ავტორი:

როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - უახლესი ცნობები საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან

როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება რუსეთში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - უახლესი ცნობები საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან

კორონავირუსის პანდემიამ უმძიმესი გავლენა იქონია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაზე და მათ შორის, საქართველოს მეზობელ ქვეყნებზე. მაშინ, როცა საგანგებო მდგომარეობით დაწესებულმა შეზღუდვებმა, კარანტინმა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას შედეგი გამოიღო და ეტაპობრივად შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს, ჩვენს მეზობელ ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულია.

ყოველივეს რეგიონში შექმნილი დაძაბული ფონიც ემატება, რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირებითაა გამოწვეული.

ვნახოთ, როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში:

  • რუსეთი

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა და სულ COVID-19-ის 795 038 შემთხვევაა აღწერილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 580 330 პაციენტი, ხოლო 12 892 ვირუსმა იმსხვერპლა. ახალი ინფიცირებულების ყოველდღიური რაოდენობა 5 ათასს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა მზადაა. ივნისში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაცდელად რამდენიმე მოხალისე სამხედრო მოსამსახურე შეარჩია.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რუსლან ცალიკოვი ამბობს, რომ კლინიკური კვლევები უკვე დასრულდა და მოხალისეები საავადმყოფოდან გაწერეს.

"საავადმყოფოდან გაწერის მომენტში უკლებლივ ყველა მოხალისეს ჰქონდა იმუნიტეტი და თავს გრძნობდა ნორმალურად. ამგვარად, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი სამამულო ვაქცინა უკვე მზადაა", – განაცხადა ცალიკოვმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კორონავირუსით დაინფიცირებისგან დასაცავად სპეციალური დეზინფექციის გვირაბი გააკეთეს. პუტინის ყველა სტუმარს, მასთან შეხვედრამდე, ამ გვირაბში მოუწევს გავლა. გვირაბი მას შემდეგ მოაწყვეს, რაც პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა.

  • თურქეთი

ეპიდვითარება თურქეთში შედარებით დასტაბილურდა და კარანტინის მკაცრმა რეჟიმმა შედეგი გამოიღო. COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, თურქეთი მსოფლიო მე-16 ქვეყანაა და საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 223 315 შემთხვევაა აღწერილი, თუმცა მათ შორის 206 365 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 5 563 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში, ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, გარდაცვალების მაჩვენებელი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალი არ არის. ყოველივეს კი თურქეთის ჯანდაცვის სისტემის გამართულ მუშაობას და მასობრივ ტესტირებას უკავშირებენ.

სპეციალისტები ინფიცირებულებს სწრაფად ავლენდნენ, რამაც შესაძლებლობა მისცათ, რომ უფრო მეტი სიცოცხლე გადაერჩინათ. ამჟამად თურქეთში კარანტინის მკაცრი წესები აღარ მოქმედებს. 15 ივლისის შემდეგ ახალი ინფიცირებულების ყოველდღიური რაოდენობა 950-ს არ აჭარბებს და ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი წარმატებით მართავენ ვირუსს.

  • აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 55-ე ქვეყანაა და სულ კორონავირუსის 28 980 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 391 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 20 974 ადამიანი. 19 ივლისის შემდეგ, ახალი ინფიცირებულების ყოველდღიური რაოდენობა 300-დან 400-მდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ როდესაც აზერბაიჯანში ეპიდვითარება გაუარესდა, ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თანამდებობა დატოვა. პარალელურად საუბრობენ იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ უძლებს ასეთ დატვირთვას, საავადმყოფოები გადავსებულია. ამასთანავე, საზოგადეობის დიდი ნაწილი არ იცავს რეკომენდაციებს, არ იცავენ სოციალურ დისტანციას და არ ატარებენ პირბადეს.

"მოქალაქეები უპასუხისმგებლოდ იქცევიან და არ იცავენ რეკომენდაციებს, არ ატარებენ პირბადეებს და არ იყენებენ სადეზინფექციო საშუალებებს და საფრთხეში აგდებენ როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების სიცოცხლეს“, - ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. უფრო მეტიც, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საზოგადოების დიდ ნაწილს ვირუსის არსებობის არ სჯერა, რასაც სხვადასხვა გამოკითხვები ადასტურებს.

  • სომხეთი

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, სომხეთი მსოფლიოში 50-ე ქვეყანაა და ინფიცირების 36 162 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 688 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 25 244 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში 21 ივლისს COVID-19-ის 104 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეებთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო, თუმცა ბოლო ორი დღეა ახალი შემთხვევების რაოდენობამ კვლავ მკვეთრად მოიმატა. 23 ივლისს 439 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 24 ივლისს - 469 შემთხევვა.

სომხეთის კლინიკები ინფიცირებულებს ვეღარ იტევს. შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ღიად საუბრობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი სეპციალიტების რეკომენდაციებს უგულებელყოფს.

სომხეთის პრემიერმა "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე კვირის წინ "მამხილებელი ფოტოებიც“ კი გამოაქვეყნა, რომლებზეც ის მოქალაქეები არიან აღბეჭდილნი, რომლებიც რეკომენდაციებს არ იცავენ.

ამასთან, სომხეთსა და აზრებაიჯანში შექმნილ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული დაპირისპირებაც ემატება. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 ივლისს დაიძაბა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.

რაც შეეხება საქართველოს და ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ჩვენი ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობის თვალსაზრისით საერთაშორისო არენაზე წარმატების მაგალითადა მიიჩნეული და აღნიშნულ საკითხზე დასავლურ მედიაში არაერთი სტატია დაიწერა. მათ შორის, BBC--მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში“. სტატიაში განხილულია პანდემიასთან ბრძოლის დროს მიღებული გადაწყვეტილებები და ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით ამირან გამყრელიძის, თენგიზ ცერცვაძისა და პაატა იმნაძის როლი.

ფოტო: 1TV

სულ საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 912 პაციენტი, ხოლო ვირუსით გარდაიცვალა 16 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა გაიზარდა. 22 ივლისს გამოვლინდა 24 დადასტურებული შემთხვევა, 23 ივლისს 12 შემთხვევა, ხოლო დღეს, 24 ივლისს, 19 ახალი შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ გაზრდილი შემთხვევების გამო ჩაიკეტა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი.

გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 15.6 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილია 636 576 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 9.5 მილიონი პაციენტი. კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 ოფიციალური ვერსიით პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა, საიდანაც მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. კორონავირუსის პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა.

ლონდონში გამოჩნდა მამაკაცი, რომელსაც სასქესო ორგანოზე პირბადე ჰქონდა აფარებული - პროტესტი პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს

გერმანიაში, ერთ-ერთ ფერმაში კორონავირუსი 174 დასაქმებულს დაუდასტურდა

ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსის პირველი შესაძლო შემთხვევის შესახებ იუწყება - კიმ ჩენ ინმა საგანგებო სხდომა მოიწვია