ლონდონის პოლიცია ჯორჯ მაიკლს მარიხუანას შენახვასა და ალკოჰოლის და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვაში ადანაშაულებს.
ეს იმ ისტორიის გაგრძელებაა, რომელიც ბრიტანელ მომღერალს ერთი თვის წინ თავს გადახდა.
4 ივლისს ის ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში, მის საცხოვრებელთან ახლოს დააკავეს. მომღერალი საკუთარი ავტომობილით ფირმა Snappy Snaps-ის ფოტოსალონს დაეჯახა.
ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ მაიკლი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა როდესაც მომღერალი რეგისტრაციისთვის პოლიციაში გამოცხადდა, მას ბრალდება დაუმძიმეს.
24 აგვისტოს მომღერალი სასამართლოს წინაშე წარსდგება.
47 წლის ჯორჯ მაიკლი (ნამდვილი სახელი გეორგიოს პანაიოტუ) - თავიდან ჯგუფ Wham-ის წევრი იყო, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში სოლო კარიერით გაითქვა სახელი.
ბოლო წლების განმავლობაში მომღერალი ნაკლებს მუშაობს, ის ძალიან ცოტა სიმღერას წერს. მისი სახელი გაზეთებში ძირითადად მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სკანდალების გამო ხვდება.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.