ავტორი:

კორონავირუსისგან ყველაზე დაუცველი ადგილი, სადაც მოსახლეობის 80%-ს COVID-19-ის სიმპტომი აქვს, ერთადერთი ექიმი კი ინფიცირებულია

კორონავირუსისგან ყველაზე დაუცველი ადგილი, სადაც მოსახლეობის 80%-ს COVID-19-ის სიმპტომი აქვს, ერთადერთი ექიმი კი ინფიცირებულია

პერუს გულში, ცენტრალურ ამაზონში, აბორიგენი მოსახლეობა, შიპიბო ცხოვრობს. როგორც CNN წერს, ეს ადამიანები წლების განმავლობაში იცავდნენ თავიანთ მიწას უცხოელი დამპყრობლებისგან, მაგრამ ახლა მათ წინაშე ახალი და ძლიერი მტერია - COVID-19.

გამოცემის ცნობით, სოფელ კაიმიტოში, რომელიც შიპიბოს ხალხითაა დასახლებული, მოსახლეობის 80 %-ს COVID-19-ის სიმპტომები აქვს. აღნიშნულზე საუბრობს, ადგილობრივი ექიმი, ელიას მაგინი. მისივე თქმით, უახლოეს საავადმყოფომდე ნავით მისვლას 8 საათი სჭირდება.

ელიასი ამბობს, რომ წამლების მარაგი, რომელიც სახელმწიფომ გადასცათ, უკვე სამი დღეა ამოიწურა. "დარჩენილი გვაქვს სხვა დაავადებების სამკურნალო წამლები. პარაცეტამოლიც კი არ გვაქვს“. - ამბობს მაგინი.

ოფიციალურად შიპიბოს ხალხის რაოდენობა 20 ათასიდან 35 ათასამდე მერყეობს და ისინი სხვადასხვა სოფლებში ცხოვრობენ. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში მცხოვრები აბორიგენები ცნობილები არიან თავიანთი შამანური რიტუალებით და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ მცენარეულ ნარევებს იყენებენ და შამანურ რიტუალებს მიმართავენ.

სოფელ კაიმიტოში მისასვლელად ერთადერთი გზა არსებობს, იქ მისვლა ნავითაა შესაძლებელი, რომელიც რეგიონული დედაქალაქიდან, პუკალპადან 8 საათის გზაზეა, 18 საათია საჭირო დედაქალაქ ლიმადან მანქანით მისასვლელად. თუმცა ახლა კარანტინის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია და ნებადართულია მხოლოდ სპეციალური ნებართვის მიღების შემთხვევაში.

CNN-ის რეპორტიორებმა ნებართვა მიიღეს და სოფელში ჩავიდნენ. ჟურნალისტი აღწერს, რომ მდინარესთან მათ მაგინი თანაშემწესთა, მაჰუასთან ერთად დახვდათ, რომლებიც ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან ერთად იყვნენ. გამოცემა წერს, რომ ყველა მათგანი ახველებდა და როგორ დაავადებულები ისე გამოიყურებოდნენ.

სამედიცინო პუნქტი კაიმიტოში და სოფლის ერთადერთი ექიმი, რომელიც თავადაც კორონავირუსითაა ინფიცირებული

მაგინის თქმით, სოფელში 750 ადამიანს, რაც მისი მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტია კორონავირუსი აქვს, მართალია, ტესტი არ ჩატარებიათ, მაგრამ ყველას COVID-19-ის სიმპტომები აღენიშნებათ. მისივე თქმით, სოფელში კორონავირუსის სიმპტომების მქონე 4 ადამიანი გარდაიცვალა.

სოფელში მხოლოდ ერთი ექიმია - ელიას მაგინი და ერთიც მისი თანაშემწე. თავად მაგინს სამი დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს კი მაშინ გამოვლინდა, როცა ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები ჩავიდნენ სოფელში და ტესტი მხოლოდ 20 ადამიანს, მათ შორის მაგინსაც გაუკეთეს.

CNN წერს, რომ მიუხედავად დიაგნოზისა, მაგინი მაინც აგრძელებს სხვებზე ზრუნვას და მუშაობას იმიტომ, რომ სამედიცინო განათლების მქონე სხვა ადამიანი იქ უბრალოდ არ ჰყავთ. სოფელში არ აქვთ არც ერთი სასუნთქი აპარატი, არანაირი აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სამკურნალოდ.

რეპორტიორები ექიმს ერთ-ერთი ინფიცირებულის, რეინერ ფერნანდესის სახლში გაჰყვნენ. ორი კვირის განმავლობაში 32 წლის ფერნანდესს სიცხე და კორონავირუსის ყველა სიმპტომი ჰქონდა.

"მაგინმა დამცავი ფარი გაიკეთა და ფერნანდესის სახლში შევიდა, სადაც ის ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს. სახლში უსწორმასწორო იატაკი იყო, არ ჰქონდათ წყალი. პაციენტი იატაკზე იწვა, სუნთქვა უჭირდა' - წერს CNN.

გამოცემის ცნობით, ავადმყოფობის დროს მამაკაცმა თითქმის 8 კგ დაიკლო. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ კიდევ რომ დამძიმდეს, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ სამედიცინო დახმარება მიიღოს - უახლოესი საავადმყოფო ქალაქ პუკალპაშია, რომელსაც ვირუსმა უდიდესი ზიანი მიყენა და კლინიკები პაციენტებს ისედაც ვეღარ იტევს.

აღსანიშნავია, რომ სოციალური დისტანცირება არა მხოლოდ სოფელ კაიმიტოში, არამედ მთლიანად პერუში კვლავ იდეად რჩება. ადგილობრივები უგულებელყოფენ ხელისუფლების მიერ შემოღებულ შეზღუდვებს. მაგინი ამბობს, რომ ადგილობრივები ვირუსს ჯერ კიდევ არ თვლიან სერიოზულად.

"ჩვენ ვერ დავამარცხებთ ამ ვირუსს, ჯერ კიდევ არ ვართ დისტანცირებულები ერთმანეთისგან, დავდვართ ეკლესიებში, ვთამაშობთ სხვადასხვა სპორტულ თამაშებს და თუ ჩვევებს არ შევიცვლით, დავიღუპებით“, - უთხრა მაგინმა CNN-ს.

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ამ დროისთვის პერუ მსოფლიოს მეშვიდე ქვეყანაა და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. ბოლო მონაცემებით იქ 260 000 ადამიანი დაინფიცრდა, 8 404 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 148 437 გამოჯანმრთელდა.

რუსეთიდან გაქცეულმა პუტინის ძველმა მეგობარმა, პრეზიდენტის ქალიშვილების უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა

დრამატული ფოტოები მექსიკიდან, სადაც დამანგრეველ მიწისძვრას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთი აშშ-ზე მძლავრ, ნავიგაციის საკუთარ სისტემას ქმნის - კოსმოსში გაშვებული ბოლო სატელიტი და პროექტი, რომელიც 10 მლრდ დოლარი დაჯდა