"სკოლაში ხუთოსანი ვიყავი. მასწავლებელი გაკვეთილს რომ ახსნიდა, უკვე ვიცოდი; ტექსტებს დღესაც იოლად ვიმახსოვრებ და ეს უნარი თეატრში ძალიან მეხმარება. მეგობრები დამცინიან, სხვისი როლებიც ზეპირად იცისო", - ამბობს მსახიობი კახა მიქიაშვილი, რომელსაც ყველაზე ბევრჯერ ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის და ნიკო გომელაურის წიგნები აქვს წაკითხული. კახას თქმით, ნიკო მისთვის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ერთ-ერთი საყვარელი ავტორია და მიაჩნია, რომ გომელაურს წლების შემდეგ მეტად დააფასებენ.
პრეამბულის მაგიერ
- კახა, ყველაზე მეტად, რომელი ჟანრის ლიტერატურით ინტერესდები?
- ბავშვობაში დეტექტივები მიყვარდა, ბოლო დროს კი ამ ჟანრისადმი ინტერესი გამინელდა და უფრო ხშირად, ამა თუ იმ შემოქმედის ბიოგრაფიით, მისი ცხოვრების სტილით, პიროვნული თვისებებით ვინტერესდები. გენიოსები განსხვავებული ხასიათით გამოირჩევიან. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ პუშკინი, როცა "ევგენი ონეგინს" წერდა, სხვა სამყაროში ცხოვრობდა და როცა ეკითხებოდნენ: - როგორ ბრძანდებითო? ერთ-ერთი პერსონაჟის ამბავს ჰყვებოდა.
- შენს შემოქმედებაში რა სიახლეებია?
- უახლოეს მომავალში ორ კინოპროექტზე იწყება მუშაობა და ორივეში ვმონაწილეობ. ჯერ არა მაქვს უფლება, ამ ფილმებზე ვილაპარაკო. მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ერთ-ერთს ავთო ვარსიმაშვილი იღებს. შემოქმედებითი თვალსაზრისით, წინ საინტერესო და დატვირთული პერიოდი მელის. დასასვენებლად დრო არ მექნება, მაგრამ ეს არც მადარდებს - უაზროდ დასვენებას სასიამოვნოდ დაღლა მირჩევნია. საშინელებაა, როცა ვიღვიძებ და არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო.
- "მარცხდებოდი და მაინც მუდამ მწვერვალზე იდექი. შენ არასდროს კარგავდი სიმაღლის გრძნობას, ამისთვის გემდუროდნენ, ამისთვის გებრძოდნენ, ვერ იქნა და ვერ დაგაჩოქეს... ბევრს სადიდებლად ეყოფა შენი დამარცხებული სპექტაკლები. შენ კი მუდამ მწვერვალებისკენ გეჭირა თვალი. ზოგჯერ ისე ამაყადაც, რომ ჩემთვის ვფიქრობდი: დამთავრდა! ის ახლა განდიდებისგან მოკვდება! მაგრამ არ მესმოდა, რომ შენ იმწუთშიც ისეთივე თავნება ბავშვი იყავი, როგორც მაშინ, ეგზარქოსის პატივსაცემად რომ არ იმღერე: "წვეთი სისხლიც არ არის შენში არაქართული", - დაასახელე რეჟისორი, რომელიც მაყურებლისგან გაგზავნილი ამ წერილის ადრესატი იყო.
- სანდრო ახმეტელი.
- დიახ.
- ისიც ცნობილია, რომ ეგზარქოსის წინაშე სიმღერის შეუსრულებლობის გამო, იგი გიმნაზიიდან გარიცხეს.
- არაბეთის ქვეყნებში მამაკაცები გრძელ, თავისუფალ და თეთრ ტანსაცმელს ატარებენ, ქალები კი - შავ სამოსს. არაბების თვალთახედვით, რატომ უნდა ატარებდეს ქალი მხოლოდ შავ სამოსს?
- არაბეთის ქვეყნებში ნამყოფი ვარ. რამდენადაც ვიცი, ქალმა მამაკაცის ყურადღება არ უნდა მიიქციოს, კაცს მასთან ურთიერთობის სურვილი არ უნდა გაუჩინოს.
- ისინი მიიჩნევენ, რომ ქალი მამაკაცის ჩრდილია და შავ სამოსს ამიტომ უნდა ატარებდნენ.
- გმადლობ, რომ ეს მასწავლე, აწი მეცოდინება. სხვათა შორის, იქ მამაკაცს უკან ყოველთვის რამდენიმე "ჩრდილი" დაჰყვება.
- "იმდენად მარტოსული იყო, იმდენად თავისებური და განსხვავებული, - მასთან დაახლოება და გაშინაურება, მისი გაცნობა და შეცნობა შეუძლებელი იყო. ჩაუწერია კიდეც: - თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარო", - ვკითხულობთ ვახტანგ ჯავახაძის "უცნობში". რომელ პოეტს ეძღვნება იგი?
- სიმართლე გითხრა, ეს წიგნი წაკითხული არ მაქვს, მაგრამ ამ დახასიათებამ გალაკტიონი "დამიხატა".
- "უცნობიც" გალაკტიონს ეძღვნება. სპორტში კარგად ერკვევი?
- ვამბობ ხოლმე: ამქვეყნად ყველაზე არასპორტული ადამიანი ვარ-მეთქი და ამას სხვებიც მიდასტურებენ. მერწმუნე, სირბილიც არ ვიცი.
- სპორტის ეს ორი სახეობა ერთმანეთს არაფრით ჰგავს - მათ შორის საერთო მხოლოდ ის არის, რომ სახელწოდება ორივემ ევროპის დასახლებული პუნქტების სახელის მიხედვით მიიღო. რომელ სახეობებზეა ლაპარაკი?
- ეს სახეობები ჩვენთანაც პოპულარულია?
- დიახ, მაგრამ ერთ-ერთი - განსაკუთრებით.
- (ფიქრობს) რაც არ ვიცი, არ ვიცი.
- რაგბი და ბადმინტონი. რამდენიმე წლის წინ ლონდონში, კრისტის აუქციონზე 1912 წელს გამოშვებული პლაკატი 12 ათას დოლარად გაიყიდა. პლაკატზე გაკეთებული წარწერა ყველას სასიამოვნო და უსაფრთხო მოგზაურობას სთავაზობდა. სად?
- 1912 წელს რა მოხდა (ფიქრობს)? გამახსენდა, "ტიტანიკზე" ეპატიჟებოდნენ, არა?
- დიახ. რა რეაქცია ჰქონდა ხრუშჩოვს, როდესაც 1960 წელს ფილიპინელმა ლორენცო სუმულონგმა საბჭოთა კავშირს აღმოსავლეთ ევროპის დეკოლონიზაცია შესთავაზა?
- არ ვიცი.
- ფეხსაცმელი გაიხადა და მაგიდაზე აბრახუნა.
- ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ ამ ამბავთან დაკავშირებით თუ მოხდა, არ ვიცოდი.
- "ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი, თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი,
უზღუდონი, გზამრუდონი,
არ გამტანი და ცბიერი;
მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი;
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არ რის მქონე, არ რის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი", - ვინ არის ამ სტროფის ავტორი?
- ილია ჭავჭავაძე.
- იზაბელა, საფერავი, ალექსანდროული, ცოლიკაური - ყურძნის ამ ჯიშებიდან, რომელს არა აქვს შავი ნაყოფი?
- ცოლიკაურს.
- ღვინის დაყენება გეხერხება?
- ეს საქმე ისე ვიცი, როგორც ჩინური და სპორტი.
- რომელ სახელმწიფოს აკავშირებს დიდ ბრიტანეთთან გვირაბი "ინგლიშ ჩენელი"?
- საფრანგეთს.
- რომელ ქედზეა რიკოთის უღელტეხილი?
- "ლიხს იქით და ლიხს აქეთ, საქართველო გიყვარდეთ".
- რომელ სამხედრო შენაერთში შევხვდებით ბოცმანს - საზღვაო ფლოტში, არტილერიაში თუ ავიაციაში?
- საზღვაო ფლოტში.
- "სიესტა", "აღდგომა", "ზამთრის პეიზაჟი", "მზესუმზირები"...
- (მაწყვეტინებს) ამ ტილოებიდან ყველაზე კარგად "მზესუმზირები" მახსოვს.
- ვის ფუნჯს ეკუთვნის ეს ტილოები?
- ვაიმე (პაუზის შემდეგ)! ვერ ვიხსენებ.
- ვან გოგს. რომელი სახელმწიფოს დროშას ჰგავს რუსეთის დროშა, ფერთა პალიტრით?
- ლურჯი, წითელი და თეთრი ფერები საფრანგეთის დროშაზეც არის.
- რომელი რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს კურორტი "ბახმარო"?
- გურიაშია.
- მე რაიონი გკითხე.
- ჩოხატაურში.
- იოანე პეტრიწის განმარტებით, ძველად არსებობდა რიტორიკის 3 დარგი: თანამზრახველთა სათათბირო, საპაექრო-პოლემიკა და... დაასახელე მესამე დარგი, სადაც გამოჩნდებოდა სიდიადე ორატორობისა.
- ვერ დავასახელებ (პაუზის შემდეგ) თამადობას ხომ არ გულისხმობ?
- რა თქმა უნდა! - როგორც ვიცი, ალკოჰოლი არ გიყვარს და ალბათ, არც თამადობის გამოცდილება გექნება.
- ერთხელ ვითამადე, ოღონდ - არ დამილევია. მითხრეს, რომ ორატორობა მეხერხება. იცი, რატომ არ ვსვამ? - სასმლის გემო არ მომწონს და თრობითაც ვერანაირ სიამოვნებას ვერ ვიღებ. თუ ისეთ საზოგადოებაში ვარ, სადაც თავს კარგად ვგრძნობ, ტონუსისთვის ალკოჰოლი არ მჭირდება, ისედაც მშვენივრად გავერთობი. მე კომპოტი და ლიმონათი მიყვარს (იღიმის).
- სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში ახალ თანამშრომლებს იღებენ. წინასწარი გასაუბრების შემდეგ ყველას მისცეს კონვერტი, გრიფით - "სრულიად საიდუმლოდ" და სთხოვეს, რომელიღაც კაბინეტში წაეღოთ. ერთმა კანდიდატმა, ვიდრე დანიშნულების ადგილამდე მივიდოდა, საპირფარეშოში შეიარა და კონვერტი გახსნა. რა ეწერა წერილში?
- რა სულსწრაფი ყოფილა. ალბათ ეწერა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო.
- თქვენ ჩვენთვის შესაფერისი მუშაკი ხართ. დაბრუნდით უკან, - ასეთი იყო წერილის შინაარსი. მსოფლიოში არის 42 ქვეყანა, რომელსაც არა აქვს ზღვაზე გასასვლელი, მათ შორის ყველაზე პატარა ვატიკანია. დაასახელე ყველაზე დიდი ქვეყანა.
- სხვა მინიშნებას ვერ მეტყვი? იმ ქვეყანას რომელი ქვეყნები ესაზღვრება?
- უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი... მგონი, უნდა მიხვდე.
- (ფიქრობს) ყაზახეთზე ამბობ?
- გამოიცანი. ამ ცნობილი ადამიანის ბაღში ეს ხე ერთადერთი მცენარე იყო. 1820 წელს ხეს მეხი დაეცა და მისგან გააკეთეს სავარძელი, რომელიც ინგლისში, კერძო კოლექციონერის მფლობელობაშია. დაასახელე ეს ცნობილი პიროვნება და ამ ხის ჯიში.
- წარმოდგენა არა მაქვს.
- ნიუტონი და ვაშლის ხე.
- რას ამბობ, ეს მართლა არ ვიცოდი! მოკლედ, დღეს ბევრი საინტერესო რამ შევიტყვე.
- ქალების ფსიქოლოგიას კარგად იცნობ?
- მგონი, ვიცნობ.
- მარჩელო მასტროიანი ქალების ფსიქოლოგიის დიდი მცოდნე იყო, მან მათზე ყველაფერი იცოდა. თუკი შვებულების გატარებას ზღვაზე მოისურვებდა, წინასწარ იცოდა, პლაჟზე როგორი ქალი უნდა გაეცნო...
- ანუ ქალებს რა ნიშნით არჩევდა (ფიქრობს)? ლამაზი სხეულის მიხედვით? არა, არა მგონია მასტროიანი ისეთი დაბალი დონის ყოფილიყო, რომ ქალის შეფასებისას მხოლოდ მის ფიზიკურ მონაცემებზე გაემახვილებინა ყურადღება...
- ყველაზე გაურუჯავს აარჩევდა, - მას ხომ მთელი შვებულება წინ აქვსო...
- (იცინის) საინტერესოა!
- სუსტი სქესის წარმომადგენლებს თავად რა ნიშნით ირჩევ?
- ქალი შეიძლება, ლამაზი არ იყოს, მაგრამ შინაგანი შარმი ჰქონდეს. ზოგჯერ, გოგონას სილამაზის მიღმა "ცივი კედელი" იმალება. ამასთან, მისი გემოვნებაც მნიშვნელოვანია - უგემოვნო ადამიანთან ვერ ვიკონტაქტებ.
- 1910 წლის 5 აპრილიდან, მატარებლის გასვლის შეფერხების გამო, რა აკრძალეს საფრანგეთის რკინიგზის სადგურზე?
- არ ვიცი.
- კოცნა. დაბოლოს, დაასრულე ბალზაკის ცნობილი გამონათქვამი: "გიყვარდეს ის, ვინც გირჩევს და არა ის, ვინც..."
- "...გაქებს".
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)