კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილს, რომელიც არაერთი ჰიტის ავტორია, 25 წლის განმავლობაში მუსიკაზე ჩაქნეული ჰქონდა ხელი (როგორც თავად აღნიშნა), მისი ვაჟის - რატის წარმატების შემდეგ კი სტიმული მიეცა და დღეს აქტიურად მუშაობს: სტუდია "მთიებს" ხელმძღვანელობს, მუსიკალურ დისკებს უშვებს, ნოტების კრებულების გამოცემას აპირებს... ამ ყველაფერთან ერთად, რატის თაყვანისმცემლებსაც იგერიებს, თუმცა ახალგაზრდები სხვადასხვა ხრიკით მის მოტყუებას მაინც ახერხებენ და სათაყვანებელი მომღერლის ტელეფონის ნომერს ადგენენ...
- ჩემმა ვაჟმა იურმალის მუსიკალურ კონკურსში რომ გაიმარჯვა, სტიმული მომცა და ჩემს საქმეს მივხედე - მას მერე 4 დისკი გამოვუშვი. დისკებში ყველა სიმღერა არ არის შესული, რადგან ხუთასამდე სიმღერა მაქვს, მათგან 100 სხვადასხვა ანსამბლის მიერაა ჩაწერილი. ერთი დისკი საბავშვოა, ოღონდ ძალიან პატარებისთვის - არა: "მზიური", "მთიები" და ინდივიდუალური შემსრულებლები მღერიან. სუფთა ქართულ სიმღერებს კარგი რიტმიკა მივანიჭე - ვეცადე, ყველას მოსწონებოდა. დისკებში "ესა-მესა" და "გულო, გულო" არ შედის. დაახლოებით, ერთ თვეში ახალი დისკიც გამოვა... სხვათა შორის, 2 წელია, რაც კამერული მუსიკით დავინტერესდი. ესტრადა ძალიან მიზიდავდა, მაგრამ ახლა კლასიკასაც მივყავი ხელი.
- რატომ დაინტერესდით?
- მეც მიკვირს. რაღაც შემომიჩნდა თავში! მეც ავდექი და ძალები მოვსინჯე - ერთხელ, ორჯერ... კარგი რომ გამოვიდა, მესიამოვნა. "აღსდეგ, საქართველო!" - ომის თემაზე "გავაკეთე", აგრესიულია; "ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტოც" სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ უფრო წყნარია...
- კლასიკური მუსიკის განხრით კონცერტის გამართვას ხომ არ გეგმავთ?
- კონცერტი შემოდგომაზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება. სიმღერებს სხვადასხვა მუსიკალური სკოლის ბავშვები შეასრულებენ. შემოდგომაზე ჩემი სიმღერების კონკურსის მთელ საქართველოში გამართვა მინდა. კონკურსანტების ასაკი შეზღუდული არ იქნება. მსურს, მხოლოდ ჩემი სიმღერები შეასრულონ. კარგი იქნება, თუ ასეთი კონკურსი ტრადიციად იქცევა: შემდეგ ვაჟა აზარაშვილის და სხვა კომპოზიტორების სახელობის კონკურსები გაიმართება; ადამიანები კომპოზიტორს, მის სიმღერებს გაიცნობენ... ვფიქრობ, კარგი იდეაა. ასევე მინდა, რომ 200 ან 100-სიმღერიანი ნოტების კრებული გამოვცე. საბავშვო კრებული უკვე გამოშვებული მაქვს.
- ბატონო ვაჟა, დღესდღეობით შედარებით ახალგაზრდა თაობა, როგორც რატი დურგლიშვილის მამას, ისე გიცნობთ; არადა, ბევრი ცნობილი ჰიტის ავტორი ხართ. იქნებ, თქვენი შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ მოკლედ გვიამბოთ.
- როდესაც საესტრადო სასწავლებელი დავამთავრე, ჩემი სიმღერები პირველად მაშინ "მომასინჯინეს". კონცერტები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქში გვქონდა. საინგილოში ჩატარებული კონცერტი ძალიან შთამბეჭდავი იყო: ხალხი მოდიოდა, გვეფერებოდა... შემდეგ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მუშაობის პერიოდში მთხოვეს, მიუზიკლი "სათაგური" დამეწერა. თხოვნას ასეთი "ქვეტექსტი" ჰქონდა: თუ ვაჟამ ვერ შეძლო, გია ყანჩელს მივცეთო...
"სათაგურს" დიდი მოწონება ხვდა წილად. შემდეგ კიდევ უფრო დაიხვეწა; ოპერისა და ბალეტის თეატრშიც დავდგით. დიდი გამოხმაურება ჰქონდა, დარბაზი გადაჭედილი იყო!.. როცა "მზიურისთვის" "სათაგურს" ვწერდი, სიმღერის მასწავლებელი ნუცა ჯანელიძე იყო. პატარებმა გიგანტური საქმე შეასრულეს ("მზიურის" მეორე თაობა იყო), "სათაგური" კომპოზიტორთა კავშირის 21-ე ყრილობაზეც ძალიან მოეწონათ. მერე მინდოდა, დამოუკიდებლად მომესინჯა ძალები. გლდანში რაიკომის მდივანმა მთხოვა (თან, ბინა მომცა), - იქნებ, რაღაც გავაკეთოთო...
ბავშვების კონკურსი გამოვაცხადეთ. მკაცრი კონკურსი იყო: 450-დან 13 შევარჩიეთ. ძალიან ძლიერები მაინც არ იყვნენ. შემდეგ თაობა შევცვალეთ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან შერჩეული ბავშვები მოვიყვანეთ, რადგან გასტროლებისთვის ვემზადებოდით და ყველა ნომერი დახვეწილი უნდა ყოფილიყო. ვიყავით ოდესაში, იალტაში, მოლდავეთში, ხარკოვში, ლვოვში... ოდესაში ჩასულებს ადმინისტრატორმა გვითხრა: რა პატარა ბავშვები არიან, მათი გულისთვის ავიღეთ სასტუმროში ნომრებიო?! თურმე ძალიან მაგარი სასტუმრო იყო, ბავშვები "ლუქსებში" იყვნენ. ოღონდ არ გამოვეგდეთ და ვუთხარი: ქალბატონო, სცენაზე ისე მუშაობენ, რომ იმსახურებენ-მეთქი (იცინის).
- რა თქმა უნდა, პატარებმა მოლოდინი გაამართლეს, ხომ?
- კი, არაჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ! ერთხელ ასეთი რაღაც დაგვემართა: სასტუმროს ერთ-ერთ ნომერს ადმინისტრატორი არ იბარებდა - ტელევიზორი დაშლილიაო! ვიფიქრე, მატყუებდა და ვუთხარი: პატარა ბავშვი როგორ დაშლიდა? აქ თუ დაგვტოვებთ, 35 ბილეთის საფასურის გადახდა თქვენ დაგეკისრებათ-მეთქი!.. საქართველოში გამოვემგზავრეთ. მეორე დღეს მშობელთა კრებაზე, საგასტროლო თავგადასავლების მოყოლისას ვთქვი: ტელევიზორის დაშლა დაგვაბრალეს-მეთქი. ერთ-ერთი ბავშვის დედამ მითხრა: იცით, ჩემი შვილი ტელევიზორებს სახლშიც შლისო. ლამის გული გამისკდა (იცინის)!.. კარგი ბავშვები იყვნენ. მაგალითად, შორენა კაკაურიძე, რომელიც დიდი ხანია, უკრაინაში მღერის, ძალიან გულმავიწყი გოგონა იყო. სასტუმროს ოთახიდან საღამურების წამოღება ყოველთვის ავიწყდებოდა, ჩვენ მივდიოდით და მოგვქონდა (იღიმის)...
ბევრი სასიამოვნო მოგონება მაქვს. საოცარი წლები იყო, როცა "მთიებთან", "ივერიასთან", "ორერასთან" ვმუშაობდი. კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ჩემი უსაყვარლესი მეგობარი იყო, ახალგორში ხშირად მსტუმრობდა. არაჩვეულებრივი პიროვნებები იყვნენ: მორის ფოცხიშვილი, ვოკალის მასწავლებელი მერი შილდელი (რომელიც ომის პერიოდში ჯარისკაცებს უმღეროდა, ამხნევებდა)... ბედნიერი ვარ, რომ ძლიერი კომპოზიტორების გვერდით, ჩემს სიმღერებსაც მღეროდნენ.
- თინეიჯერები მხოლოდ რატის მამად რომ აღგიქვამენ, ეს ცოტათი გამაღიზიანებელი ხომ არ არის?
- არა, კარგია! უბრალოდ, დაუჯერებელია, ხალხი რატის მიმართ ასეთ სითბოს რომ ამჟღავნებს. ერთ-ერთ სკოლაში ჩემი შემოქმედებითი საღამო უნდა გამართულიყო. სკოლაში მისულს დირექტორმა მითხრა: როგორ, რატი არ მოიყვანეთ?! მთელი სკოლა ელოდება და როგორმე უხერხული სიტუაციიდან გამომიყვანეთო. არადა, რატის თავისი საქმე ჰქონდა. ბოლოს დირექტორმა მთხოვა: შენი ჭირიმე, ოღონდ მოვიდეს და ბავშვებთან სურათი მაინც გადაიღოსო (იცინის). ერთხელ სცენაზე გამოაცხადეს: ჩვენთან რატი დურგლიშვილის მამა იმყოფება, შეგიძლიათ, მასთან კითხვები ფურცლებზე დაწეროთ, აუცილებლად გადავცემთო.
ყველა კითხვის შინაარსი დაახლოებით, ასეთი იყო: რატი რატომ არ მოიყვანეთ? რატი რამდენი წლისაა? რატის ცოლი ჰყავს? ჩემ შესახებ არაფერი ეწერა (იცინის)!.. ერთმა გოგონამ დამირეკა, ჩემი შვილის მეგობრად გამეცნო, სასწრაფოდ მისი ტელეფონის ნომერი მთხოვა, - გადასაღებ მოედანზე ვართო! რადგან გადაღება ახსენა, ნომერი მივეცი.
თურმე ამ დროს რატი გივი გაჩეჩილაძის ორკესტრთან მუშაობდა, ერთ ამბავში იყო. გოგონამ დაურეკა. რატი ტელეფონს თიშავდა, მაგრამ გოგონა საუბრის გაბმას ჯიუტად ცდილობდა. ბოლოს ჩემმა შვილმა ჰკითხა, - ნომერი ვინ მოგცაო? თაყვანისმცემელმაც უპასუხა, - მამაშენმაო! რატი სახლში რომ მოვიდა, ომი ატეხა (იცინის)!
- რატის თაყვანისმცემლებთან გამკლავება გიჭირთ?
- ძალიან! ახლანდელი ახალგაზრდები სხვანაირები არიან, იოლად მატყუებენ, ათასგვარ ხრიკს იგონებენ!.. ერთხელ რადიოგადაცემაში სტუმრად ვიყავი. მსმენელმა დარეკა: ასაკოვანი ქალბატონი ვარ, მაგრამ თქვენი ბიჭი ისე მიყვარს, ისეთი ლამაზიაო (იცინის)!.. სულ რატი, რატი... ერთხელ ვთქვი: თავის დროზე მეც ხომ რაღაცას ვაკეთებდი-მეთქი (იღიმის).
- შვილის ასეთ პოპულარობას არ ელოდით?
- არა, რა თქმა უნდა! "იმედის ტალღა 3"-ში რომ მონაწილეობდა, ვიფიქრე, - გზა გაიკაფოს-მეთქი. შემდეგ გაიმარჯვა. იურმალის კონკურსისთვის მის სამზადისში არ ვერეოდი. ვერ წარმომედგინა, რომ ასე დაგვირგვინდებოდა! აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი, ჟურნალისტი დახვდა. რატიმ ერთი მაკოცა და ხალხს შეერია, "დაგულაობდა" აქეთ-იქით. კედელთან მიტოვებული ვიდექი და ვფიქრობდი: ვაიმე, ახლა ეს სახლში მოვა?.. მგონი, შვილი დავკარგე-მეთქი (იცინის)!.. 25 წლის განმავლობაში ხელი ჩაქნეული მქონდა: ცხოვრება რომ შეიცვალა, ანსამბლები დაიშალა, ვთქვი, - სიმღერა ვიღას უნდა-მეთქი?! რატის წარმატებამ სტიმული მომცა...
- მამა-შვილი რაიმე ერთობლივ პროექტს ხომ არ გეგმავთ?
- რატიმ "ლაპარაკი არ იცის". სხვებისგან გავიგე, რომ "სათაგურის" დადგმა უნდა. რაღაცების მოყოლა მთხოვა. მას ახლებური ხედვა აქვს. მიუზიკლის გადაღება სურს. ძალიან მაგარი გამოვა!
- ერთობლივ კონცერტებს არ გეგმავთ?
- ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს - "მამა-შვილი დურგლიშვილი, პლუს მაკა" - თუ მიკადრეს (იღიმის)... ამ საქმეს მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ ავიღებ.
- ამჟამად "მთიებში" რა ხდება?
- "მთიებმა" 9 თაობაზე მეტი აღზარდა. ახლა სტუდია "მთიები" არსებობს. წინათ ფონოგრამები სად იყო?! ბავშვები თავად უკრავდნენ. კონცერტებზე მუსიკალური ინსტრუმენტები მიგვქონდა. ახლა აპარატურის "თრევა" რთულია. ძირითადად, ბექ-ფონები ჩაწერილი გვაქვს. სტუდია "მთიების" ბავშვები ჩემს შემოქმედებით საღამოებზე, სხვადასხვა ღონისძიებაზე გამოდიან ხოლმე. პატარებთან მუშაობისას ძალიან ვიღლები: მათთან ერთად ვმღერი, ვცეკვავ. სახლებში რომ მიდიან, მერე "ვიცლები", აღარ ვვარგივარ (იღიმის). ალღოს ყველაფერს იოლად უღებენ, მუშაობაში ხელს მიწყობენ. ძალიან საყვარელი "შვილები" არიან. რაც უფრო ასაკში შევდივარ, პატარებს სხვანაირად ვუყურებ. მათ პატარა თითებს, პატარა სახეებს რომ ვუყურებ, ვგიჟდები! თან, ახლა უფროსი ვაჟისგან პირველ შვილიშვილს ველოდები და ძალიან მიხარია!
- დაოჯახებას რატიც ხომ არ აპირებს?
- ამის კითხვას ვერ ვუბედავ: რაღაც რომ ვუთხრა, შეიძლება, საქმე გავუფუჭო. რომელიმე ფესტივალზე რომ გაემგზავროს, მეუღლეც ხომ უნდა წაიყვანოს? ძალიან რთულია. დღეს თუ ცოლი არ ჰყავს, ეს დიდი ტრაგედია არ არის. მგონი, ცოლის შერთვამდე ცოტა დრო კიდევ აქვს (იღიმის). მე 32 წლის ასაკში დავოჯახდი. ადრე ერთმა კომპოზიტორმა მითხრა: ვაჟა, ცოლი რომ არ გყავს, კარგი სიმღერები იმიტომ გამოგდისო. მართლაც, დავოჯახდი, შვილები გაგვიჩნდა და დილის 6 საათზე მაწვნის, რძის, ხაჭოს რიგებში ვიდექი, სიმღერისთვის ვის ეცალა (იცინის)?!
- სამაგიეროდ, ახლა აქტიურად მუშაობთ.
- რატი მაცოცხლებს. ახლა მინდა, "სათაგური" ნოტებად გამოვცე.
- უფროსი ვაჟი რას საქმიანობს?
- პროფესიით სტომატოლოგია, მაგრამ მუსიკაშიც ერკვევა, კარგი გემოვნება აქვს, მეხმარება. სხვათა შორის, ჩანაფიქრი მქონდა, რომ ოჯახური კონცერტი გამემართა. კარგი იქნებოდა.
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)