რუსეთის სარაკეტო დიპლომატია ევროკავშირისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა

რუსეთის სარაკეტო დიპლომატია ევროკავშირისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა

euobserver.com

ბრიუსელი - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოთხშაბათს (11 აგვისტოს) თავის კოლეგა კეტრინ ეშტონთან სატელეფონო საუბრისას, საჭიროდ არ ჩათვალა აღენიშნა, რომ მოსკოვი საქართველოსთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხზე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას გეგმავდა

ოთხშაბათს, შუადღისას ცნობილ სატელეფონო საუბარში მათ რუსეთის ხანძარზე ისაუბრეს: ქალბატონმა ეშტონმა მსხვერპლის გამო წუხილი გამოსთქვა, ბატონმა ლავროვმა კი ევროკავშირს წევრ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მაგრამ ბლოკი გაოცებული დარჩა, როდესაც ამ საუბრიდან სულ ცოტა ხანში რუსი გენერლის ალექსანდრე ზელინის განცხადების შესახებ შეიტყო, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებმა „იტარ-ტასმა“, „ინტერფაქსმა“ და „რია-ნოვოსტიმ“ გაავრცელეს, რომ მოსკოვმა საქართველოს სადაო რეგიონში აფხაზეთში, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა C-300 განათავსა.

„მას (ლავროვს) არაფერი უთქვამს ამ თემაზე. ჩვენ ეს ინფორმაცია დაახლოებით ერთ საათში ან ოდნავ მოგვიანებით შევიტყვეთ“ - EUobserver-ს განუცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ოთხშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთს C-300-ის სისტემა აფხაზეთში ორი წელია აქვს, მაგრამ ვერ დაადასტურებს ცნობას მათი განახლების შესახებ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ვებგვერდს განუცხადა, რომ მასაც არ შეუძლია რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება, რადგან მის ოფიცრებს არ უშვებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე.

„ამ წუთისთვის სიტუაცია მშვიდი, მაგრამ არაპროგნოზირებადია. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტები შემდგომში სიტუაციის დაძაბვას უწყობს ხელს“ - თქვა მისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. „სამხედრო ექსპერტებმა მითხრეს, რომ ეს უბრალოდ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებია და არა სტრატეგიული რაკეტები, რაც იმას გულისხმობს რომ მათი გამოყენება მხოლოდ სამიზნე თვითმფრინავებისთვის შეიძლება“.

ადგილზე სიმშვიდის მიუხედავად, ევროკავშირის დიპლომატები იმას განიხილავენ, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ საკითხზე ოფიციალური განცხადების გაკეთება.

„ეს მართლაც სერიოზული საკითხია და იმ ფაქტის მორიგი დემონსტრირებაა, რომ რუსული მხარის ქმედებები ექვსპუნქტიან შეთანხმებასთან შეუსაბამოა“ - განაცხადა საქართველოში მოქმედმა ერთ-ერთმა დიპლომატმა, იგულისხმა რა ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს გაფორმებული რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო შეთანხმება, რომელშიც ნათქვამია რომ რუსეთმა საკუთარი ჯარი ომამდელ პოზიციებზე უნდა გაიყვანოს.

საქართველოს მთავრობა ასეთი თავშეკავებული არ გახლდათ.

„აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს უკიდურესად სახიფათო და პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას“ - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხუთშაბათის განცხადებაში.

C-300-ის ამბავი რუსეთ-გერმანიის ინიციატივის ფონზე ხდება, რომლის თანახმად მხარეები რუსეთ-ევროკავშირის ახალი, უმაღლესი დონის უსაფრთხოების კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის მიზანიც პოსტ-საბჭოთა სივრცეში გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტაა.

„ეს იმის ნიშანია, რომ მიუხედავად რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზებისა 2008 წლის ომის შემდეგ, სიტყვებს და საქმეს შორის სერიოზული სხვაობაა ამ (ახალი) კომისიის შესახებ განცხადებით ჯერჯერობით არაფერი გამოდის“ - განაცხადა თბილისში არსებული საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ანალიტიკოსმა ლოურენს შიტსმა.

„ერთი საქმეა თქვა ისეთი რამ, რისი მოსმენაც იცი, რომ შენს კოლეგას სურს და აბსოლუტურად სხვა რამ არის რუსეთისთვის საკუთარ გეოპოლიტიკურ პროგრამაზე უარის თქმა. აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში (საქართველოს მეორე სეპარატისტული რეგიონი) მნიშვნელოვანი სამხედრო წარმომადგენლობა კი ამ პროგრამის ნაწილია“.

ენდრიუ რატმანი

ForeignPress

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა