იურმალაში "ახალი ტალღის" მორიგი კონკურსი ჩატარდა, ამჯერად, სუბიექტური თუ ობიექტური, უპატიებელი თუ საპატიო მიზეზების გამო - ქართველი კონკურსანტის გარეშე. შესაბამისად, ქართველების ყურადღება შედარებით ნაკლებად იყო მიმართული ბალტიისპირული ქალაქისკენ. თუმცა კონკურსი მაინც საინტერესო იყო სხვადასხვა თვალსაზრისით.
კონკურსანტებს შორის არ იყვნენ ქართველები, მაგრამ სტუმრებსა და ჟიურის შორის კვლავაც ბრწყინავდნენ უკვე ძველი "ახალტალღელები" ვალერი მელაძე და ქეთა თოფურია. იურმალას წელს ისევ ესტუმრა ბრენდონ სტოუნი, იგივე ბესიკ შპეტიშვილი. გერმანიაში მცხოვრებ ამ ქართველ მომღერალს წელს კონკურსანტი არ ჩაუყვანია, მიუხედავად იმისა, რომ შარშანდელი გამარჯვებული სანდი სანდორო სწორედ ბრენდონის აღმოჩენაა, თუმცა ახალი ამბები კი ჩაიტანა.
ბრენდონს ბავშვი შეეძინა - პირველი შვილი, ლაურა. გარდა ამისა, ერთი თვის წინ ბერლინში, შარლოტენბურგის რაიონში მან საკუთარი კლუბი გახსნა, რომელზეც სიამოვნებით ისაუბრა რუს ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება წლევანდელ გამარჯვებულს, ის სომხეთის წარმომადგენელი სონა შახგელდიანია. მეორე ადგილზე უკრაინელი ტატიანა შირკო გავიდა, მესამეზე კი - ესტონელი უკუ სუვისტე.
შეგახსენებთ, რომ "ახალი ტალღის" საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა და ის გამარჯვებულებს შორის განაწილდა - გამარჯვებულმა 50 ათასი ევრო მიიღო, მეორე ადგილის მფლობელმა - 30 ათასი, მესამემ კი - 20 ათასი.
კონკურსის გარეთ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც მიმდინარეობდა. წითელ ხალიჩაზე რუსი ვარსკვლავები იწონებდნენ თავს, ალა პუგაჩოვა მაქსიმ გალკინისა და დაცვის თანხლებით ჩნდებოდა საზოგადოებაში, მისი ქალიშვილი კი - მორიგი ქმრის. ქალბატონები - რუსული ესტრადის ვარსკვლავები, ახალ-ახალი გადიდებული მკერდებით იწონებდნენ თავს, ვალერი ლეონტიევი - კვლავაც ჩვეული ექსტრავაგანტურობით.
კონკურსანტებს შორის ყველაზე სექსუალურად ინტერნეტგამოკითხვის შედეგად ბრაზილიელი გაბრიელა დაასახელეს, რომელიც მამაკაცებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, თუმცა დიდი ნიჭიერებით არ გამოირჩეოდა.
ცალკე მოვლენა იყო კონკურსის ხელმძღვანელის იგორ კრუტოის დაბადების დღე, რომელიც ჯერ კონკურსზე აღნიშნეს, ტრადიციულად, მერე კი დახურული წვეულებაც გაიმართა. მას სხვა ცნობილ სტუმრებთან ერთად ვიპ-პერსონებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, ბორის ელცინის ქალიშვილი ტატიანა დიაჩენკო, ტელმან ისმაილოვი, მიხაილ ფრიდმანი და რომან აბრამოვიჩი. ეს უკანასკნელი იქ თავის ვაჟსა და ახალ საყვარელთან ერთად
გამოჩნდა, მილიარდერის ახალი გატაცების შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ პრესრეიტინგის რუბრიკაში წაიკითხოთ.
სხვათა შორის, ამბობდნენ, რომ ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იურმალაში თავისი საყვარელი მომღერლის ზემფირას მოსასმენად ჩავიდა, თუმცა, როცა ზემფირა ლატვიაში გამოცხადდა, აბრამოვიჩი უკვე ორი დღის გამგზავრებული იყო.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)