როგორი გოგონები მოსწონს "მისტერ საქართველოს"

როგორი გოგონები მოსწონს "მისტერ საქართველოს"

რატომღაც, საქართველოში მოდელ მამაკაცებს ყველა თუ არა, საზოგადოების ნაწილი მაინც კარგი თვალით არ უყურებს. თავის დროზე ჩატარებულ "მისტერ საქართველოს" კონკურსსაც გამოუჩნდნენ "ოპონენტები". 19 წლის გიორგი ორბელაძე (რომელიც სამოდელო სფეროში "მისტერ საქართველოს" კონკურსში გამარჯვების შემდეგ ჩაერთო), როცა საჭიროა, მოდელის პროფესიას სერიოზულად ეკიდება, ჩვენებებში მონაწილეობს. ის შინიდან მოუწესრიგებელი არ გადის - სურს, "მისტერ საქართველოს" ტიტული გაამართლოს.

- "მისტერ საქართველოდ" ყოფნა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, როგორ მოვიქცევი, რადგან ჩემ უკან მთელი საქართველო დგას. ეს, ცოტა არ იყოს, რთულია: ხალხში ეჭვები რომ არ გაჩნდეს, შინიდან მოუწესრიგებელი ვერ გავალ. მინდა, იმ ტიტულს ვიმსახურებდე, რომელიც მაქვს. გარდა ამისა, სასიამოვნო და საამაყოა, როცა მაგალითად, ქუჩაში მცნობენ.

- ხალხისგან არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება თუ გიგრძნია?

- არა.

- არასოდეს?

- ყოველ შემთხვევაში, იმ ხალხისგან - არა, ვინც ჩემ გარშემოა: მეგობრები, ნათესავები, ძმაკაცები, დაქალები... იმის გამო, რომ "მისტერ საქართველოს" კონკურსში ვმონაწილეობდი, მათგან უარყოფითი დამოკიდებულება არ მიგრძნია.

- გოგონები შენს მოდელობას როგორ აღიქვამენ?

- ჩემი აზრით, ეს ფაქტი ყველა ნორმალურმა ადამიანმა ჩვეულებრივად უნდა აღიქვას. მოდელობაც ერთ-ერთი პროფესიაა. სხვის საქმიანობას ყველამ პატივი უნდა სცეს, მაგრამ რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია ქვეყანაზე. მიმაჩნია, რომ მოდელი მამაკაცი ვაჟკაცური, სიმპათიური, არტისტული უნდა იყოს. ალბათ, ქართული მენტალიტეტის გამო, ხალხში მუსირებს აზრი, რომ მოდელი ბიჭები არამამაკაცურები არიან. "მისტერ საქართველოში" ძალიან კარგი, საინტერესო კონკურსანტები იყვნენ და მათზე ვინმემ აუგი რომ თქვას, არ ვაპატიებ (იცინის)! ვინც მიცნობს, ცუდის თქმას ვერ შემკადრებს, რადგან იციან, როგორი პიროვნება ვარ.

- მოდელის პროფესიას სერიოზულად ეკიდები თუ ეს საქმე შენთვის უბრალოდ, ჰობია?

- ვერ ვიტყვი, რომ ჰობია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ პროფესიაა. როცა საჭიროა, ამ საქმეს სერიოზულად ვეკიდები. მაგალითად, ახლახან ერთ-ერთ კლუბში ჩვენება იყო, რომელზეც 3 ბრენდის სამოსი "გავიტანე". როცა უამრავი ადამიანი გიყურებს, შენზე ბევრი რამაა დამოკიდებული, არასერიოზულობა არ შეიძლება. ჩემს მომავალ პროფესიას რაც შეეხება, "ჯავახიშვილში", ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობ. ასე რომ, მოდელობა "მეორადი" პროფესიაა (იცინის).

- "მისტერ საქართველოს" კონკურსში მონაწილეობამდეც მოდელი იყავი?

- არა. კონკურსის შესახებ ტელეეკრანიდან გავიგე. თავდაპირველად მონაწილეობა არ მინდოდა. განა იმიტომ, რომ ეს ცუდია, უბრალოდ - სურვილი არ მქონდა, მაგრამ მერე მეგობრების დაჟინებული თხოვნით (სხვათა შორის, ოჯახშიც მირჩიეს), რეგისტრაცია გავიარე...

- გამარჯვებას არ ელოდი?

- სიმართლე გითხრათ, - არა, რადგანაც ძლიერი კონკურენცია იყო. ერთადერთი სურვილი მქონდა - საუკეთესო ხუთეულთა სიაში ჩემი სახელიც ყოფილიყო; პირველ ადგილს თუ დავიკავებდი, ნამდვილად არ მეგონა - გაოგნებული გახლდით, ემოციებს ვერც გამოვხატავდი.

- "მისტერ მსოფლიოზე" როგორი განწყობილებით წახვედი?

- ეს საპასუხისმგებლო საქმე იყო! ვერ ვიტყვი, რომ მეშინოდა, მაგრამ ემოციებით სავსე ვიყავი, რადგან ჩემი ქვეყანა უნდა წარმედგინა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კმაყოფილი ვარ. კონკურსზე სასიამოვნო, მეგობრული გარემო იყო. "მისტერ მსოფლიო" ირლანდიელი (წარმოშობით არაბი) კამალ იბრაჰიმი გახდა. გამიხარდა, რადგან ის კარგი პიროვნებაა და გამარჯვებაც ერთ-ერთმა პირველმა მივულოცე.

- "მისტერ" და "მის მსოფლიო" რამდენად განსხვავებული კონკურსებია?

- "მისტერ მსოფლიოს" კონკურსი სილამაზის კონკურსისგან აბსოლუტურად განსხვავებულია: "მისტერი" წარმოსადეგი უნდა იყოს (აუცილებელი არაა, მოდელის პარამეტრებს აკმაყოფილებდეს), ინტელექტი, ტალანტი უნდა ჰქონდეს... საუკეთესოები გარეგნობის მიხედვით არ აურჩევიათ - მათზე უკეთესი გარეგნობის მქონე კონკურსანტები საპრიზო ადგილების გარეშე დარჩნენ.

- "მისტერ მსოფლიოს" კანდიდატებმა ტალანტი, ინტელექტი როგორ წარმოაჩინეთ?

- ტალანტების კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო, მასში მხოლოდ რამდენიმე ბიჭი მონაწილეობდა, სპორტულ შეჯიბრებებში კი არავის არაფერში ჩამოვრჩი. ეს ყველაფერი სახალისოც იყო. გასაუბრების შემდეგ ჟიურიმ გადაწყვეტილება მიიღო და გამარჯვებული დაასახელეს...

- ე.ი. გამარჯვებული არ მოგეწონა?

- გარეგნობით ბევრი სჯობდა, მაგრამ კარგად ვიცნობ - ჭკვიანი, განათლებული პიროვნებაა. ამ მხრივ, გამარჯვება ეკუთვნოდა.

- "მისტერ მსოფლიოზე" რაიმე საინტერესო შეთავაზება ხომ არ მიგიღია?

- არა. ისე, იქ დიზაინერები, კინორეჟისორები არც მინახავს.

- ჟიურის წევრები ვინ იყვნენ?

- ჩემი აზრით, ჟიური კომპეტენტური არ იყო. მის შემადგენლობაში იყვნენ: წლევანდელი "მის მსოფლიო", "მის რუსეთი", "მის ჩინეთი", ძველი "მისტერ მსოფლიო" და ის 2 ადამიანი, ვინც კონკურსის ორგანიზატორია.

- შენი აზრით, "მისტერ მსოფლიო" ვინ უნდა შეარჩიოს?

- დიზაინერმა, ფოტოგრაფმა, რეჟისორმა... შეიძლება, ჟიურის შემადგენლობაში ფსიქოლოგიც იყოს.

- წლევანდელი "მის საქართველო" თუ მოგწონს?

- კი, ცირა სუქნიძე ძალიან ლამაზი და მეგობრული გოგონაა.

- ზოგადად, ქართველ მოდელ გოგონებზე რას ფიქრობ?

- ბევრი კარგი გარეგნობის გოგონა გვყავს, მაგრამ უმეტესობა დასახვეწია: მორცხვები არიან, ხალხში იბნევიან... ამას თუ დაძლევენ, ბევრს აქვს შანსი, რომ წარმატებული მოდელი გახდეს...

- მამაკაც მოდელებს რაც შეგეხებათ, სხეულის რა პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეთ?

- სასურველია, 180 სმ-ზე მაღალი იყოს და ნავარჯიშევი სხეული ჰქონდეს.

- წონაზე განსაკუთრებულად ზრუნვა გიხდება?

- არა. ძალიანაც რომ ვეცადო, ვერც ვიმატებ და ვერც - ვიკლებ (იცინის). ადრე წონაში მომატება მინდოდა და ძალიან ბევრს ვჭამდი, ვვარჯიშობდი...

- სპორტის რომელიმე სახეობით თუ ხარ გატაცებული?

- კი, კალათბურთით და უნივერსიტეტის გუნდში ვთამაშობ.

- სილამაზის სალონს რამდენად ხშირად სტუმრობ?

- მხოლოდ მაშინ, როცა თმის სიგრძის შემოკლება მინდა (იცინის). შინიდან მოუწესრიგებელი არ გავდივარ, მაგრამ ეს იმას რა ნიშნავს, რომ ფრჩხილები უნდა "გავიკეთო".

- შენი ოჯახიც გაგვაცანი...

- მშობლებთან და ჩემს უმცროს დასთან ერთად ვცხოვრობ. დედა ექიმია, მამა - სამართალდამცავი, ჩემი 11 წლის და კი სკოლის მოსწავლე გახლავთ.

- დასასვენებლად წასვლას სად აპირებ?

- გურიაში, ოზურგეთის რაიონში. იქ ჩემი დედულეთია, ბევრი ნათესავი მყავს და დროს ყოველთვის კარგად ვატარებ; შემდეგ ალბათ, ზღვაზე წავალ. დასვენება ისეთ ადგილას მიყვარს, სადაც მთა, მდინარე, ლამაზი ბუნებაა.

- თბილისში როგორ ერთობი?

- ძმაკაცებთან, მეგობრებთან ერთად ვერთობი - ვსეირნობთ, საცურაო აუზზე, კუს ტბაზე, თბილისის ზღვაზე დავდივართ. სკოლის მეგობრები არ დავიკარგეთ და თითქმის სულ ერთად ვარ, ძმებივით. ღამის კლუბებში გართობა არ მიყვარს.

- რატომ?

- ჩემი ცხოვრების სტილს არ შეესაბამება. საღამოს 9 საათზე არ ვიძინებ, მაგრამ თავის დროზე დაძინება და დილით ადრე ადგომა მიყვარს (იცინის).

- გიორგი, შენს ყურადღებას როგორი გოგონები იპყრობენ?

- უბრალო გოგონები. "ფუტლარებს" ვერ ვიტან (იცინის): შეიძლება, გოგონა გარეგნულად მომხიბვლელი იყოს, მაგრამ თვალებში რომ შეხედავ, მიხვდები - საინტერესო არაა...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება