ავტორი:

"ეს დეტალი ძალიან მაგონებს ხორავას საქმეს..." - რა ხარვეზებს ხედავენ სპეციალისტები შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში

"ეს დეტალი ძალიან მაგონებს ხორავას საქმეს..." - რა ხარვეზებს ხედავენ სპეციალისტები შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში

გიორგი შაქარაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმე, უკვე იქცა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ დანაშაულად. გამოძიების დაწყებიდან თითქმის სამი კვირის შემდეგ, საქმეში პასუხებზე მეტი კითხვებია, როგორც საგამოძიებო პროცესების მიუკერძოებლობასთან, ისე სამართალდამცველთა პროფესიონალიზმთან დაკავშირებით.

  • შეცვლილი ჩვენებები

განსაკუთრებულ კითხვის ნიშნებს აჩენს ფაქტი, რომ საქმის მთავარმა მოწმეებმა ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს, თანაც ისე, რომ ყოველი ახალი ჩვენება, წინააღდეგობაში მოდის მათ წინა ჩვენებასთან და კიდევ უფრო საყურადღებოა, რომ შეცვლილი ჩვენებები ბრალდებულების სასარგებლოდ მუშაობს.

ასე მაგალითად, გარდაცვლილის უახლოესი მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი, რომელიც წვეულებაზე გიორგი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა, თავდაპირველ ჩვენებაში აღწერს, რომ თავდამსხმელებმა იგი ძალადობის შედეგად ჩაისვეს ავტომობილში და თბილისში წაიყვანეს. შეცვლილ ჩვენებაში კი უარყოფს ძალადობის ფაქტს და ამბობს, რომ იძულების გარეშე ჩაჯდა თავდამსხმელების მანქანაში.

საქმის კიდევ ერთი მთავარი მოწმე ვახო ახვლედიანი, რომელიც თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მცხეთის გზატკეცილზე შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა, თავდაპირველ ჩვენებაში აღწერდა, თუ როგორ დაესხნენ თავს ავტომობილიდან გადმოსული პირები და შემდეგ როგორ დაედევნენ გინებითა და მუქარით სამალავისკენ გაქცეულებს.

7 ივლისს კი, გავრცელდა ახვლედიანის სრულიად საპირისპირო ჩვენება, რომლის თანახმადაც მოწმემ განაცხადა, რომ "თბილისიდან ჩამოსულებს ჩხუბი არ სურდათ" (შენიშვნა: მოგვიანებით, ახვლედიანის ოჯახმა და ადვოკატმა ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება გაარცელეს).

ერთმანეთთან შეუსაბამობაშია ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიერ მიცემული ჩვენებებიც. მან სულ სამჯერ მისცა ჩვენება გამოძიებას და იდენტური არცერთი არ არის.

იმაზე, რომ ჩვენებებში საეჭვო წინააღმდეგობებია, 7 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემაც ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, თუკი დადასტურდა, რომ რომელიმე მოწმემ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით არასწორი ჩვენება მისცა, ამის შესახებ იმსჯელებენ.

რატომ იცვლება ჩვენებები და რაზე მიუთითებს ეს ფაქტი? - AMBEBI.GE-სთან საუბარში "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის ოჯახის ადვოკატია, ამბობს, რომ მოწმეთა ჩვენებების არაადეკვატურად ხშირი ცვლილება ან საქმის გაყალბების მცედლობაზე მიუთითებს, ან გამომძიებელთა არაპროფესიონალიზმზე.

"აშკარაა, რომ საქმის არასწორი წარმართვა ხდება. ჩვენ ვხედავთ როგორ დღითიდღე იცვლება ჩვენებები. ჩვენების შეცვლა, ცხადია, შესაძლებელია, მაგრამ დასაზუსტებლად და არა შინაარსის საპირისპიროდ შესაცვლელად. აქ დაზუსტებასთან არ გვაქვს საქმე. რაზე მიუთითებს ეს? თუ არა ამომწურავად დასმული გამომძიებლის კითხვები, რაც თავიდან აგვაცილებდა ხელახალ გამოკითხვებს.

ერთი პირის 4-5-ჯერ დაკითხვა მიუთითებს ორ რამეზე: ეს შეიძლება იყოს გამომძიებლის არაპროფესიონალიზმი და მეორეს მხრივ, საქმე გვქონდეს საგამოძიებო ორგანოების მიერ მოწმეებზე ირიბ მითითებასთან, რომ შეცვალონ ჩვენებები. ვიმეორებ, განმეორებით დაკითხვა ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მაგრამ ყოველი შემდეგი დაკითხვა უნდა ხდებოდეს დასაზუსტებლად და არა ჩვენების შინაარსის არსობრივად შესაცვლელად. წარმოუდგენელია ყოველდღიურად იკითხებოდნენ მოწმეები და ყოველდღე იცვლებოდეს ჩვენებები. ამას საზოგადოება ადევნებს თვალყურს და ნდობის ფაქტორი საგამოძიებო უწყებების მიმართ ქრება" - გვეუბნება ადვოკატი.

  • დაუცველი შემთხვევის ადგილი

ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, რომელიც ხორავას საქმეში ზაზა სარალიძის ინტერესებს იცავდა, ამ ორ საქმეში არაერთ მსგავსებას ხედავს. უფლებადამცველი პარალელს ავლებს შემთხვევის ადგილთან მიმართებაშიც. მისი თქმით, საგამოძიებო სტრუქტურებმა შემთხვევის ადგილის დაცვა ვერცერთ საქმეში ვერ შეძლეს.

"ახლა გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენადაც, ხელოვნურად დაწვეს თუ შემთხვევით გადაიწვა ის ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა. ეს დეტალი ძალიან მაგონებს ხორავას საქმეს, იქაც განადგურდა შემთხვევის ადგილი გამოძიების დასრულებამდე. ფარდული, რომელშიც ჩხუბი მოხდა, ისე დაანგრიეს, რომ ზომებიც კი არ ჰქონდათ აღებული. საგამოძიებო ორგანოებს არ გაუტარებიათ არანაირი ღონისძიება, რომ შემთხვევის ადგილი ყოფილიყო დაცული" - გვეუბნება უფლებადამცველი.

დამოუკიდებელი ექსპერტის ზაზა ალთუნიშვილის თქმით, ის რომ შაქარაშვილის საქმეში შემთხვევის ადგილი დაცული არ იყო, მნიშვნელოვნად შეაფერხებს საგამოძიებო პროცესების დროულ და ეფექტურ წარმართვას.

"შემთხვევის ადგილი არ იყო დაცული. იქ უამრავი ადამიანი ირეოდა. წესით უნდა დაცულიყო თავიდანვე ეს ადგილი და მხოლოდ საგამოძიებო პროცესში ჩართულ პირებს ჰქონოდათ იქ გადაადგილების უფლება. როცა ამდენი ხალხი ირევა, უკვე გართულებულია ადგილის დათვალიერება და იმ ნივთმტკიცებების ამოღება, რაც საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვიცით, რა ნივთებია ამოღებული და არის თუ არა ისინი კავშირში გამოძიებასთან.

ყოველდღიურად ახალ-ახალი ინფორმაცია ჩნდება ნივთმტკიცებებთან დაკავშირებით. ამიტომ ძნელია გადაჭრით რაიმეს თქმა. მაგრამ ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილი დაცული არ იყო და იქ უამრავი ადამიანი ირეოდა, გაართულებს საგნების შესაძლებელ გაიგივებას სავარაუდო დამნაშავეებთან" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან ექსპერტი.

  • ზარი 112-ში - სამოხელეო დანაშაული?!

შსს-მ, 7 ივლისს გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმის, როგორ ატყობინებს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე 112-ს დანაშაულის შესახებ და რატომ გაუჩნდა მას გამოძახების გაუქმების სურვილი.

ბრეგვაძე ოპერატორს უხსნის, რომ მცხეთაში მიმდინარეობს ფიზიკური დაპირისპირება, თავს დაესხათ დაახლოებით 10 პირი, აზუსტებს მის ადგილმდებარეობას და ითხოვს, სამართალდამცველები ადგილზე დროულად მივიდნენ. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ პატრულმა ფოტოგრაფის ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლია და შემთხვევის ადგილზე დროულად მისვლა ვერ მოახერხა, რის გამოც ფოტოგრაფი უკმაყოფილებას გამოთქვამს და გამოძახებას აუქმებს.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ საზოგადოებაში უამრავი კითხვა გაჩნდა - დაწყებული ჩანაწერის ნამდვილობიდან, დასრულებული სამართალმდაცველთა რეაგირებით.

იმ შემთხვევაში თუ ჩანაწერის ავთენტურობა დადგინდება, ნესტან ლონდარიძე სამართალდამცავთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საჭიროებაზე აკეთებს აქცენტს. ადვოკატის თქმით, გენერალურმა პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, ხომ არ იკვეთება სამოხელეო დანაშაული.

"საგამოძიებო ორგანოებს თუ ეგონათ, ამ ჩანაწერის გასაჯაროებით საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს გასცემდნენ პასუხს, შეცდნენ - პირიქით მოხდა. გაჩნდა უამრავი კითხვა, რომლებზეც პასუხი ჯერ არ ჩანს. რაზე მეტყველებს ეს ჩანაწერი? სამართალდამცველთა არაპროფესიონალიზმზე თუ დანაშაულის შეგნებულ დაფარვაზე?!

ის ტონი, რა ტონითაც ფოტოგრაფი ითხოვს გამოძახების შეწყვეტას, აშკარად მიუთითებს უკმაყოფილებაზე, რაც პოლიციის დაგვიანებით არის გამოწვეული. ჩემთვის ეს ტონი ძალიან მნიშვნელოვანია და ვვარაუდობ, რომ დაგვიანების შუალედი იმდენად დიდი იყო, გამოძახებას აზრი დაეკარგა. როდესაც ადამიანი აკეთებს შეტყობინებას და ამბობს, რომ 10 პირია ჩხუბში ჩართული, რომ შესაძლოა იყვნენ დაშავებულებიც, პოლიცია რას აკეთებს? ამდენი ხანი ადგილს ვერ აგნებს?

აუცილებელია საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია, დროის რა მონაკვეთი გადის პირველ ზარსა და მეორე ზარს შორის. დროის რა მონაკვეთში გადის ადილზე პოლიცია.

ფაქტია, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ამ ზარით საკმარისი ინფორმაცია, რომ ფეხზე დამდგარიყო საგამოძიებო უწყებები და ადგილზე დროულად დაწყებულიყო საგამოძიებო ქმედებები. ამ და სხვა გარემოებების გამო, დღითიდღე გვიმძაფრდება ეჭვი, რომ საქმე გაყალბებულია" - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

  • საქმის კვალიფიკაცია

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დღემდე საქმე არ აღძრულა უშუალოდ ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტზე. რამ გამოიწვია 19 წლის ბიჭის სიკვდილი, რომელსაც წინ უძღოდა ჯგუფური ძალადობა - არც ერთი კვალიფიკაცია, რაც ამ დროისთვის არის განსაზღვრული, ამ საკითხის გარკვევას არ ისახავს მიზნად.

თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს უყურებს, როგორც უბედურ შეთხვევას, რაც, მისი შეფასებით, საქმის არასწორ დაკვალიფიცირებაში გამოიხატა.

"ბავშვის გადაცვალებასთან დაკავშირებით კვალიფიკაცია არ არსებობს. დღეს გამოძიება თვლის, რომ მას არ აქვს ის ცოდნა და ინფორმაცია, რაც მისცემდა კვალიფიკაციის შეცვლის საშუალებას. გვყავს 17 დაკავებული, მაგრამ ეს 17 დაკავებული, ჩემი აზრით, არის სპეცეფექტების ნაწილი. გვითხრეს, რომ აი, ჩვენ 17 ადამაინი დავაკავეთ. უნდა დაწყებულიყო საქმე სიცოცხლის მოსპობის კუთხით. საქმე თავიდანვე არასწორი კვალიფიკაციით დაიწყო, სწორედ ამიტომ, არ მაქვს მოლოდინი, რომ გავარკვევთ გარდაცვალება რამ გამოიწვია" - ამბობს მწარიაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

ექსპერტიზის პასუხი, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ ამის შემდეგ, შესაძლოა კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდეთ.

შსს-ს ცნობით, საქმეზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, კერძოდ: საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის: გამოკითხულია 93 პირი; ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება; 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები; ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეოსათვალთვალო კამერების, დაახლოებით, 600 საათამდე ჩანაწერი; ამასთან, დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.

დაპირისპირება დიღომში - დაჭრილია მამაკაცი

"იმ ადგილზე საბურთალოს ჯგუფიდან 3 მანქანა მოვიდა...  არის ინფორმაცია, რომ ეს პირები ეძებდნენ გიორგი შაქარაშვილს" - ადვოკატი

გვარამია პოლიციაში შაქარაშვილის საქმეზე სკანდალური განცხადებების გამო დაიბარეს?