ზაფხულის სიცხეს გაქცეულ ვაჟა მანიას ზუგდიდში მივაგენით. მალე ინგლისში მიემგზავრება და მანამდე ცდილობს, საქართველოს ყველა კუთხე კონცერტებით შემოიაროს. ჯაზზე უზომოდ შეყვარებულ ახალგაზრდას ამ ჟანრზე საუბარი არ ჰბეზრდება...
- ვაჟა, პირველ რიგში, მოგიკითხავ. როგორ ატარებ ცხელ ზაფხულს?
- როგორც ყოველთვის, საქმიანად, რადგან მუშაობითაც იმავე სიამოვნებას ვიღებ, როგორსაც დასვენებით. მთელი ზაფხულის განმავლობაში ვმოგზაურობ. ტურნე მაქვს საქართველოს მასშტაბით. თან ვისვენებ, თან ჩემი საქმეც კეთდება (იცინის).
- ახლა ზუგდიდში ხარ. როგორ შეგხვდნენ მეგრელები?
- აქ ყოველთვის განსაკუთრებულად მხვდებიან, იმიტომ, რომ მეც ამ კუთხიდან ვარ. უამრავ ავტოგრაფს ვარიგებ და სურათებს ვიღებ. ხალხი მეფერება, ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ახლახან ნიკა მემანიშვილის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად განმუხურის კონცერტზე გამოვედი.
- ყველაზე კარგად რომელ ზაფხულს გაიხსნებ?
- გამორჩეული წლევანდელი წელია. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი სიახლე მოხდა და ბედნიერი ვარ. ერთი სული მაქვს, როდის დასრულდება ზაფხული. აგვისტოს ბოლოს სასწავლებლად ლონდონში მივემგზავრები.
- რის შესწავლას აპირებ?
- ჯერ ბორმუტში ჩავალ და ინგლისურის ცოდნას გავიუმჯობესებ. სექტემბრის ბოლოს კი ლონდონში ვოცალ ტეცჰ-ში მუსიკალურ ცოდნას ავიმაღლებ. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი იმისთვის, რომ ჩამოყალიბებული მუსიკოსი ვიყო. იქ ხუთ თვეს გავატარებ და შემდეგ ძალიან დიდი ჩანაფიქრი მაქვს.
- საბოლოოდ არჩევანი ჯაზზე შეაჩერე?
- ეს უბრალოდ არჩევანი არ არის. ეს ჟანრი ძალიან მიყვარს. ძალიან ბევრი საერთო გვაქვს მე და ჯაზს (იცინის). თუმცა ჩემი მუსიკალური გემოვნება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მთავარია, მუსიკა აზროვნების ჩამოყალიბებაში დამეხმაროს.
- ჯაზი ჩვენთან არც ისე პოპულარულია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ როგორ აპირებ კარიერის გაგრძელებას?
- ჩემთვის აუცილებელი არ არის პოპულარობა. ეს ჟანრი იმიტომ ავირჩიე, რომ მისგან ბევრს ვიღებ. არც არის აუცილებელი, ყველამ ჯაზს უსმინოს. ამერიკაშიც არ ხდება ასე, ამიტომ საქართველოზე დიდი პრეტენზიები არ მაქვს.
- ისე ლაპარაკობ, მგონი, საზღვარგარეთ დარჩენა გადაგიწყვეტია?
- არ დაგიმალავთ და, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ყველაფერი შრომაზეა დამოკიდებული, თუმცა გამართლებაზეც არის. ბევრი ადამიანია, ვინც ჩემზე ასი თავით მაღლა დგას, ამიტომ რიგში მომიწევს ჩადგომა.
- საქართველოში ძალიან ბევრ ახლობელს ტოვებ...
- კი, ნამდვილად. ყველა მომენატრება. დამაკლდება მათი სითბო, გვერდში დგომა, თუმცა სამუდამოდ ხომ არ მივდივარ (იცინის). თან ჩემი კარიერისთვის ასეა საჭირო.
- შეყვარებული გიშვებს?
- არავინ მიყვარს, შესაბამისად, ეგ პრობლემა არ მაქვს.
- დაუჯერებელია, ასეთი პოპულარული და წარმატებული ბიჭი შეყვარებულის გარეშე დადიოდეს. ალბათ არჩევანის გაკეთება გიჭირს.
- არა, რატომ არის დაუჯერებელი. მართლა ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ მათთან ერთად არსად არ დავდივარ.N არჩევანსაც ჯერჯერობით არ ვაკეთებ (იცინის).
- დასასრულ, შენი და ნოდიკო ტატიშვილის პარიზული ამბები მოგვიყევი.
- პარიზში ელ ჯეროს კონცერტს დავესწარი, მართლა ძალიან ვისიამოვნე, ყველაფერს "ლაივში" ვუყურებდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. უბრალოდ, გასაუბრება და სურათის გადაღება ვერ მოვახერხე მასთან, რაზეც გული ძალიან დამწყდა, მაგრამ ეგ არაფერი. ნოდიკო სტივ უანდერის კონცერტზე გახლდათ. ისიც დაშოკილი და ემოციებით სავსე დაბრუნდა.
დანარჩენი დღეები პარიზის დათვალიერებაში გავატარეთ. განსაკუთრებულად ერთ დღეს გავიხსენებ, სეირნობის დროს პარიზის ერთ-ერთ ქუჩაზე მოვხვდით, რომელიც განთქმულია მეძავებითა და ლოთებით. გაოგნებულები დავდიოდით, ქალსა და კაცს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდით (იცინის).
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)