რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გაერთიანებული სტრატეგიული სარდლობის - "სამხრეთის" საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებას კვლავაც განაგრძობს. სარდლობას დაქვემდებარებული შეიარაღებული სამხედრო ნაწილების სამხედრო ტექნიკის მოდერნიზება და ახალი სტრუქტურული ორგანიზება საქართველოს ”შესაძლო აგრესიისგან” უკეთ დაცვას ემსახურება.
ამის შესახებ РИА "Новости"-ს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი სათათბიროს წევრმა, ჟურნალ "ეროვნული თავდაცვის" მთავარმა რედაქტორმა იგორ კოროტჩენკომ განუცხადა.
ივნისის დასაწყისში გენ-შტაბში განაცხადეს, რომ 1 დეკემბრიდან "სამხრეთ" სარდლობას ჩრდილო-კავკასიური სამხედრო ოლქი, პრივალჟ-ურალის სამხედრო ოლქის ნაწილი, შავი ზღვის ფლოტი, კასპიის ფლოტილია, სომხეთის ქალაქ გიუმრიში არსებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზა, ასევე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსული სამხედრო ბაზები დაექვემდებარებიან.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, იმისათვის, რომ საქართველოს შესაძლო თავდასხმას რუსეთის სამხრეთ სარდლობამ სწრაფი და ეფექტური კონტრშეტევით უპასუხოს, მისი სამხედრო ტექნიკის მოდერნიზება და ღამით ბრძოლის საშუალებებით აღჭურვა უნდა მოხდეს. საამისოდ ”როსობორონზაკაზისთვის” ყველა საჭირო თანხები გამოიყოფა.
გეგმის თანახმად 2014 წლისთვის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ბაზები ახალი ტიპის იარაღით აღიჭურვება.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.