ავტორი:

პირველი ქართველი მეცოსოპრანო, რომელიც სევილიაში კარმენის პარტიას იმღერებს - "ეს არ იქნება ისეთივე შეგრძნება, რაც მსოფლიოს სხვა სცენებზე მაქვს"

პირველი ქართველი მეცოსოპრანო, რომელიც სევილიაში კარმენის პარტიას იმღერებს - "ეს არ იქნება ისეთივე შეგრძნება, რაც მსოფლიოს სხვა სცენებზე მაქვს"

უცხოეთში მოღვაწე ქართველი საოპერო მომღერალი, მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე ყველაზე ცნობილი სევილიელი ქალის, კარმენის პარტიას მისსავე სამშობლოში, სევილიაში იმღერებს.

24 ივნისს სევილიის "მაესტრანცას" საოპერო თეატრმა მომდევნო წლის სეზონი და დაგეგმილი სპექტაკლები ოფიციალურად დააანონსა. ქეთევან ქემოკლიძე ამ როლს სეზონის დახურვაზე, 2021 წლის მაის-ივნისში სევილიის ოპერის გენერალური დირექტორის, ხავიერ მენენდესის მიწვევით შეასრულებს. სპექტაკლის რეჟისურა ლეგენდარულ ესპანელ რეჟისორს ემილიო სახის ეკუთვნის.

ქეთევან ქემოკლიძე კარმენის როლის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება, რომელსაც ეს პარტია მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე უმღერია და აქვე ისიც გაირკვა, რომ ის პირველი ქართველი მეცოსოპრანოა, ვინც სევილიაში ამ როლს შეასრულებს.

AMBEBI.GE ქეთევან ქემოკლიძეს ბარსელონაში დაუკავშირდა:

- პანდემიის შემდეგ ეს პირველი სპექტაკლი იქნება თქვენთვის?

- მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის დატვირთული სეზონი სრულიად გამიუქმდა, წესით პირველი სპექტაკლი არ იქნება. სექტემბერ-ოქტომბერში ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი დებიუტი ვერდის "აიდაში" ამნერისის როლით უნდა შედგეს და შემდეგაც სულ შევსებული მაქვს განრიგი.

"კოვიდის" გამო, კარმენი 2021 თებერვალ-მარტში ნორვეგიაშიც გამიუქმდა. "ჯაჭვური ეფექტის" გამო ბევრი რამ გადაიდო, თუმცა სამწუხაროდ, დაზუსტებით ამ ეტაპზე არაფერი ვიცით. ყველაფერი დამოკიდებულია განვითარებულ სანიტარულ მდგონარეობაზე.

- საერთოდ, ესპანეთში ძალიან რთულად წავიდა ვირუსის გავრცელების პროცესი... ტკივილიანიც იყო... თქვენ როგორ ცხოვრობდით იქ კარანტინში?

- კი, ესპანეთი სამწუხაროდ, ევროპაში, დაავადებულთა რიცხვით პირველ ადგილზეა და მართლაც ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ - 2 თვე კარის ზღურბლზე ფეხის გადაუდგმელად, სრულ კარანტინში ყოფნა არ იყო ადვილი, თუმცა რაღაც თვალსაზრისით, დავისვენე კიდეც, რადგან 15 წელია, გაუჩერებლად ვმუშაობ და ვმოგზაურობ. სახლი მონატრებული მქონდა, მაგრამ იძულებით არც დასვენება არ ვარგა, თან, ისეთ ატმისფეროში, რაც კორონამ მოიტანა.

ვფიქრობ, რომ ბავშვებმა სიმშვიდის მაგალითი მოგვცეს. იმის მიუხედავად, რომ მათთვის ყველაზე რთული იყო ოთხ კედელში გამომწყვდევა. მოკლედ, ადამიანის შესანიშნავი ადაპტაციის უნარის წყალობით, მოვახერხე კარანტინშიც გამეფერადებინა ჩემი დღეები ახალ პარტიებზე მუშაობით, ონლაინსწავლებით, კულინარიაში კიდევ უფრო მეტი დახვეწით და სხვადასხვა სახალისო გამოგონებებით.

- ახლა რა ხდება ქვეყანაში?

- ახლა, ჩემი აზრით, საერთოდ არ გვეტყობა თუ აქ "კოვიდი" იყო. განსაკუთრებით სანაპიროსა და ბარ-რესტორნებში ამ ორთვიანი მდგომარეობის კვალიც კი არ ჩანს. ერთი მხრივ, კარგია, რომ ასე სწრაფად მოვიტოვეთ ეს განსაცდელი, მაგრამ მაშინებს ასეთი სრული თავისუფლება იმის ფონზე, რომ არაფერი ვიცით ამ ვირუსზე და მის "გუნება- განწყობაზე". ვცდილობ, ყველა წესი დავიცვა, მაგრამ ვხედავ, რომ ეს ცოტა თვალშისაცემია... იმის ფონზე, რაც ქართველებმა სამაგალითო საქციელით და შედეგებით ვაჩვენეთ, კიდევ მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ზედმიწევნით დავიცვა უსაფრთხოების წესები.

- ბარსელონას საოპერო თეატრი რამდენიმე დღის წინ უჩვეულოდ გაიხსნა. დარბაზში მაყურებლის ნაცვლად უამრავი მცენარე, მწვანე ნარგავი იყო. რა იცით ამ ფაქტზე?

- ლისეუმ, სადაც ჩემი დებიუტი 15 წლის წინ შედგა და იქიდან მოყოლებული, სადაც ხშირად ვმღერი, მართლაც ორგინალური გახსნა შემოგვთავაზა - პუჩინის მუსიკა მცენარეებისთვის. როგორც ესპანელი პოეტი პედრო კალდედონ დე ლა ბარკა ამბობს - "მწვანე ფერი არის საწყისი ფერი, საიდანაც სიყვარული იბადება" და ჩვენი ხელოვნება არის სიყვარული, რომელიც გვაკავშირებს მუსიკასთან და მსმენელთან, თუნდაც მცენარეებით სავსე დარბაზში.

- და ბოლოს, კარმენის როლი რას ნიშნავს თქვენთვის?

- ამ პარტიაზე თეატრის გენერალურმა დირექტორმა, ხავიერ მენედესმა მიმიწვია. კარმენის მისივე სამშობლოში შესრულება - ეს არ იქნება ისეთივე შეგრძნება, რაც მსოფლიოს სხვა სცენებზე მაქვს. ჩემთვის პატივია, რომ მსოფლიოში უამრავი ესპანელი თუ არა ესპანელი კარმენების ფონზე, არჩევანი ჩემზე გაჩერდა და ამ ქალაქის სიმბოლოს როლს ქართველი მომღერალი იმღერებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერსონაჟი სხვადასხვა დადგმაში ძალიან ბევრჯერ მაქვს ნამღერი, ეს ძალიან საამაყოა.

ჩემდა სასიხარულოდ, მომიწევს კასტანეტებზე დაკვრა და ფლამენკოს ცეკვა, რასაც აქამდეც ვაკეთებდი, მაგრამ ეს ჩემი შესაძლებლობები სევილიაში კიდევ უფრო დახვეწილი და განსხვავებული იქნება. ყველაფერი კი რთულიც არის და სასიამოვნოც, რადგან სევილიურ პუბლიკაში ბერვი კარმენი და კარმენის ახლობელი იქნება და ყველას კარმენი უნდა გახდე ან პირიქით, ძალიან განსხვავებული. პანდემიის შემდეგ პერიოდში, ჯერჯერობით ჩემი კარმენი წარმატებას და აღფრთოვანებას იწვევს. იმედია, მომავალშიც ასე იქნება და არაფერი შეიცვლება.

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"

როგორ გამოიყურებიან და როგორ ცხოვრობენ სერიალ "გაქცევის" მთავარი გმირები ახლა (ფოტოები)

"ქეთა თოფურიამ მითხრა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებიო" - ეგზოტიკური იმიჯის ქართველი მომღერალი, რომელიც მოსკოვში კარიერას იწყობს