აფხაზეთში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განლაგებით რუსეთი რეგიონში დაძაბული, სამხედრო თვალსაზრისით "სასტარტო" სიტუაციის შექმნას ცდილობს.
რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურ ალექსანდრე ზელინის განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა C-300 მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგდება. სამხრეთ ოსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას კი სხვა სისტემები უზრუნველყოფს. ოფიციალური თბილისი რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯს რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლად და დაუფარავი ოკუპაციის კიდევ ერთ გამოხატულებად მიიჩნევს.
რუსეთის წინაშე საქართველოს უსუსურობა დამთრგუნველია. მომხდარზე დასავლეთის რეაქცია კი უცნაური. ამ საკითხზე თვალსაზრისს გვიზიარებს სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე:
- ბატონო კახა, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი C-300 რუსებმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ განალაგეს, აჟიოტაჟი ახლა ატყდა...
- საქმე ის არის, რომ რუსეთმა ოფიციალურად პირველად აღიარა აფხაზეთში ამ ტიპის რაკეტების არსებობა. ეს, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური მოტივებით არის გამოწვეული. შიდა ხანძრის, პოლიტიკური ვითარებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, რუსეთის ისტებლიშმენტი ცდილობს მოსახლეობის ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს.
ალექსანდრე ზელინს მხოლოდ C-300-ის განლაგებაზე არ განუცხადებია, ეს იყო ზღაპრების მთელი კასკადი. მისი თქმით, რუსეთს ბრწყინვალე წარმატებები აქვს მეხუთე თაობის გამანადგურებლების საქმეში, რაც მსოფლიოს საავიაციო ექსპერტების გულიან სიცილს იწვევს.
- რა ტექნიკური მაჩვენებლები აქვს C-300-ს?
- საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების თავისებურება ის არის, რომ მათი მოდიფიცირება სწრაფად შეიძლება. ყველა მომდევნო მოდიფიკაციის რაკეტას უკეთესი მონაცემები აქვს. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ამერიკული საზღვაო ბაზირების სისტემა "სტანდარტი", რომელიც დღეს ევროპაში ამერიკელების ანტისარაკეტო სისტემების საბაზისო კომპლექსია. რონალდ რეიგანის პრეზიდენტობისას, როცა "სტანდარტი" აშშ-ის არმიის ძირითად შეიარაღებაში მიიღეს, ამ კომპლექსის მოქმედების რადიუსი 40 კმ იყო. დღეს "სტანდარტს" გაცილებით მეტი შეუძლია.
მაგალითად, მისმა ერთ-ერთმა მოდიფიკაციამ მოახერხა ხელოვნური თანამგზავრის ჩამოგდება დაახლოებით 400 კმ-ის მანძილზე. ჩვენ არ ვიცით, რუსული სისტემის რომელი მოდიფიკაციაა განლაგებული აფხაზეთში, მაგრამ საზღვარგარეთ გაყიდული მოდელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთ კომპლექსს რადარის საშუალებით შეუძლია აღმოაჩინოს 12-მდე საჰაერო მიზანი და 6 საჰაერო მიზანს ესროლოს. რადიუსი დაახლოებით 150-200 კმ-ია. ეს არის ძალიან დიდი კომპლექსი, რომელიც შედგება 20-25 სატვირთო მანქანის, რადარებისა და რაკეტებისგან.
- საქართველოს ხელისუფლების რეაქციას როგორ შეაფასებდით?
- რაც შეეძლოთ, გააკეთეს. "ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია. ვისაც არაფერი შეუძლია, ის არც არაფერს აკეთებს,"- ამ ფრაზით შეიძლება საქართველოს ხელისუფლების მოქმედება დახასიათდეს.
- რა იარაღი შეიძლება დავუპირისპიროთ რუსების C-300-ებს?
- C-300-ის საწინააღმდეგო საშუალებები ქართველებს არ გვაქვს. ნუ შეიქმნით გადაჭარბებულ წარმოდგენას ჩვენს შეიარაღებაზე. არ დაიჯეროთ, თუ გეტყვიან, რომ 7 კი არა, 120 თვითმფრინავი, ან 120 კი არა, 700 ტანკი გვყავს. თანამედროვე დაზვერვის საშუალებებით ეს ყველაფერი ძალიან იოლი აღმოსაჩენია. ჩვენი შვიდივე თვითმფრინავი არის საკმაოდ ნელი და არც ერთი არ არის გამანადგურებელი. მათ წინააღმდეგ C-300-ის კომპლექსების დაყენება სასაცილოც კია.
ისე, ამ ტიპის რაკეტების საწინააღმდეგოდ უამრავი იარაღი არსებობს. მაგალითად, ამერიკული "ტომაჰავკი", ფრანგული ASMP, "სკალპი", გერმანულ-შვედური "ტაურუსი". არის სპეციალური ანტირადიოლოკაციური რაკეტები. მაგრამ რასაკვირველია, მათ ჩვენ არავინ მოგცემს და რომც მოგვცენ, ამ ტექნიკის ათვისებას წლებს მოვანდომებთ. ასე რომ, სამხედრო თვალსაზრისით, C-300-ის აფხაზეთში განლაგებაზე საქართველოს რუსეთისთვის პასუხის გაცემა არ შეუძლია.
ნინო მამუკაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)