ავტორი:

ჩინეთის ელჩის ლი იენის ინტერვიუ

ჩინეთის ელჩის ლი იენის ინტერვიუ

- 9 ივნისს საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 28 წელი შესრულდა. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა და თბილისში საელჩო გახსნა. როგორ შეაფასებდით ორი ქვეყნის ურთიერთობას განვლილი პერიოდის განმავლობაში?

- ჩინეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. უძველესი აბრეშუმის გზა ჩინელი და ქართველი ხალხის მეგობრული კავშირის მოწმეა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. მას შემდეგ, ორმხრივი ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება. მტკიცედ ვუჭერთ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ ერთმანეთის მიერ არჩეულ განვითარების გზას, თანასწორობის და ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის პრინციპზე დაყრდნობით ვავითარებთ სხვადასხვა სფეროში საქმიან თანამშრომლობას, მუდმივად ხელს ვუწყობთ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში თანამშრომლობას. ქართული მხარის ორგანიზებით სამჯერ წარმატებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი. ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ამ სახის პირველი შეთანხმებაა ჩინეთსა და ევრაზიის რეგიონის სხვა ქვეყანას შორის. მან ორმხრივი ვაჭრობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა თუ სულ რაღაც 3.68 მილიონი აშშ დოლარი იყო, ამ მაჩვენებელმა ბოლო ორი წლის მანძილზე უკვე 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ინფრასტრუქტურის, ინვესტიციების, ელექტროენერგიის, ინდუსტრიული ზონების, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროების მშენებლობაში. მათ საქართველოში არა ერთი მაღალხარისხოვანი პროექტი განახორციელეს და დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილები შექმნეს.

წელს ახალი კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ჩინეთი და საქართველო ერთმანეთის გვერდით არიან, უბედურების ჟამს ერთმანეთს ვეხმარებით, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთს მტკიცედ ვუჭერთ მხარს და უანგაროდ ვეხმარებით. შედეგად, ორმხრივი ურთიერთობები და ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდა. დარწმუნებული ვარ, ეპიდემიით შექმნილი მდგომარეობა რომ ჩაივლის, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი კიდევ უფრო დიდი ძალით გამოთავისუფლდება და საქმიანი თანამშრომლობა მეტ ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს.

- ბოლო წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა, საკმაოდ დინამიურად ვითარდებოდა ურთიერთობები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურიზმი, კულტურა, განათლება და ა.შ. როგორია ამ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შედეგები? რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ამგვარი ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება?

- ჩინელები ხშირად ვამბობთ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხების ახლობლობაა. ჩინეთი და საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ბრწყინვალე კულტურის მქონე უძველესი ქვეყნებია. ჩინეთ-საქართველოს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარება ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის გაღრმავებას, ორმხრივი ურთიერთობებისა და საქმიანი თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს. ამჟამად, ჩინეთ-საქართველოს შორის ამ კუთხით თანამშრომლობა დღითიდღე მჭიდროვდება. ლიტერატურული და სამხატვრო დასები ხშირად ახორციელებენ ურთიერთვიზიტებს. თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, სპორტის, კინოსა და ტელევიზიის, ახალი ამბების, გამომცემლობის და სხვა სფეროებში უწყვეტად ღრმავდება. ქართული მედიის წარმომადგენლები ზედიზედ რამდენიმე წელია, რაც ჩინეთს შესასწავლად და რეპორტაჟის გასაკეთებლად სტუმრობენ; ჩინელი ჟურნალისტებიც ბევრჯერ იყვნენ საქართველოში გადაღებებზე. ცოტა ხნის წინ დუბლირებული დოკუმენტური ფილმის „ჩინეთის ბრძოლა ეპიდემიის წინააღმდეგ“ გაშვებით, კინოსა და ტელევიზიის სფეროში ორმხრვ თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. მხოლოდ გასულ წელს, ანსამბლმა „ერისიონი“ და რუსთავის სახელმწიფო თეატრმა ჩინეთში წარმოდგენები გამართეს, ხოლო ანხუეის ოპერის თეატრალურმა დასმა საქართველოში ტურნე გამართა და „მაკბეტი“ დადგა. მათ გამოსვლებმა ორი ქვეყნის მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. უფრო მეტი ჩინელი და ქართველი იჩენს ინტერესს ერთმანეთის ენისა და კულტურის მიმართ. ამჟამად, ჩინეთის უმაღლეს სასწავლებლებში უკვე ისწავლება ქართული ენა. თავის მხრივ, საქართველოში არსებული ორი კონფუცის ინსტიტუტი ჩინური ენის ბრწყინვალე სპეციალისტებს ამზადებს. ყოველწლიურად ათობით ქართველ სტუდენტს ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის და კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიის მოპოვებისა და ჩინეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევა. გასულ წელს საქართველოს მთავრობამ ჩინური ენის ეროვნულ სასწავლო პროგრამაში შეტანის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას უზრუნველყოფს. „ღვთის მიერ ნაბოძები მიწა“, „ღვინის სამშობლო“ - ეს მეტსახელები უფრო და უფრო მეტ ჩინელ ტურისტს იზიდავს. 2019 წელს საქართველოში თითქმის 50 ათასმა ჩინელმა ტურისტმა იმოგზაურა, რაც წინა წელთან შედარებით 50.9%-ით მეტია. თანამშრომლობის ამგვარი შედეგები ჩინეთ-საქართველოს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალზე მიუთითებს. ჩინური მხარე მზადაა ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, რათა ამან უფრო შეუწყოს ხელი ორმხრივ ურთიერთობებს და მეტი სარგებელი მოუტანოს ჩინელ და ქართველ ხალხს.

- ჩინეთმა პირველმა მიიღო COVID-19-ის ეპიდემიის დარტყმა. მთელი მსოფლიო გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ გაუმკლავდა ჩინეთი ამ გამოწვევას და პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ეპიდემიის შეჩერება შეძლო. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბოლო დღეებში პეკინში ეპიდემიამ თავი ისევ იჩინა. ეს ნიშნავს თუ არა, რომ ჩინეთში პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო? რა ზომებს იღებს ამჟამად ჩინეთი ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის?

- მართლაც, როგორც აღნიშნეთ, 11 ივნისს პეკინში ბოლო 50 დღის მანძილზე ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რაზეც ჩინეთმა მყისიერი რეაგირება მოახდინა. გაფართოვდა შემთხვევასთან დაკავშირებული პირების დადგენის, ტესტირების, პრევენციისა და კონტროლის ზომები, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო ვითარებაზე რეაგირების დონე აიწია. ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ პეკინში 700 000 კაცი საგულდაგულოდ შემოწმდა. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წამყვანმა ეპიდემიოლოგმა უ წვენიოუმ 18 ივნისს განაცხადა, რომ პეკინში ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება. ცნობილმა ჩინელმა ინფექციონისტმა ჭანგ ვენხუნგმა განაცხადა, რომ ამჯერად პეკინში ეპიდემიის აფეთქება მოულოდნელი და მცირე მასშტაბის იყო, თუმცა იგი კონტროლს ექვემდებარება. ეს უნდა განისაზღვროს, როგორც ნაწილობრივი, „ასხლეტილი“ ეპიდემია, რაც მეორე ტალღად ვერ ჩაითვლება. ამჟამად პეკინში პრევენციისა და კონტროლის მკაცრი ზომები გრძელდება და PCR ტესტირების არეალი თანდათან ფართოვდება. ბოლო დღეებში, პეკინში ყოველდღიურად მხოლოდ ათამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთელი რიგი მძლავრი ღონისძიებების შედეგად, პეკინში ეპიდემიის კლების ტენდენცია შეინიშნება. დარწმუნებული ვარ, ეპიდემიასთან ბრძოლაში დაგროვებული გამოცდილებით, პეკინში ეპიდემიის გავრცელება ამჯერადაც მალე შეჩერდება.

პეკინში ეპიდემიის მცირემასშტაბიანი ზრდა ისევ იმაზე მეტყველებს, რომ ახალი კორონავირუსი ძლიერ გადამდები, ხოლო მისი გავრცელების გზები ძალზე ჩახლართულია. ეპიდემია საერთაშორისო საზოგადოების საერთო, „ცბიერი“ მტერია. ამ უპრეცედენტოდ მძიმე გლობალური კრიზისის წინაშე, საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ ერთობის გამაგრებით, მულტილატერალიზმის შენარჩუნებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ მხარდაჭერით შეძლებს ამ ომში გამარჯვებას. ჩინეთი მზადაა, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოებისა“ და საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის“ კონცეფციებზე დაყრდნობით, სხვა ქვეყნებს და მათ შორის, საქართველოსაც სხვადასხვა ფორმით მხარი დაუჭიროს და ეპიდემიასთან ბრძოლაში დაეხმაროს, რათა ამ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ.

- ივნისის დასაწყისში ჩინურმა მხარემ „ახალი კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ჩინეთის ქმედებების შესახებ“ ოფიციალური დოკუმენტი გამოაქვეყნა. თუ შეგიძლიათ, მოკლედ მოგვითხროთ ამ დოკუმენტის შესახებ. რა გახდა მისი გამოქვეყნების მიზეზი?

- 7 ივნისს, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ინფორმაციის დეპარტამენტმა „ახალი კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ჩინეთის ქმედებების შესახებ“ ოფიციალური დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტი სულ 4 ნაწილისაგან შედგება, ესენია: ეპიდემიასთან ბრძოლის მძიმე გზა, პრევენციისა და კონტროლის და მკურნალობის ორ ფრონტზე კოორდინირებულად ბრძოლა, ეპიდემიის წინააღმდეგ ძალების დარაზმვა, საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის შექმნა. ფაქტებზე დაყრდნობით, დოკუმენტში სრულყოფილად არის აღწერილი ჩინელი ხალხის ეპიდემიასთან ბრძოლის დიადი გზა. მასში ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოებას პრევენციის, კონტროლის და მკურნალობის კუთხით დაგროვილ გამოცდილებას უზიარებს. იგი ეპიდემიის წინააღმდეგ თანამშრომლობის ჩინურ კონცეფციასა და პოზიციას აშუქებს.

ამ დოკუმენტის გამოქვეყნებით, ჩინეთს სურს საერთაშორისო საზოგადოებას ეპიდემიასთან ბრძოლის გამოცდილება გაუზიაროს და მხარეებს გაერთიანებისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდოს. მაშინ, როდესაც მსოფლიოში ეპიდემია მძვინვარებს, ჩინური გამოცდილების განზოგადება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დოკუმენტი ეპიდემიასთან ბრძოლის სრულყოფილი სახელძღვანელოა, რომელსაც ჩინეთი მსოფლიოს უზიარებს და მისი გათვალისწინება ნამდვილად ღირს. ეპიდემიის წინააღმდეგ კაცობრიობის ხელჩართული ბრძოლის პროცესში, ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევის საზიანო ქმედებებიც იჩენს თავს. ეს დოკუმენტი ფაქტებით პასუხობს ჩინეთის დისკრედიტირების მცდელობას და სტიგმატიზაციასა და ეპიდემიის პოლიტიზირებას მტკიცედ ეწინააღმდეგება. მასში სიტყვა „თანამეგობრობა“ ხშირად გვხვდება. დოკუმენტი მოუწოდებს, რომ ანტაგონისტური და კონფრონტაციული უნილატერალიზმი საერთაშორისო თანამშრომლობით შეიცვალოს. როგორც დოკუმენტში არის ნათქვამი, მთელი მსოფლიოს ხალხები გულში იმედსა და ოცნებას ატარებენ, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციაზე დაყრდნობით, საერთო მიზნითა და ერთად წინსვლით ყველანაირ სიძნელესა და დაბრკოლებას გავუმკლავდებით და უფრო აყვავებულ და ლამაზ მსოფლიოს შევქმნით.

- ცოტა ხნის წინ დასრულდა სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრებისა და სრულიად ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს სესიები. წინა წლებთან შედარებით, სიახლე რა იყო ამ სესიებში?

- მაისის ბოლოს პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა მე-13 კრების მე-3 სესია და ჩინეთის სახალხო პოლიტიკურ-კონსულტაციური მე-13 საბჭოს მე-3 სესია გაიხსნა. ეს ორი სესია წელიწადში ერთხელ ტარდება და ჩინეთის სახალხო პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. წელს, ორ სესიაზე მიღებული მთავრობის სამუშაო ანგარიში ბოლო 40 წლის მანძილზე სიდიდით ყველაზე პატარა, მაგრამ ხალხის ინტერესების შესაბამისი პოლიტიკით მდიდარია. მათ შორისაა, სპეციალურად ეპიდემიასთან საბრძოლველად 1 ტრილიონი ჩინური იუენის ოდენობის სახელმწიფო სესხის ემისია, გადასახადების შემცირება, 8.74 მილიონი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისათვის დასაქმების მომსახურების გაწევა, სამედიცინო დაზღვევის ფარგლებში ერთ სულზე ფინანსური დახმარების ნორმისა და პენსიის გაზრდა, 5 მილიონზე მეტი მოქალაქის სიღარიბისაგან დახსნის უზრუნველყოფა და სხვ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მთავრობის სამუშაო ანგარიშში ეკონომიკური ზრდის ზუსტი სამიზნე განსაზღვრული არ არის. 2002 წლის შემდეგ, ეს პირველად მოხდა. მშპ-ს ზრდის ტემპის ზუსტი სამიზნეს არდაწესება, „დასაქმების, ფინანსების, საგარეო ვაჭრობის, უცხოური კაპიტალის, ინვესტიციების, მოსალოდნელი სამუშაოს სტაბილურობისა“ (ე.წ. „6 სტაბილურობა“) და „მოსახლეობის დასაქმების, ელემენტარული კეთილდღეობის, ბაზრის ძირითადი სექტორის, სურსათისა და ენერგორესურსების უსაფრთხოების, წარმოებისა და მიწოდების სტაბილურობის, ძირეული ფენების ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის“ (ე.წ. „6 გარანტია“) ქვეყანაში ძალების მობილიზების საშუალებას იძლევა. შედეგად, ქვეყანა უკეთ შეძლებს ეპიდემიის რისკებისა და გამოწვევების დაძლევასა და გადაჭრას, ნაციონალური ეკონომიკის მაღალ დონეზე განვითარებას.

წლევანდელი სესიების დღის წესრიგში კიდევ ორი მნიშვნელოვანი საკითხი იდგა - სამოქალაქო კოდექსი და ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ეროვნული უსაფრთხოების სამართლებრივი და აღმასრულებელი სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით სჩსწკ-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სამოქალაქო კოდექსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ისტორიაში პირველი კანონთა კრებულია. ამჟამად მოქმედი სამოქალაქო იურიდიული ნორმების რედაქტირება მოხდა, რეალობასთან დაშორებული წესები შეიცვალა და დაიხვეწა, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი გარემოებების და პრობლემების გათვალისწინებით ახალი რეგულაციები დაწესდა. ახალი კოდექსის მიზანია, უკეთ ემსახუროს სოციალური სისტემების საჭიროებებს, ქვეყნის მართვის წინსვლას, ეკონომიკის მაღალი სტანდარტების მიხედვით განვითარების მოთხოვნილებებს და უკეთ დაიცვას ხალხის ინტერესები.

- გთხოვთ მოგვიყვეთ ორი სესიის ფარგლებში ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჰონგ კონგის უსაფრთხოების კანონმდებლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

- 28 მაისს სჩსწკ მე-13 კრების მე-3 სესიაზე ხმათა უმრავლესობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ეროვნული უსაფრთხოების სამართლებრივი და აღმასრულებელი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით“. ეს ძალზე დროული და აუცილებელი ზომაა. ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის ეროვნული უსაფრთხოების სამართლებრივი და აღმასრულებელი სისტემის სახელმწიფო დონეზე ჩამოყალიბება სავალდებულო ქმედებაა, რომლის გადადებაც არ შეიძლება. უდავოა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვა ნებისმიერი სახელმწიფოს ცენტრალური მოვალეობაა. ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობით, ჰონგ კონგს უკეთესი სამართლებრივი სისტემა, უფრო სტაბილური საზოგადოებრივი წესრიგი, უკეთესი სამართლებრივი და ბიზნეს კლიმატი და ვაჭრობასა და ნაოსნობაში ცენტრალური პოზიცია ექნება, იგი „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ ხანგრძლივად მდგრადობის ინტერესებსა და ჰონგ კონგის გრძელვადიან კეთილდღეობასა და სტაბილურობას ემსახურება.

ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა ჰონგ კონგის მაღალი ხარისხის ავტონომიურობასა და იურიდიულ სისტემას არ ცვლის და არც ჰონგ კონგის სასამართლო ორგანოების დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების განხორციელებაზე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე არ ახდენს გავლენას. სჩსწკ-ს გადაწყვეტილება ისეთი ქმედებების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც სერიოზულად ვნებს ქვეყნის უსაფრთხოებას, როგორიცაა სეპარატიზმი, სახელმწიფო გადატრიალება, ტერორიზმი და უცხო ქვეყნის მხრიდან საშინაო საქმეებში ჩარევა. იგი გავლენას არ ახდენს ჰონგ კონგის მოსახლეობის დემოკრატიულ უფლებებსა და თავისუფლებებზე, და არც უცხოელი ინვესტორების მხრიდან ჰონგ კონგში არსებულ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებზე. ჰონგ კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ განხორციელებისა და ჰონგ კონგის გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს ქმნის. მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლით შეძლებს ჰონგ კონგი შეინარჩუნოს სილამაზე და ენერგია.

- ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის ცნობილ ინიციატივას - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რა სიახლეები ამ კუთხით და როგორ გაგრძელდება მუშაობა ამ ინიციატივის ფარგლებში COVID-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ?

- მას შემდეგ, რაც 2013 წელს პრეზიდენტმა სი ძინფინგმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა გააჟღერა, მხარეთა აქტიური ჩართულობითა და ძლიერი მხარდაჭერით, ეს ინიციატივა მუდმივად წინ მიიწევს და მსოფლიოს განვითარებისა და კეთილდღეობისათვის უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 2019 წელს ჩინეთსა და ამ ინიციატივის მონაწილე პარტნიორებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1.3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა, ხოლო ჩინეთმა დამატებით 15 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები განახორციელა. ეპიდემიის პერიოდში ჩინეთმა უკვე ამ ინიციატივის მონაწილე 122 პარტნიორ ქვეყანას გაუწია დახმარება, მათ შორის 25 ქვეყანაში სამედიცინო ჯგუფები გაგზავნა და პრევენციის, კონტროლისა და მკურნალობის გამოცდილება უპირობოდ გაუზიარა. ფაქტები ცხადჰყოფს, რომ ეპიდემიამ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობა ვერ შეაფერხა, პირიქით, ამ თანამშრომლობის სიმტკიცე და ძლიერი სიცოცხლისუნარიანობა დაგვანახა. დარწმუნებული ვარ ეპიდემია რომ ჩაივლის, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობას უფრო მყარი საფუძველი, ულევი სასიცოცხლო ძალა და ფართო პერსპექტივა ექნება.

18 ივნისს, ჩინეთში „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საერთაშორისო თანამშრომლობის მაღალი დონის ვიდეოკონფერენცია ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს 25 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მინისტრის დონის ოფიციალურმა პირებმა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა - ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა - აკიმ შტაინერმა. პრეზიდენტმა სი ძინფინგმა წერილობით მიმართვაში აღნიშნა, ეპიდემიასთან გამკლავება იქნება, თუ ეკონომიკის განახლება, ყველა შემთხვევაში ერთმანეთთან თანამშრომლობა და მულტილატერალიზმის შენარჩუნებაა საჭირო. ჩინეთი მზადაა, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გამოწვევებზე ერთობლივი პასუხის და თანამშრომლობის გზად აქციოს, ხალხის ჯანმრთელობის დაცვის გზად აქციოს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის გზად აქციოს, განვითარების პოტენციალის ზრდის გზად აქციოს. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის განხორციელებით, ერთად შევუწყოთ ხელი „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ჩამოყალიბებას. შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი მზადაა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პარტნიორ ქვეყნებთან და მათ შორის, საქართელოსთან გააძლიეროს კომუნიკაცია, კოორდინაცია და თანამშრომლობა, სისრულეში მოიყვანოს შეხვედრისას მიღწეული შედეგები, ხელი შეუწყოს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მაღალ დონეზე განვითარებას, რათა მეტი სარგებელი მოუტანოს ინიციატივის მონაწილე ქვეყნების ხალხებს.

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! - კალათბურთელი ფარზე საქართველოს დროშით ავიდა

PechaKucha Night Tbilisi საინტერესო სიახლეებით ბრუნდება

ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)