ავტორი:

პუტინი და ბელარუსი  - "არ არის გამორიცხული, რომ დასუსტებული ლუკაშენკო მოსკოვის ისეთ მოთხოვნებს დათანხმდეს, რაზეც ადრე უარს ამბობდა"

პუტინი და ბელარუსი  - "არ არის გამორიცხული, რომ დასუსტებული ლუკაშენკო მოსკოვის ისეთ მოთხოვნებს დათანხმდეს, რაზეც ადრე უარს ამბობდა"

"მარჯვნივ წახვალ - ბელარუსს დაკარგავ, მარცხნივ წახვალ - მაინც ბელარუსს დაკარგავ. რჩება ერთგვარი შუალედური გზის ძიება, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილოს მასშტაბური გეოპოლიტიკური დანაკარგები, ბელარუსის პერსპექტივასთან დაკავშირებით. დაახლოებით ასე გამოიხატება ის ამოცანა, რომეიც მთელი სიგრძე-სიგანით დადგა რუსეთის წინაშე", - წერს პოლიტიკური მიმომხილველი მიხეილ როსტოვსკი სტატიაში სათაურით "პუტინი და ბელარუსი: კრემლს რთული ამოცანის გადაწყვეტა უწევს", რომელიც გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცშია" («Московский комсомолец») გამოქვეყნებული. სტატიას ასეთი ქვესათაურიც აქვს: “ლუკაშენკო, როგორც ახალი ჩაუშესკუ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"რუსეთის "ძირითადი ინსტინქtი" დსთ-ის სივრცეში ყოველთვის იმაში გამოიხატებოდა, რომ მოსკოვი მხარს მმართველ რეჟიმებს უჭერდა, მაგრამ განა გონივრულია დაჰყვე ძირითად ინსტინქტს, როცა მმართველი რეჟიმი ქვეყნის მოსახლეობისათვის არასასურველი ხდება, ხოლო რუსეთის მიმართ უკიდურესად არალოიალური?

მაგრამ ბელარუსის შემთხვევაში ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის სრული ნგრევაც რუსეთისათვის სასარგებლო არ იქნებოდა, რადგან ეს ნიშნავს, რომ კრემლი ძირითად პაკეტს დასავლეთს თავისი ნებით აძლევს. ერთადერთი გამართლებული და მომგებიანი კურსი მოსკოვისათვის - შეეცადოს ყველასათვის საჭირო შუამავლის როლი შეასრულოს... მაგრამ ამ ამოცანის ფორმულირება უფრო ადვილია, ვიდრე მისი შესრულება", - აღნიშნავს ავტორი და რუმინელი პრეზიდენტ-დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს პოლიტიკურ კურსს იხსენებს, რომელიც შეიძლება ბელარუსი პრეზიდენტ-დიქტატორის ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტიკასთან იქნეს შედარებული.

რუმინეთის კომუნისტი დიქტატორი თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საბჭოთა კავშირთან (ჩათვალე - რუსეთთან) ხაზგასმულად აწარმოებდა დისტანციურ პოლიტიკას და დასავლეთთან თანამშრომლობდა, გმობდა მოსკოვის საგარეო პოლიტიკას და ქვეყნის შიგნით მოლდავეთის სსრ-ს რუმინეთის ნაწილად მიიჩნევდა. მოკლედ, საბჭოთა კავშირს აბუჩად იგდებდა... მაგრამ როცა 1989 წლის დეკემბერში გაუჭირდა, ნიკოლაე ჩაუშესკუმ ვარშავის ხელშეკრულება გაიხსენა და მოსკოვს სამხედრო დახმარება სთხოვა...

კიდევ ერთი პრეცედენტი: როცა აჯანყებული უნგრეთი 1849 წელს ავსტრიელი იმპერატორის ფრანც-იოსების კონტროლიდან გავიდა, მან დახმარება რუს კოლეგას სთხოვა. რუსეთი დაეხმარა, უნგრეთში ჯარი შეიყვანა და ისევ ფრანც-იოსებს დაუქვემდებარა. გავიდა რამდენიმე წელი და ფრანც-იოსებმა ანტირუსული პოლიტიკის გატარება დაიწყო...

ალექსანდრე ლუკაშენკოს რაღაც აქვს ნიკოლაე ჩაუშესკოსიც და ფრანც-იოსებისაც: ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინათ "ბატკა" დასავლეთთან ხიდებს აშენებდა და აღმოსავლელ მეზობელში "საფრთხეს" ხედავდა - რუსეთს ჩვენი ქვეყნის გადაყლაპვა უნდაო, ახლა კი, როგორც კი გაუჭირდა, უცებ გაახსენდა სამოკავშირეო ვალდებულება და "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება... "ბატკა" ისევ ცდილობს ვლადიმირ პუტინით მანიპულირებას - თუ არ დამეხმარები, დასავლეთი რუსეთის საზღვრებთან აღმოჩნდებაო. ასეთი სიტუაცია რუსეთისათვის მაცდუნებელია, რომ მან ისევ უკან მიიღოს "უძღები შვილი" და დაეხმაროს. არაა გამორიცხული, რომ დასუსტებული ლუკაშენკო მოსკოვის ბევრ ისეთ მოთხოვნაზე დათანხმდეს, რომელზეც ადრე უარს აცხადებდა.

მაგრამ ასეთ ცდუნებას მოსკოვი არ უნდა დაჰყვეს: იმას, რაც დღეს მომგებიანად გვეჩვენება, შეიძლება სამი-ოთხი სვლის შემდეგ სტრატეგიული წაგება მოჰყვეს. ალექსანდრე ლუკაშენკო უკვე „წასული ნატურაა“ და როგორც არ უნდა ეცადოს იგი „ღრმა ინტეგრაციაზე“ დათანხმებას, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის მომავალი მასთან როგორც დიქტატორთან და სახელგატეხილ პოლიტიკოსთან ერთად დისკრედიტირებული იქნება. ეს ნიშნავს იმასაც, რომ რუსეთი ბელარუსი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებს.

მაგრამ ვლადიმერ პუტინისათვის ისიც წარმოუდგენელია, რომ მიატოვოს კოლეგა, ისტორიის სანაგვეზე გადააგდოს და მხარი ოპოზიციას დაუჭიროს. მართალია, გრძელვადიან პერსპექტივაში „ბატკას“ რეჟიმი უკვე განწირულია, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ისტორიული „განაჩენი“ შეიძლება პოლიტიკურ რეალიებს არ დაემთხვეს, ანუ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის აგონია საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაგრძელდეს.

ასეთ სიტუაციაში არის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: დასავლეთში ვლადიმერ პუტინს მზაკვარ და ყოველგვარ პრინციპებს მოკლებულ პოლიტიკოსად თვლიან. მაგრამ ეს სწორი არ არის: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მოქმედება ხშირად უპროგნოზოა და ტრადიციულ დიპომატიურ-პოლიტიკურ კალაპოტში არ ჯდება ხოლმე, მას მაინც აქვს მკაფიო პრინციპები, რომლებსაც არასოდეს არ არღვევს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპს "ფერადი რევოლუციების" მწვავე მიუღებლობა წარმოადგენს. მართალია, ალექსანდრე გრიგორევიჩი ანტირუსულად თამაშობდა დასავლეთთან, მაგრამ ის მაინც მრავალწლიანი პარტნიორია ვლადიმერ ვლადიმიროვიჩისათვის. პარტნიორებს და თანამზრახველებს პუტინი გაჭირვებაში არ ტოვებს. რამდენად გამართლებულია პრინციპებისადმი ერთგულების გამოვლენის ასეთი პოსტულატი? ამაზე ზუსტი პასუხი ღიად რჩება. გააჩნია, რა შემთხვევაში და როგორ. რამდენიმე მაგალითი არსებობს: ედუარდ შევარდნაძე - საქართველოში და ვიქტორ იანუკოვიჩი - უკრაინაში. მთავარი აქ ისაა, რომ პუტინს ვერ შეცვლი, პუტინი პუტინია.

დღევანდელი ბელარუსი 2014 წლის უკრაინისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამჟამინდელ ბელარუსში მიმდინარე პროტესტებში ანტირუსული ხასიათი არ ჩანს. თუმცა ამ ფაქტორის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია ყოველთვის ასეთი იქნება.

მოკლედ, რუსეთს ბელარუსის თავის ორბიტაზე შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს, მაგრამ არა სამხედრო თვალსაზრისით, არამედ გონიერებით - მოსკოვმა ქვეყნის მოსახლეობა უნდა დაარწმუნოს, რომ რუსეთთან ერთად ცხოვრება უფრო სასიამოვნო და მომგებიანია".

ავტორი: სიმონ კილაძე

მინსკში საპროტესტო აქციაზე 300 ადამიანი დააკავეს

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის ეკლესია დაიწვა

თანამედროვე ადოლფ ჰიტლერი - ვინ არის ნამიბიელი პოლიტიკოსი, რომელსაც ნაცისტების ლიდერის სახელი ჰქვია