აშშ-ის შეიარაღაბული ძალების ცნობით, ერაყი ბოლო ამერიკულმა საბრძოლო ბრიგადამ დატოვა. აშშ-ის სახმელეთო დივიზიის მეოთხე ბრიგადა "სტრაიკერმა", რომელიც 4 ათას სამხედროს ითვლის, ქუვეითის საზღვარი უკვე გადაკვეთა.
ამრიგად, ამით დასრულდა სამხედრო ოპერაციათა აქტიური ფაზა, რომელიც აშშ-მა ერაყში 7 წლის წინ, სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად დაიწყო.
ამ ფაქტს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა: "იმედი მაქვს, ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებს, გაწეული სამსახურისთვის ჩვენ ყველა ერთად მადლობას გადავუხდით. ერაყსა და მის ხალხთან პოლიტიკურ და სამოქალაქო საკითხებში პარტნიორულ ურთიერთობებს კი კვლავაც გავაგრძელებთ".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ფილიპ კროულის თქმით, სამხედრო შენაერთების გამოყვანა ისტორიული მომენტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერაყში აშშ-ის მისია დასრულებულია: "ჩვენ დავასრულეთ ომი, მაგრამ ერაყში საქმიანობას არ ვწყვეტთ".
ერაყში დარჩენილი 50 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის "დახმარებისა და მხარდაჭერის ბრიგადები", ერაყის უშიშროების სამსახურების წვრთნას განაგრძობენ.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.