ავტორი:

ახალი ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინების შესახებ - ვაქცინაციაჩატარებულ მოხალისეებს, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ

ახალი ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინების შესახებ - ვაქცინაციაჩატარებულ მოხალისეებს, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ

კორონავირუსის ახალი შტამის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები მუშაობენ.

სპეციალისტების თქმით, სავარაუდოდ, მსოფლიოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის უნდა ჰქონდეს. მეცნიერები დაჩქარებული ტემპით მუშაობენ და უკვე არსებობს ისეთი ვაქცინებიც, რომელთა გამოცდა ადამიანებზე დაიწყეს.

განვიხილოთ, რომელ ქვეყანაში შექმნეს COVID-19-ის ვაქცინები და რა ეტაპზეა მათი განვითარება:

  • ბიოტექნოლოგიური კომპანია "მოდერნა“ ვაქცინის შექმნის მესამე ფაზაზე გადავიდა. ვაქცინას მეცნიერები mRNA-1273-ს უწოდებენ. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ ფაზის დროს უნდა შეისწავლონ, რამდენად ამცირებს ვაქცინა COVID-19-ის რისკს. ვაქცინის განვითარების მეორე ფაზის დროს ვაქცინაცია ჩაუტარდა 600 ჯანმრთელ მოხალისეს. ამ ეტაპზე მის შედეგს სწავლობენ. აღსანიშნავია, რომ როგორც უკვე ცნობილია, იმ მოხალისეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ, ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ.
  • კიდევ ერთი ვაქცინა, რომლის მიმართაც პოზიტიური მოლოდინი არსებობს, ოქსფორდში შექმნილი ვაქცინაა, რომელიც უკვე გამოსცადეს 800 მოხალისეზე და როგორც BBC წერს, მოხალისეებს უნდა გამოუმუშავდეთ იმუნიტეტი. ვაქცინაცია თავდაპირველად ცხოველებს ჩაუტარდათ და დადგინდა, რომ ის უსაფრთხოა.
  • ფარმაცევტული კომპანიები Sanofi და GSK მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. სააგენტო "როიტერსი“ წერს, რომ კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ვაქცინა მზად უნდა იყოს 2021 წლის პირველ ნახევარში.
  • ავსტრალიაში 131 მოხალისეს ჩაუტარდა COVID-19 საწინააღმდეგო ერთ-ერთი კანდიდატი ვაქცინა, რომელიც აშშ-ის ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Novavax-მა შექმნა. ამ ეტაპზე სწავლობენ აქვს თუ არა ვაქცინას გვერდითი მოვლენები, რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ის.
  • ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ვერსია შექმნეს გერმანიაშიც და როგორც Deutsche Welle წერს, ის თავდაპირველად 200 მოხალისეზე გამოიცდება. ვაქცინა კომპანია Biontech-მა და ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა შექმნეს.
  • COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყეს რუსეთშიც. ვაქცინაცია 17 ივნისს სამხედრო ჰოსპიტალში 18 მოხალისეს ჩაუტარდა და მათ ვაქცინის ორი სხვადასხვა კომპონენტი გაუკეთეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ვაქცინა, რომელიც რუს მოხალისეებს გაუკეთეს, ეპიდემიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის მიერაა შექმნილი. ინსტიტუტის წარმომადგენელთა თქმით, ვაქცინაციის პირველადი შედეგები მათ აგვისტოში ეცოდინებათ. რუსი მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა ორგანიზმს კორონავირუსისგან მინიმუმ ორი წლის განმავლობაში დაიცავს.
  • COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს ინდოეთშიც და დაგეგმილია, რომ მას ადგილობრივ მოხალისეებს ივლისში გაუკეთებენ. როგორც BBC წერს, ვაქცინა მიმართული იქნება კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებაზე. გამოცემის ცნობით, ცხოველებზე ცდა უკვე ჩატარდა და კვლევამ აჩვენა, რომ ის უსაფრთხოა. ვაქცინა ბიოტექნიოლოგიურმა კომპანია Bharat-მა შექმნა. მას Covaxin-ს უწოდებენ.

აღსანიშნავია ასევე ისრაელის "ინოვაციური მეცნიერული გამოგონება.“ ოფიციალური ისრაელი აცხადებს, რომ იპოვეს ანტისხეულები, რომელიც კორონავირუსის ახალ შტამს, COVID-19-ს ანეიტრალებს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი“ წერს. აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს ისრაელის თავდაცვის სამინისტრო.

"ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტმა დაასრულა ინოვაციური მეცნიერული გამოგონება და განსაზღვრა ანტისხეულები, რომლებიც კორონავირუსს (SARS-COV-2) ანეიტრალებენ“ - ნათქვამია განცხადებაში. მეცნიერთა მტკიცებით, ანტისხეულები უტევენ ვირუსს და ანადგურებენ მის ფარისებრ ცილას, რომლის საშუალებითაც კორონავირუსი ორგანიზმში აღწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. ამ დრომდე COVID-19-ით, გლობალური მასშტაბით, 10.4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 510 000-მდე პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 5.6 მილიონი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით კი მსოფლიოს პირველი ათი ქვეყანა ასეთია - აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, პერუ, ჩილე, იტალია და ირანი.

ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ "რემდესივირის" გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა - რა დაადგინა კვლევებმა

პუტინი სიკვდილამდე? - "საქართველო იქნება გეგმის ნაწილი, რაც არსებობს 2022 წლისთვის: შემოიერთოს პოსტსაბჭოთა ტერიტორიები"

კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შესვლა აღკვეთა