ავტორი:

ენტონი ფაუჩი ჯანმო-ს წინააღმდეგ - "ის, რომ უსიმპტომო პაციენტებისგან COVID-19 იშვიათად ვრცელდება, არასწორია"

ენტონი ფაუჩი ჯანმო-ს წინააღმდეგ - "ის, რომ უსიმპტომო პაციენტებისგან COVID-19 იშვიათად ვრცელდება, არასწორია"

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგის, ენტონი ფაუჩის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ COVID-19 უსიმპტომო პაციენტებისგან იშვიათად ვრცელდება, სწორი არ არის.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ABC-ის ეთერში ისაუბრა.

"მონაცემები აჩვენებს, რომ ინფიცირებულ პაციენტთა 25-დან 40 პროცენტამდე უსიმპტომოა. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა კი ცხადი გახადა, რომ ვირუსი შეიძლება გავრცელდეს უსიმპტომო პაციენტებისგანაც“, - ამბობს ფაუჩი.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადება "არ იყო სწორი“.

  • რა განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უსიმპტომო პაციენტებისგან ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით?

აღნიშნულ საკითხზე ჯანმოს წარმომადგენელმა, ექიმმა მარია ვან კერხოვმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, უსიმპტომო პაციენტებისგან COVID-19-ის გავრცელების შემთხვევები "ძალიან იშვიათია."

“მონაცემებში, რომელიც ჩვენ გვაქვს, ძალიან იშვიათია უსიმპტომო პაციენტისგან ვირუსის გადადების შემთხვევები. გვაქვს ანგარიშები ქვეყნებიდან, რომლებიც დეტალურად იკვლევენ კონტაქტებს, ისინი ვერ პოულობენ უსიმპტომო პაციენტებისგან გადადების შემთხვევებს, ან ძალიან იშვიათად პოულობენ“, - ამბობს მარია ვან კერხოვი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განმარტების გაკეთება მოუხდა. მათი განმარტების მიხედვით, "უსიმპტომო პაციენტებისგან ვირუსის გავრცელება მაინც შესაძლებელია." ენტონი ფაუჩის თქმით, ჯანმოს მხრიდან დამატებით განცხადების გაკეთება აჩვენებს,რომ ორგანიზიამ უკან დაიხია, რადგანაც მათ არ აქვთ მტკიცებულებები.

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებული სკანდალი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აშშ კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხისა და საკითხთან დაკავშირებით რეალური ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯანმო ჩინეთთან თანამშრომლობდა და მათ ინფორმაციის გაყალბებაში დაეხმარა. ტრამპა ასევე ისიც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ორგანიზაციასთან თანამშრომლობას წყვეტს.

კორონავირუსის ახალი შტამი COVID-19 ოფიციალური მონაცემებით 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა, საიდანაც მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. კორონავირუსის პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა.

ამ დროისთვის ვირუსი მსოფლიოს 213 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულზეა გამოვლენილი. საერთო ჯამში, გლობალური მასშტაბით COVID-19-ით 7,4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 419 048 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3,7 მილიონს შეადგენს.

"დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს - გიორგი გაბუნიამ ჯობს დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს" - რას წერს კადიროვი "ტელეგრამზე"

"დექსამეტაზონს" კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების გადარჩენა შეუძლია - ბრიტანელი მეცნიერების იმედისმომცემი სიახლე

"კადიროვი ფორმაშია, რომ მბრძანებელს ასიამოვნოს..." - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმას