ავტორი:

რა შემოუთვალა კადიროვმა გაბუნიას, როცა ტელეწამყვანმა პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა

რა შემოუთვალა კადიროვმა გაბუნიას, როცა ტელეწამყვანმა პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა და ეს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით ხდებოდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეთნიკურად ინგუში 40 წლამდე მამაკაცი ვასამბეგ ბოკოვი, რომელიც თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე 12 ივნისს სპეცოპერაციის დროს დააკავეს, საქართველოში სპეციალური დავალებით იყო ჩამოსული და გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

გვარამია ამბობს, რომ გაბუნიაზე თვალთვალის შესახებ "მთავარი არხისთვის" რამდენიმე კვირაა ცნობილია. ლიკვიდაციის გეგმა კი გიორგი გაბუნიას საქმიანობას და მის სკანდალურ ეთერს უკავშირდება:

"ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი წყაროებიდან კონტრტერორისტულ სამსახურში, რომ ეს დაკავშირებულია პირდაპირ იმ გამოთქმებთან და იმ გამოსვლასთან, რომელიც გიორგი გაბუნიას ჰქონდა ჯერ კიდევ "რუსთავში 2"-ში, "პოსტკრიპტუმში" პუტინთან დაკავშირებით. შემკვეთი არის კადიროვი" - ამბობს გვარამია.

პუტინის მისამართით გაკეთებული მწვავე მიმართვა ქართველ მაყურებელს კარგად ახსოვს. 2019 წლის ივლისში, მაშინ ჯერ კიდევ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა.

"ვოვაჩკა, შენ ხარ ორღობის მეძავი... ჩვენს მშვენიერ დედამიწაზე შენნაირი უღმერთო არსების და მახინჯის ადგილი არ არის. წადი შენი.... შენს მონებთან ერთად. შენი დედაც... უი, დედაშენი მკვდარია, რა სამწუხაროა. დაე, დაიწვას ჯოჯოხეთში შენთან და მამაშენთან ერთად...“, - ეს არის ნაწილი იმ უხამსი მიმართვისა, რომლითაც გაბუნიამ პირდაპირი ეთერით, ათასობით მაყურებლის წინაშე მიმართა პუტინს.

აღნიშნულს მწვავე რეაქცია მოჰყვა საქართველოშიც და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. მეორე დღესვე გაბუნიას მონოლოგს გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი:

"კავკასიაში კაცი მსგავს სიტყვებს არ ამბობს, მითუმეტეს თავისი მოსისხლის მიმართაც. გაბუნია მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია" - დაწერა რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პრეზიდენტს და მთლიანად რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადოს. მან გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც მოითხოვა.

"მუდმივად არ შეიძლება გვქონდეს ისეთი გამომეტყველება, რომ არ ვიმჩნევთ საქართველოს მხრიდან მტრულ გამოხდომებს. ამიტომ, აუცილებელია ქვეყნის მიმართ შემოვიღოთ ყველაზე ხისტი სანქციები, რომლებიც არ შეეხება იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. ახლა ცდილობენ შთაგვაგონონ, რომ საქართველომ დაგმო არამზადის გამოხდომა, მაგრამ საჭიროა არა დაგმობა, არამედ მისი პირდაპირი ეთერისგან შორს ყოფნა" - განაცხადა კადიროვმა გაბუნიას მონოლოგის კომენტირებისას.

გიორგი გაბუნია ამბობს, რომ ამ შემთხვევის შემდეგ მისი პირადი დაცვა გაძლიერდა და შენიშნეს, რომ ტელეწამყვანზე თვალთვალი მიმდინარეობდა. მისივე თქმით, მისდიოდა ხმები, რომ სიფრთხილე გამოეჩინა, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ვასამბეგ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს, თუმცა არ აკონკრეტებენ, ვისი ლიკვიდაცია ჰქონდა განზრახული დაკავებულს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზეც საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის არხებით, გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.

ალერგია - იმუნიტეტის შეცდომა, რომელიც შეგიძლიათ, გამოასწოროთ

"ძალიან მომრავლდა ამ ტიპის ჩივილები... რატომ გვაყენებთ ასეთ მდგომარეობაში?" - რაზე უსაყვედურა რომან კაკულიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს

დიდუბის ბაზარში მოვაჭრე COVID-19-ით ინფიცირებული 63 წლის ქალის სიძეს კორონავირუსის დაუდასტურდა