ჟურნალი "რეიტინგი" "ვარსკვლავების აკადემიის" მონაწილისა და ერთ-ერთი ფინალისტის მიშა სულუხიას ცხოვრებით დაინტერესდა. როგორც გავარკვიეთ, ახალგაზრდა მომღერალს საკუთარი სტუდიაც შეუქმნია და ბათუმის ტურნეების პარალელურად ბულგარეთის ფესტივალისთვის ემზადება. რას აკეთებს მიშა თავისუფალ დროს და რა საჩუქრებით ანებივრებენ მას თაყვანისმცემლები, ამ ყველაფერს მიშა თავად გიამბობთ:
- მუშაობის პერიოდი მაქვს. ახალ სიმღერებს ვწერ ალბომისთვის. სიმღერები ძირითადად უცხოენოვანი იქნება. მაქვს საკუთარი სტუდია, თუ კონცერტი არ მაქვს, სტუდიაში ვფუსფუსებ.
- ვინ დადის შენს სტუდიაში?
- "ვარსკვლავების აკადემიისა" და "ჯეოსტარის" ბავშვები, ანუ ძირითადად ჩემი მეგობრები. ერთი თაობა ვართ, ამიტომ ხშირად გვიწევს როგორც საქმიანი, ისე მეგობრული ურთიერთობა. გარდა მუშაობისა, მეგობრები ხშირად მოდიან ჩემთან და ვაწყობთ მუსიკალურ საღამოებს. მაქვს არაერთი მუსიკალური ინსტრუმენტი: გიტარა, საქსოფონი, ფორტეპიანო, ვიოლინო, ფლეიტა, თითქმის ყველაფერი. ბავშვები რომ შევიკრიბებით, გავიყოფთ ხოლმე ამ საკრავებს და ვქმნით მუსიკალურ ჰარმონიას (იღიმის).
- რეგიონულ ტურნეებში რამდენად ხშირად გიწევს გასვლა?
- საკმაოდ ხშირად, საერთოდ იქ უფრო რეიტინგულები ვართ, ამას ხალხის რეაქციიდან გამომდინარე ვამბობ. ეს "რუსთავი-2"-ის მუსიკალური პროექტების დამსახურებაა, რომელშიც წვლილი მარინა ბერიძემ შეიტანა. ხალხს დღემდე ახსოვს აკადემიაში ჩვენი ცხოვრების დეტალები. კონცერტი რომ დასრულდება, გვიყვებიან იქ მომხდარი ინციდენტების მომენტებს, მაშინ ასე თქვი, ასე გააკეთე. ერთი სიტყვით, ჩვენი ჩასვლა ხალხში სიხარულსა და ჟრიამულს იწვევს
- საჩუქრებს თუ გიგზავნიან?
- ძალიან ხშირად. სცენაზე არაერთხელ გამოუგზავნიათ ძეწკვი კულონით, ერთმა გოგონამ სამაჯური მისახსოვრა, ასევე მაქვს შენახული ჯვარი. ვისაც საჩუქრების თავი არ აქვს, წერილებს მიგზავნის ხოლმე. ზოგი მონოლოგის სახით, ზოგი ლექსად, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, წერილებს დავხედავ ხოლმე და კარგი განწყობა მექმნება.
- ახალი ალბომი როდის გამოვა?
- ცოტას დავისვენებ, მერე კი მუშაობას შევუდგები და ნოემბრისთვის ალბომი მზად იქნება, სადაც უმეტესად ჩემ მიერ დაწერილი სიმღერები შევა.
- საღამოობით რესტორანში მუშაობ?
- ერთ-ერთ რეტორანში ვასრულებ უცხოურ პროგრამას. ზოგს შეიძლება, ჩემი საქმიანობა უკან გადადგმულ ნაბიჯად მოეჩვენოს, მაგრამ ასე არ არის, რადგან ჩვენ გვყავს ჩვენი მსმენელი, თან პროფესიონალ მუსიკოსებთან ერთად ვმუშაობ და დიდ გამოცდილებასაც ვიღებ. ჩვენ მოსასმენად ჩვეულებრივ ხალხთან ერთად ბევრი ცნობილი სახე მოდის. იქ ჩატარებული თითოეული საღამო, ფაქტობრივად, კონცერტია. იწყება ხალხური სიმღერით, შემდეგ საესტრადო ჟანრით გრძელდება, მე უცხოური პროგრამით შევდივარ და ეს ყველაფერი ერთად ძალიან სასიამოვნო მოსასმენია.
- რა განსხვავებაა რესტორნისა და კონცერტის მაყურებელს შორის?
- ერთნაირი კატეგორია ნამდვილად არ არის. რესტორანში ზოგჯერ მოდიან და ძალიან დაბალი ხარისხის მუსიკის შესრულებას გვთხოვენ, ანუ ისინი ითხოვენ, ხოლო კონცერტის მაყურებელი სჯერდება იმას, რასაც ჩვენ ვთავაზობთ.
- მე ვიცი, ერთი ქალბატონი მოდის ხშირად რესტორანში და განსაკუთრებით შენ გგულშემატკივრობს...
- ამას წინათ ერთ-ერთ ჟურნალში ვთქვი ამ ქალბატონის შესახებ და იმის მერე რესტორანში აღარ მოსულა (იღიმის). ეს ადამიანი ხშირად მოდიოდა რესტორანში და კონვერტში ჩადებულ 100-ლარიანს მიგზავნიდა. როცა რესტორანში შემოვიდოდა, ვიცოდი, იმ დღეს ასი ლარი გარანტირებული მქონდა.
- ახალგაზრდა გოგონებისგან ალბათ თავი გექნება მობეზრებული?
- სიყვარულს გამოხატავენ როგორც გოგონები, ასევე ბიჭებიც. ხშირად მოდიან და მეუბნებიან, რომ ჩემი გულშემატკივრები არიან.
- ახლა მიდიხარ ბათუმში...
- ახლა ორი კვირით იწყება ზღვისპირეთის კონცერტები. მართალია, ცოტა გადაღლილი ვარ და არაფრის თავი არ მაქვს, მაგრამ მაინც მივდივარ კონცერტებზე, თან გავიგე, წელს ბათუმი კარგად გაუკეთებიათ.
- ახლა სექტემბერში დაგეგმილ ფესტივალზე გვესაუბრე...
- პროდიუსერი მამუკა სააკაშვილი დამიკავშირდა და ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალზე წასვლა შემომთავაზა. როგორც გავარკვიე, ეს იქნება კონკურსი და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. ყველანაირად შევეცდები საკუთარი თავისა და ქვეყნის წარმოჩენას.
- მიშა კონცერტებზე პლუსზე თუ გიწევს სიმღერა?
- სამწუხაროდ, ხანდახან მიწევს, რადგან საქართველოს ყველა ქალაქში არ არის იმის საშუალება, ყველგან მინუსზე ვიმღერო. თვითონ მე სიმღერაზე პირის აყოლების მომხრე ნამდვილად არ ვარ, რადგან უფრო დაძაბული ვარ და იმპროვიზაციასაც მოწყვეტილი ვარ. ძალიან ბევრი მომღერალი ისე მოგატყუებს, პლუსზე ისე იმღერებს, ტაშსაც დაგაკვრევინებს და მათ ნამღერზე ხალხი იტყვის, რა მაგარი ხმა აქვს, რა მაგრად მღერისო, თუ სულ ჩანაწერით ვიმღერებ, მეც ყოველთვის მაგარი ხმა მექნება (იცინის).
- ამდენი დრო გავიდა და მინდა გკითხო, რა მოგცა "ვარსკვლავების აკადემიამ"?
- აკადემიის თითოეულ ბავშვს ყოველდღე სრულიად უფასოდ გაგვიკეთდა დღეში 60 ათასი ლარის ოდენობის პიარი. იმ დროში, რომელიც ჩვენ გვქონდა დათმობილი, პოლიტიკოსები ამ თანხას იხდიან. თუმცა მე მხოლოდ ამ წარმატებას არ ვჯერდები, რადგან კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი, რათა სასურველ შედეგს მივაღწიო. როცა სასურველ შედეგს მივაღწევ, მაშინ მის შესანარჩუნებლად დავიწყებ ბრძოლას.
ნონიკა ვაშაყმაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)