიგნის გამოსვლის შემდეგ, მელანიამ სხვადასხვა ინტერვიუში ისაუბრა დონალდთან ურთიერთობაზე. ის ამბობს, რომ ქორწინებაში თავს კარგად გრძნობს და ბედნიერია. ამბობს, რომ აცნობიერებს რამდენი ჭორია მათ გარშემო და ამას ყურადღებას არ აქცევს.

მე ვიცნობ ჩემს ქმარს. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან დამოუკიდებელი ადამიანები ვართ. ვიცით ჩვენი როლების შესახებ და ბედნიერი ვართ ამ როლებით - ამბობს შეერთებული შტატების პირველი ლედი.

  • მელანია და დონალდ ტრამპების სიყვარულის ისტორია

1998 წელს ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში, 28 წლის სლოვენიელი მოდელი, მელანია კნაუსი (მელანიას გვარი ქორწინებამდე) თაიმს-სქუერზე, კიტ-კეტ კლუბში წვეულებაზე იყო, სადაც ის დონალდ ტრამპმა შენიშნა და მისით მოიხიბლა. იმ დროს დონალდი 52 წლის იყო.

სწორედ ამ პერიოდში დასავლური ტაბლოიდები წერდნენ, რომ ბიზნეს მაგნატი თავის მეორე ცოლს, მარლა მაპლს დაშორდა.

სლოვენიელი მოდელით დონალდი ერთი შეხედვით მოიხიბლა. მელანიას ტელეფონის ნომერი სთხოვა, თუმცა უარი მიიღო, სამაგიეროდ, მან თავად ჩაინიშნა ბიზნესმენის საკონტაქტო ინფორმაცია და ერთ კვირაში დაურეკა. მათი პირველი პაემანი ერთ-ერთ ღამის კლუბში შედგა და რომანტიკული ურთიერთობაც აქედან დაიწყო.

წყვილი დაქორწინებამდე ერთმანეთს რამდენჯერმე დაშორდა, პრესაში წერდნენ, რომ მოდელი ტრამპის გვერდით თავს ცუდად გრძნობდა და რომ არ მოსწონდა საჯარო ფიგურის გვერდით ყოფნა, რადგანაც მისი ცხოვრება აღარ იყო ისეთი თავისუფალი, როგორც ადრე.

2001 წელს მელანიამ მწვანე ბარათი მოიგო, რის შემდეგაც, საცხოვრებლად ამერიკაში და დონალდ ტრამპის პენტჰაუსში გადავიდა.

წყვილის გარშემო მუდამ იყო სკანდალები და ჭორები, თუმცა დონალდი ამბობდა, რომ მელანია მისი წარმატების გასაღებია და რომ არასდროს არ ყოფილა ისეთი წარმატებული, როგორც ამ ქალთან თანაცხოვრების დროს.

2004 წელს დონალდმა საყვარელ ქალს 1.5 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა და ცოლობა სთხოვა. ქორწილი 2005 წლის 22 იანვარს შედგა. მელანიას 100 000 დოლარიანი, Dior-ის საქორწინო კაბა ეცვა, რომელიც 1 500 ძვირფასი კრისტალით იყო გაფორმებული.

ქორწილი ფლორიდაში, ტრამპის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა და ცერემონიას უამრავი ცნობილი და წარმატებული ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ბილ და ჰილარი კლინტონები.

2006 წელს მელანიამ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. ამავე წელს დონალდსა და მელანიას ვაჟი, ბარონი შეეძინათ. მელანია ყოველთვის ზრუნავდა ტრამპის სხვა შვილებზე და მათთან დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

"მე დედა არ ვარ, მე მათი მეგობარი ვარ და მათ გვერდით ვარ, როცა ეს სჭირდებათ“, - ამბობდა მელანია Harpers Bazaar-თან ინტერვიუში.

მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ისტორიის ახალი და განსხვავებული თავის დაწერას იწყებს - ვინ არის მაია სანდუ

იტალიაში ვულკანი სტრომბოლი ამოიფრქვა - სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები და შიშის მომგვრელი სანახაობა

მეჰრიბან და ილჰამ ალიევები ყარაბაღში ჩავიდნენ - რა კადრებს აქვეყნებს აზერბაიჯანის პირველი ლედი "ინსტაგრამზე"