პატიმარი ვარსკვლავები

პატიმარი ვარსკვლავები

მდიდარ და ცნობილ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დიდება და ხალხის საყოველთაო სიყვარული კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, მაგრამ კანონის დამცველები ფხიზლად არიან და როგორც ამბობენ, - მათ მოთმინებასაც აქვს საზღვარი...

როგორც წესი, ვარსკვლავთა დაპატიმრების მიზეზი ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარება ხდება. ყველაზე ხშირად, ამ დანაშაულის გამო პოპულარობით განებივრებული ჰოლივუდის "ოქროს გოგონები" ისჯებიან.

ლინდსი ლოჰანი

21 ივლისს გოგონა ლოს-ანჯელესის ახლოს მდებარე ლინვუდის ციხის საკანში დაბინავდა, სადაც 14 დღეს გაატარებს. თავდაპირველად დამნაშავეს 90-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ დაჰპირდნენ, რომ კარგი ყოფაქცევის შემთხვევაში ვადაზე ადრე გაათავისუფლებდნენ.

ყველაფერი ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო, როდესაც ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფ გოგონას, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ავტომობილს მართავდა, სამი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს და ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსის გავლა დაავალეს, მაგრამ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ლინდსის მუდამ ღამის კლუბებში ხედავდნენ, მეცადინეობაზე კი მხოლოდ ერთი-ორჯერ თუ მივიდა. ამჯერად ხელისუფლებამ თავი დაიზღვია და ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლინდსი სამ თვეს სარეაბილიტაციო კლინიკაში გაატარებს.

ლინვუდის ციხე ვარსკვლავებით "განებივრებული" საპატიმროა. ცნობილია, რომ ლინდსიმდე იქ კიდევ რამდენიმე ცნობილი ადამიანი იხდიდა სასჯელს. სხვადასხვა დროს ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და ავტომობილების დაუოკებელი სიყვარულის გამო ლინვუდის ციხის პატიმრები იყვნენ: ნიკოლ რიჩი, პერის ჰილტონი, მიშელ როდრიგესი...

ნიკოლ რიჩი

ნიკოლ რიჩი 2003 წლის თებერვალში, მალიბუში დააპატიმრეს - ჰეროინის შენახვისა და ავტომობილის უნებართვოდ მართვის ბრალდება წაუყენეს. როგორც ჩანს, ამ ინციდენტმა მასზე ვერანაირი ზეგავლენა ვერ მოახდინა. მართალია, სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდეგ გოგონა ნარკოდამოკიდებულებისგან განიკურნა, მაგრამ მის უპასუხისმგებლობას არაფერი ეშველა და 2006 წლის დეკემბერში ნიკოლი მეორედ გამოიჭირეს... 2007 წლის 27 ივლისს სასამართლომ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე იგი ორსულ მდგომარეობაში გამოცხადდა, თანაც - კალიფორნიის ციხეები მეტისმეტად გადატვირთულია და რიჩის პატიმრობა მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა. თუმცა, ეს დროც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ნორჩი ვარსკვლავი გონს მოსულიყო. ამჟამად ნიკოლ რიჩი ტანსაცმლის დიზაინითა და ორი შვილის აღზრდითაა დაკავებული.

მიშელ როდრიგესი

2007 წლის ოქტომბერში სამართალდამცავებმა "ფორსაჟის" ვარსკვლავის, მიშელ როდრიგესის ავტომობილი გააჩერეს, ნასვამი გოგონა პოლიციის განყოფილებაში მიაბრძანეს, ნარინჯისფერ "საფირმო" კომბინეზონში გამოაწყვეს და როგორც ყველა დამნაშავეს, ფოტოსურათი მასაც გადაუღეს. სწორედ ამ დროს პოლიციის კარტოთეკაში ჰოლივუდის ლამაზმანის კიდევ ერთი ცოდვა - 2006 წელს ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ფაქტი ამოტივტივდა. მაშინ მიშელი მხოლოდ გაფრთხილებით გადარჩა, მაგრამ ამჯერად, მოსამართლეს მკაცრი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მიზეზი ჰქონდა და მიშელს 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, იმის გამო, რომ ვარსკვლავის დანაშაული ძალადობრივ ქმედებას არ შეიცავდა, თანაც, კალიფორნიის ციხეები როგორც ყოველთვის, გადატვირთული იყო, მიშელს გამოსაცდელი ვადა მისცეს და ანტიალკოჰოლური სამაჯურის ტარება მიუსაჯეს.

მიშა ბარტონი

როდესაც პოლიციელებმა მიშა ბარტონის ავტომობილი გააჩერეს, ნარკოტიკის კვამლით გაჟღენთილ სალონში თავად გოგონა ძლივს დაინახეს! "მუდამ ყურადღების ცენტრში ვიყავი, ყველა მე მაშტერდებოდა ხოლმე... ერთხანს საერთოდ, არაფრის გაკეთება არ შემეძლო, საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი და სიტუაციას ვერ ვუმკლავდებოდი", - შესჩივლა მსახიობმა მოსამართლეს. გოგონა ამ სიტყვებით მკაცრი ადამიანის გულის მოლბობას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ - იმ დროისთვის მის დოსიეში დაფიქსირებული იყო დაპატიმრება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გზაზე საავარიო სიტუაციის შექმნის გამო. ამიტომაც, მიშა პირდაპირ კლინიკაში მიაბრძანეს. მსახიობი სასჯელს ფილოსოფიურად მიუდგა. "ზოგჯერ ფსკერზე უნდა დაეშვა და ჯოჯოხეთის ყველა წრე გაიარო იმისათვის, რომ შემდეგ თავი უკეთესად იგრძნო", - განაცხადა მსახიობმა რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ.

პერის ჰილტონი

2007 წლის ზაფხულში ლინვუდის წინ უამრავმა პაპარაციმ მოიყარა თავი, რათა პერის ჰილტონის თავისუფლების უკანასკნელი წამები ფირზე აღებეჭდათ. მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გოგონა დიდხანს სერავდა ლოს-ანჯელესის გზებს და ხელისუფლების "ნერვებზე თამაშობდა". მას ვერც მართვის უფლების ჩამორთმევამ და ვერც გამოსაცდელმა ვადამ ჭკუა ვერ ასწავლა, ამიტომაც სასამართლომ 23-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. როდესაც პატიმრობის ვადა ამოეწურა, ჰილტონმა დაიფიცა, რომ მომავალში "სრულიად სხვაგვარად" იცხოვრებდა და "ყოფილი პატიმრებისთვის თავშესაფარსაც" გახსნიდა, მაგრამ დაპირების შესრულება ვერ შეძლო...

იმედია, ქერათმიან ლამაზმანებს არ ეწყინებათ, მაგრამ ერთი კანონზომიერება ნათლად შეიმჩნევა: მათი უმრავლესობა პირველ გაფრთხილებას არაფრად აგდებს. 2010 წლის ზაფხულში პერისი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმ დროს დააკავეს, როდესაც ჰოლანდიის ნაკრებს გულშემატკივრობდა და მარიხუანას პირდაპირ სტადიონზე ეწეოდა... მან პოლიციის განყოფილებაში განაცხადა, რომ ნარკოტიკს მისი მეგობარი ეწეოდა, თავად კი "უბრალოდ, იქვე იდგა", მაგრამ ყველაზე საოცარი ის არის, რომ დაუჯერეს!

ჰიუ გრანტი

ნარკოტიკები და ალკოჰოლი არაფერია იმ პიკანტურ დანაშაულთან შედარებით, რომლის გამოც ბრიტანელი "მარადი ბერბიჭა", ჰიუ გრანტი "ჩავარდა" - მსახიობს ავტომობილის უკანა სავარძელზე პროფესიონალ როსკიპთან ერთად წაასწრეს!

რა გასაკვირია, რომ ლიზ ჰარლი, რომელიც იმ პერიოდში ჰიუს სატრფო იყო, გაშმაგდა, მაგრამ საზოგადოების წინაშე იხტიბარი არ გაიტეხა და განაცხადა: - "თქვენ არ გსურთ, გვერდით ისეთი მამაკაცი გყავდეთ, რომელსაც ყველაფერს აპატიებდით?" ჰიუს ეს დანაშაული პოლიციამაც აპატია - მხოლოდ ჯარიმითა და საჯარო მონანიებით დაკმაყოფილდა.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება