ავღანეთში კოალიციის ჯარების ახალმა მეთაურმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთი 2011 წელს სულაც არ დატოვონ.
ტელეარხ "ენ-ბი-სი-სთვის" მიცემულ ინტერვიუში პეტრეუსმა განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჯარების გამოყვანის გადავადება სთხოვოს.
"პრეზიდენტმა აზრი გარკვევით გამოთქვა - ჯარების გამოყვანის პროცესი ვითარების შესაბამისად დაიწყება. თუკი შექმნილი ვითარება მოგვცემს საშუალებას, რომ კონტროლი ჩვენმა ავღანელმა პარტნიორებმა განახორციელონ, ჯარების გამოყვანას მაშინვე დავიწყებთ", - განაცხადა პეტრეუსმა.
პეტრეუსმა ჟურნალისტებს ინტერვიუ ამერიკელ სამხედროთა შორის მზარდი დანაკარგების ფონზე მისცა. მარტო 2010 წლის ივლისში ავღანეთში 66 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, რაც 2001 წლიდან მოყოლებული, ერთი თვის შედეგით ყველაზე დიდი ციფრია.
მომზადებულია nbc.com-ის მიხედვით.