ავტორი:

"ორგანიზმში ანტისხეულები და T-უჯრედები გამოამუშავა" -   ახალი დეტალები  ოქსფორდში შექმნილ ვაქცინაზე, რომელიც მოხალისეებს უკვე ჩაუტარდა

"ორგანიზმში ანტისხეულები და T-უჯრედები გამოამუშავა" -   ახალი დეტალები  ოქსფორდში შექმნილ ვაქცინაზე, რომელიც მოხალისეებს უკვე ჩაუტარდა

კორონავირუსის ახალი შტამის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს, უსაფრთხოა და ვირუსისადმი ადამიანის იმუნიტეტს აუმჯობესებს. ამის შესახებ BBC წერს.

ვაქცინაცია 1077 მოხალისეს ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს ორგანიზმში გამოუმუშავდათ ანტისხეულები, ასევე T-უჯრედები, რომლებსაც კორონავირუსთან ბრძოლა შეუძლიათ.

მეცნიერთა თქმით, აღმოჩენა დამაიმედებელია, თუმცა ეჭვგარეშე ვერ ამბობენ, რომ ვაქცინა 100%-ით ეფექტური იქნება. მიუხედავად იმისა, დიდმა ბრიტანეთმა მისი 100 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა.

  • როგორ მუშაობს ვაქცინა?

სამეცნიერო წრეებში ვაქცინის სახელია ChAdOx1 nCoV-19 და ის უპრეცედენტოდ სწრაფად შეიქმნა. ვაქცინა კორონავირუსის გენეტიკური მასალისგან შექმნეს და მისი ფუნქციაა ადამიანის ორგანიზმში ვირუსისადმი იმუნიტეტის გამომუშავება, ასევე უკვე ინფიცირებული ორგანიზმის იმუნურად გაჯანსაღება . აღნიშნული ეფექტი კი მაშინ მიიღწევა, თუ ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები და T-უჯრედები გაჩნდება.

  • რა არის ანტისხეულები და T-უჯრედები?

კორონავირუსის ანტისხეულების გამომუშავება მასთან საბრძოლველად უმნიშვნელოვანესია, თუმცა ეს არ არის საკმარისი და მხოლოდ ნაწილია იმუნიტეტის გაძლიერების გზაზე.

ანტისხეულები ცილებია, რომლებსაც ვირუსის განეიტრალება შეუძლიათ. რაც შეეხება T-უჯრედებს, ეს არის სისხლის თეთრი უჯრედები, რომელსაც T ლიმფოციტებსაც უწოდებენ და ისინი სპეციალიზდებიან B - უჯრედების დახმარებაზე და დაინფიცირებული უჯრედების დახოცვაზე. მას "მკვლელ T-საც" უწოდებენ.

მედიკოსთა თქმით, ვაქცინა ეფექტური მაშინ იქნება, თუ ის ხელს შეუწყობს ადამიანის ორგანიზმში როგორც ანტისხეულების, ასევე T-უჯრედების გამომუშავებას.

ოქსფორდელ მეცნიერთა თქმით, მათ მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ ორგანიზმს ანტისხეულებიც გამოუმუშავა და T-უჯრედებიც. პროფესორი, ენდრიუ პოლარდი ვაქცინას "ძალიან პერსპექტიულს“ უწოდებს.

  • არის თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო?

როგორც BBC წერს, ვაქცინა უსაფრთხოა, მაგრამ აქვს გვერდითი ეფექტები. სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს გვერდითი ეფექტები არ არის სახიფათო. მეცნიერთა განმარტებით, მოხალისეთა 70%-ს, რომლებმაც ვაქცინაცია ჩაიტარეს, განუვითარდათ ან სიცხე, ან თავის ტკივილი. მედიკოსები ამბობენ, რომ ამ გვერდით მოვლენებთან გამკლავება პარაცეტამოლითაა შესაძლებელი.

"ჯერ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო, სანამ დაზუსტებით დავადასტურებთ, რომ ჩვენი ვაქცინა COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად ეფექტურია, მაგრამ ეს ადრეული შედეგი არის დამაიმედებელი“, - ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, სარა გილბერტი.

  • რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

ვაქცინა იმედისმომცემია, მაგრამ სანამ მეცნიერებს დარწმუნებით არ ეცოდინებათ, რომ ის ეფექტურია, ადამიანებამდე ვერ მიაღწევს. მართალია, ვაქცინამ ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები წარმოქმნა, მაგრამ ჯერ უცნობია, თუ რა რაოდენობით ანტისხეულებია საჭირო ვირუსის საწინააღმდეგოდ.

ამის გათვალისწინებით, შემდეგი ნაბიჯი იქნება კვლევა იმის გასარკვევად, თუ რა რაოდენობის ანტისხეულების გამომუშავებაა საჭირო ვირუსის დასამარცხებლად, ან დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად. მეცნიერებს უკვე აქვთ დაგეგმლი ამ მიმართულებით კონკრეტული კვლევების ჩატარება.

  • როდის გვექნება ვაქცინა

თუ ის იმედი გამართლდება, რომელიც ახლა არსებობს, წლის ბოლომდე ვაქცინა ადამიანთა ფართო ჯგუფებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მედიკოსები ამბობენ, რომ თავდაპირველად ვაქცინაცია მაღალი რისკის ქვეშ მყოფებს ჩაუტარდებათ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ერთადერთი ვაქცინა. მის შესაქმენლად სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიები დამოუკიდებლად მუშაობენ. რამდენიმე მათგანმა უკვე დაიწყო მოხალისეთა ვაქცინაცია და ახლა შედეგებს ელოდებიან (გაეცანით ვრცლად: ახალი ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინების შესახებ - ვაქცინაციაჩატარებულ მოხალისეებს, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ)

კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო 11 მარტიდან ებრძვის. ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გაჩნდა და მალე მთელ მსოფლიოს მოედო. ამ დრომდე, გლობალური მასშტაბით, 14,8 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 613,550 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8,9 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით კი მსოფლიოს 10 ქვეყანა ასეთია: აშშ, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, პერუ, მექსიკა, ჩილე, ესპნაეთი და დიდი ბრიტანეთი.

კორონავირუსით ინფიცირებული იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა

"მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 4%-ით, გარდაცვალების კი - 12%-ით შემცირდა" - ჯანმო

მსოფლიოს 10 ადგილი, სადაც კორონავირუსის არც ერთი  შემთხვევა არ გამოვლენილა