მალე ჯულია რობერტსს ახალ როლში ვიხილავთ. მისმა პერსონაჟმა განქორწინების რთული პროცესი გადაიტანა, გონს მოსასვლელად და საკუთარი
თავის საპოვნელად, დიდი ხნით სამოგზაუროდ წავიდა... ჰოლივუდის ვარსკვლავმა ინტერვიუს დროს ჟურნალისტებს იმის შესახებ მოუთხრო, თუ რა ხდება ეკრანს მიღმა მის პირად ცხოვრებაში.
- ჯულია, მალე გამოდის ახალი ფილმი თქვენი მონაწილეობით - "ჭამა, ლოცვა, სიყვარული", - რომელიც ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს. ეს სამი სიტყვა რა როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში?
- ეს სიტყვები, ყველა ადამიანის მსგავსად, ჩემს ცხოვრებაშიც უდიდეს როლს თამაშობს. მათ მიღმა რაღაც ძალზე პირადული და სახალისო იმალება... ამ ფილმზე მუშაობა ძალზე საინტერესო იყო და ბევრი რამ მასწავლა - მაგალითად, ის, რომ ინდოეთში მართლაც, ძალზე იოლია, ინფექცია შეგეყაროს: ჩემს გარდა, სურათის რეჟისორი და გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრიც მძიმედ დაავადდნენ! მადლობა ღმერთს, ყველა გადარჩა, მაგრამ ჩემს გმირს ვურჩევდი, სადმე სხვაგან ემოგზაურა... სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, ნაწარმოები და ფილმი მკითხველსა და მაყურებელს ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე დააფიქრებს.
- მთავარი გმირის მსგავსად, ჩვეული ცხოვრების მიტოვებასა და მთელი წლით სადმე გამგზავრებას თუ შეძლებდით?
- არა მგონია. ამის გაკეთება რთული იქნებოდა, მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მალე ჩემი ახალი ფილმი გამოდის. მომდევნო სურათზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება, 7 პროექტი კი აქტიური განხილვის ფაზაშია... მაგრამ ამერიკიდან გამგზავრებას თუ გადავწყვეტდი, ევროპას მივაშურებდი, რადგან ევროპა ძალიან მომწონს და ეს კინობიზნესზეც ვრცელდება. ევროპელი პროდიუსერები და რაც მთავარია, მაყურებელი, საყვარელი მსახიობის ასაკს მნიშვნელობას არ ანიჭებენ და ეს ფაქტი ჰელენ მირენის, ჯუდი დენჩის, სოფი ლორენის მსგავს საოცარ მსახიობებს ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობის საშუალებას აძლევს...
42 წლის ვარ, თავს ძალზე კომფორტულად ვგრძნობ და ჩემს ასაკს არ ვმალავ, მაგრამ არც იმ კოლეგების გამტყუნება შეიძლება, რომელთაც არ სურთ, რომ პროდიუსერებმა და პუბლიკამ მათი ნამდვილი ასაკი იცოდნენ, რადგან 45 წლის მსახიობი ქალისთვის ჰოლივუდში როლის მიღება არცთუ ისე იოლია.
- ჟურნალისტებმა გამოითვალეს, რომ ფილმზე - "წმინდა ვალენტინის დღე" მუშაობის დროს ერთ საეკრანო წუთში 500 ათას დოლარს გიხდიდნენ. თქვენ დღემდე, ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი ბრძანდებით. როგორ ფიქრობთ - რა არის ამის მიზეზი?
- ყველაფერი ძალზე მარტივადაა - მაყურებელი ჩემს ფილმებზე კვლავ სიხარულით დაიარება, ხოლო ფულის, ისევე, როგორც ჰოლივუდში წარმატების მიმართ ფილოსოფიური დამოკიდებულება გამომიმუშავდა.
- თქვენს ყველაზე წარმატებულ გმირს, ვივიენს ("ლამაზმანი") სცენარის თანახმად, ფილმშიც - "წმინდა ვალენტინის დღე" - იხსენებთ. ეს ლეგენდარული სურათი ბოლოს როდის ნახეთ?
- ორივე ფილმის რეჟისორი - ჩემი მეგობარი ჰარი მარშალია და "ლამაზმანის" გახსენება ორივეს გვსიამოვნებს. მაგრამ ეს სურათი ბოლოს 10 წლის წინ, ისიც შემთხვევით, ტელეეკრანზე ვნახე და მომეჩვენა, რომ მთელი ფილმის განმავლობაში ერთი მშვიდი წუთიც კი არ მაქვს - ხან სადღაც მივრბივარ, ხან ვყვირი, ხან ხელებს ვიქნევ, - მოკლედ, ციბრუტივით ვტრიალებ (იცინის)! მაგრამ წარმატება, მაყურებლის სიყვარული და "ოსკარის" ნომინაცია სწორედ "ლამაზმანმა" მომიტანა, ამიტომ ამ ფილმზე მუშაობის პერიოდს სიამოვნებით ვიხსენებ.
- 3 შვილის დედა ბრძანდებით. მრავალშვილიანი დედის მოვალეობის შესრულებას თავს როგორ ართმევთ? პატარებს რამდენ დროს უთმობთ?
- მთელ ჩემს თავისუფალ დროს, რა თქმა უნდა, ბავშვებთან ერთად ვატარებ. თავს როგორ ვართმევ?.. ვცდილობ, ბევრი რამ თავად გავაკეთო - ვრეცხავ, ვასუფთავებ. მიმაჩნია, რომ ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა. ჩემი მეუღლე დენი პროფესიონალი კინოოპერატორია. მას ბევრი სამუშაო აქვს, მაგრამ სამსახური ბავშვების - ჰეიზელის, ფინეუსისა და ჰენრის მოვლაში ხელს არ უშლის. სხვათა შორის, დენი შესანიშნავ კერძებს ამზადებს და ჭურჭლის გარეცხვაც შეუძლია!
- საზოგადოებაში იშვიათად ჩანხართ...
- მე და დენი ჯერ კიდევ ბავშვების გაჩენამდე ვცდილობდით, თავისუფალი დრო ერთად, შინაურულ ატმოსფეროში გაგვეტარებინა. რომანტიკულ საღამოებს ვაწყობდით, ტელევიზორს ვუყურებდით და მუსიკას ვუსმენდით. ახლაც ასე ვიქცევით, ოღონდ - შვილებთან ერთად. ჰოლივუდური საღამოები და თავყრილობები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ მიზიდავს. მხოლოდ ჩემი ფილმების პრემიერებსა და საქველმოქმედო ღონისძიებებს ვესწრები.
- ცნობილია, რომ გიყვართ ამერიკული პროვინციები, სადაც მოსაწყენი და რთული ცხოვრება უნდა იყოს. მზად ხართ, თქვენი შვილები მიყრუებულ პროვინციაში გაზარდოთ?
- პროვინცია ძალიან მიყვარს. ნებისმიერი ადამიანის მსგავსად, ჩემი ოჯახისთვის მეც მშვიდი ცხოვრება მსურს. სამწუხაროდ, ლოს-ანჯელესში უამრავი პაპარაცია, რომელიც ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში უცერემონიოდ შეჭრის ხარჯზე შოულობს ფულს. ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მაგრამ ვიდრე ტაბლოიდები ამ ფოტოსურათებში ათასობით დოლარს იხდიან, ყველაფერი ძველებურად დარჩება! იმედია, გუბერნატორი შვარცენეგერი (ან ის, ვინც მას ამ პოსტზე შეცვლის) ბოლოს და ბოლოს, მიიღებს შესაბამის კანონს, რომელიც პაპარაცებს ალაგმავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვების აღზრდა მართლაც, პროვინციაში მომიხდება.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)