ჯიუტი ექსპროკურორი და ტრამპის "რისხვა" - ვინ არის აშშ-ის პირველი აფრო-ამერიკელი ქალი სენატორი და ვიცე-პრეზიდენტი?

ჯიუტი ექსპროკურორი და ტრამპის "რისხვა" - ვინ არის აშშ-ის პირველი აფრო-ამერიკელი ქალი სენატორი და ვიცე-პრეზიდენტი?

"მართალია, პირველი ქალი ვარ ამ თანამდებობაზე, მაგრამ ბოლო არ ვიქნები, რადგან ყველა პატარა გოგონა, რომელიც დღეს მიყურებს, ხედავს, რომ ეს შესაძლებლობების ქვეყანაა", - ამ სიტყვებით მიმართა ამერიკელებს გამარჯვების შემდეგ, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტად არჩეულმა კამალა ჰარისმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტად მისი დასახელება ძალიან კარგად მეტყველებს ჯო ბაიდენის პიროვნებაზე, რომელსაც ეყო გამბედაობა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერი გადაელახა და საკუთარ ვიცე-პრეზიდენტად ქალი აერჩია.

"მე პირველი ქალი ვარ, რომელიც ასეთ მაღალ პოსტს დაიკავებს და იმედი მაქვს, არა უკანასკნელი. ყველა ამერიკელმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ მათ ეს ქვეყანა განუსაზღვრელ შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ, იოცნებეთ დიდ შედეგებზე და იყავით მიზანდასახულები. ჩვენ ამ გზაზე მხარს დაგიჭერთ. მე ვიქნები ისეთივე ვიცე-პრეზიდენტი, როგორიც ჯო ბაიდენი იყო ბარაქ ობამასთვის", - განაცხადა ჰარისმა.

  • ვინ არის კამალა ჰარისი?

ამერიკელი პოლიტიკოსი, სამართალმცოდნე, ადვოკატი კამალა ჰარისი 1964 წლის 20 ოქტომბერს აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში დაიბადა.

კამალამ "ჰოვარდისა" და "კალიფორნიის" უნივერსიტეტები დაამთავრა და ადვოკატის კარიერა ქალაქ ალამედაში, საოლქო ადვოკატად დაიწყო. შემდეგ სან-ფრანცისკოს საოლქო ადვოკატი, მოგვიანებით კი სან-ფრანცისკოს საქალაქო ადვოკატი გახდა. 2003 წელს იგი აირჩიეს სან-ფრანცისკოს 27-ე საოლქო ადვოკატად.

2010 წელს ჰარისი კალიფორნიის გენერალური პროკურორი გახდა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ გატარებული რეფორმების გამო. შეიძლება ითქვას, რომ კრიმინალურ პოლიციაში არსებული ვითარება კამალამ მნიშვნელოვნად შეცვალა.

  • კამალა სენატორი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი

2016 წლის ნოემბერში ჰარისმა ლორეტა სანჩესი დაამარცხა და კალიფორნიის მესამე ქალი სენატორი გახდა. იგი პირველი აფრო-ამერიკელი და პირველი აზიელი ამერიკელი ქალია, რომელიც სენატში მოხვდა.

სენატორის რანგში, მან მხარი დაუჭირა ჯანდაცვის რეფორმას, ფედერალურ დონეზე კანაფის მოხმარების შეზღუდვის აქტს, ემიგრანტებისთვის აშშ-ის მოქალაქეობის მიღებისთვის პროცედურების გამარტივებას, იარაღის შემოტანის აკრძალვას და პროგრესულ საგადასახადო რეფორმას.

კამილა სენატში, მოსმენების დროს, ტრამპის პოლიტიკასა და ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებდა.

შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.

BBC-ის ინფორმაციით, ბაიდენმა განაცხადა, რომ მას აქვს დიდი პატივი, კამალა ჰარისი დაასახელოს, რომელიც, მისი თქმით: "უშიშარი მებრძოლი და ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო სახელმწიფო მოხელეა".

"ჯო ბაიდენს ამერიკელი ხალხის გაერთიანება შეუძლია, იმიტომ რომ ის მთელ თავის ცხოვრებას ჩვენთვის ბრძოლაში ატარებს. მაქვს პატივი, ჩვენი პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყო და გავაკეთო ის, რაც მას ჩვენს მთავარსარდლად აქცევს", - ციტირებს გამოცემა კამალა ჰარისის გამოსვლას.

  • კამალა ჰარისის რთული ბავშვობა...

კამალა ჰარისის დედა, შამალა გოპალანი ინდოეთიდან აშშ-ში მიგრირებული ექიმია. ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ, გოპალანიმ გადამზადების კურსები გაიარა და ენდოკრინოლოგიის განხრით ასოცირებული პროფესორის წოდებაც მოიპოვა.

მამა - დონალდ ჰარისი იამაიკაში დაბადებული, ამერიკაში მიგრირებული ეკონომიკის პროფესორია.

როდესაც კამალა 7 წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. მოგვიანებით, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა მის ბიოგრაფიულ წიგნში დაწერა:

"უქმეებზე მე და ჩემი უმცროსი და მამას სანახავად მივდიოდით. უბანში ბავშვები არათუ არ გვეთამაშებოდნენ, არც კი გვესაუბრებოდნენ, რადგან მუქი ფერის კანი გვქონდა“

  • კამალას პირადი ცხოვრება

კამალა ჰარისის მეუღლე 54 წლის სამართალმცოდნე დუგლას ემჰოფია. წყვილი ოფიციალურად 2014 წელს დაქორწინდა. დუგლას ემჰოფი ბრუკლინში დაიბადა. დაამთავრა სამხრეთ კალიფორნიის გოლდენის სამართლის სკოლა. ამჟამად იგი ერთ-ერთი დიდი კომპანიის DLA Piper Law Firm-ის ბიზნესპარტნიორია. დუგლასი ასევე კომპანია Emhoff-ის დამფუძნებელია, იგი საერთაშორისო კორპორაციებს უძრავი ქონების და ინტელექტუალური საკუთრების სამართალწარმოების დავებში ეხმარება. კამალა ჰარისი დუგლასის მეორე ცოლი და ელა და ჯონ ემჰოფების დედინაცვალია. წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს.

  • აფრო-ამერიკელი ქალები ისტორიას ქმნიან...

კამალა ჰარისი პირველი აფრო-ამერიკელი და პირველი აზიელი ამერიკელი ქალია, რომელიც სენატში მოხვდა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის პოსტისთვის იბრძოლებს. თუმცა, ისტორიას წინამორბედი პრეცედენტებიც ახსოვს.

მაგალითად, სამეფო სტანდარტები მსახიობმა მეგან მარკლიმ 2018 წელს დაარღვია. პრინცმა ჰარიმ არჩევანი ასაკით უფროს, აფრო-ამერიკელ, განათხოვარ ქალზე შეაჩერა, რაც სამეფო პროტოკოლის მიხედვით აკრძალული იყო.

ყველაფრის მიუხედავად აფრო-ამერიკელი მარკლი სასექსის ჰერცოგინია გახდა.

ზესახელმწიფოს "ოცნებების ახდენისა და თანასწორობის" იდეა მსოფლიოში, როგორც ჩანს, ნამდვილად მუშაობს.

შეგახსნებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

ავტორი: თეონა თამაზაშვილი

ტიკ-ტოკში დაორგანიზებული მასშტაბური აქცია და პოლიტიზირებული თინეიჯერობა - როგორ ემზადებიან ნავალნის მომხრეები 23 იანვრისთვის?

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ასობით დოზა განადგურდა - დამლაგებელმა შემთხვევით ის მაცივარი გამორთო, სადაც ვაქცინები ინახებოდა

ბაიდენმა დაზვერვას რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევისა და ნავალნის მოწამვლის საქმის შესწავლა დაავალა - "ვმუშაობთ, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უგუნური ქმედებებისთვის"