საქართველოს ფოლკლორის ცენტრის დირექტორი და ანსამბლ "ლაშარის" ხელმძღვანელი - გიორგი უშიკიშვილი, როგორც თავად ამბობს, ცოტა არ იყოს, "ამსუბუქებულია": 3 წლის შემდეგ, მისი სიყვარულის ობიექტმა მოულოდნელად ურთიერთობა "გაასერიოზულა". წყვილი მომავალი წლის გაზაფხულზე ტრადიციულ ქართულ ქორწილს გეგმავს. ამჟამად კი გიორგი გაჯისა და ცემენტის გარემოცვაში, საქართველოს ფოლკლორის ცენტრში "ისვენებს".
- გიორგი, რა ხდება ფოლკლორის ცენტრში?
- გუგა კოტეტიშვილის დიზაინით, სარეკონსტრუქციო სამუშაო მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გუგას მამამ - ვახუშტი კოტეტიშვილმა დააარსა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გუგასთვის მიგვემართა. შემიძლია ვთქვა, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშიც კი ასეთი დონის ფოლკლორული ცენტრი არ იქნება: არტ-კაფე, გალერეები, სასტუმრო, მაღაზიები, საკონცერტო დარბაზები, ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკა. შენობას სავარაუდოდ, დეკემბერში გავხსნით. დეკემბერშივე გაიმართება ფოლკლორის ეროვნული პრემიით დაჯილდოებაც... გარდა ამისა, სექტემბრიდან საინტერესო პროექტებზე მუშაობა გაგრძელდება. სიმღერისა და ქორეოგრაფიის კუთხით, ამ ზაფხულს რამდენიმე ექსპედიცია ეწყობა...
- ანსამბლ "ლაშარზე" რას გვეტყვით?
- გაზაფხულზე საზღვარგარეთ 3-4 კონცერტი გვქონდა. მიხარია, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები გააქტიურდნენ - მათი მხრიდან ბევრი მიწვევა გვაქვს. სექტემბრის პირველ ნახევარში იტალიაში გამგზავრებას ვაპირებთ, ნოემბერში კი - ავსტრიაში, ვენაში. ახალ კომპაქტ-ალბომზეც ვმუშაობთ (რასაც ცენტრში ჩემი დატვირთულობის გამო, წინათ ვერ ვახერხებდით). ასევე, ინტერნეტგვერდზე ვმუშაობთ, სადაც ჩვენი აუდიო-ვიდეომასალა განთავსდება. ანსამბლს საკმაოდ დატვირთული შემოდგომა ელის.
- "ლაშარი" საქართველოში კონცერტს ხშირად მართავს?
- დაახლოებით 4 წელია, რაც სოლო კონცერტი არ გაგვიმართავს, მაგრამ სხვადასხვა კონცერტზე გამოვდივართ, მაგალითად - როცა უცხოელი საპატიო სტუმრები გვეწვევიან. სოლო კონცერტთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები გვაქვს. გვინდა, რაღაც ორიგინალური მოვიფიქროთ. ძიებაში ვართ.
- ცოტა ხნის წინ ტელეარხებზე ახალი კლიპი - "ჩემო აფხაზეთო" გამოჩნდა. სიმღერას თქვენ, ნინო სურგულაძე და სოფო ნიჟარაძე ასრულებთ. შემოქმედებითი ჯგუფი როგორ "შეიკრა"?
- თავდაპირველად გაჩნდა იდეა, შეგვექმნა ასეთი ტრიო: სოფო ნიჟარაძე - ესტრადის წარმომადგენელი, ნინო სურგულაძე - კლასიკური მუსიკის, მე - ფოლკლორის. სიმართლე გითხრათ, თავიდანვე დავინტერესდი. ნინო და სოფო ჩემი მეგობრები, მაღალი დონის პროფესიონალები არიან, მაგრამ ერთად არასოდეს გვიმღერია. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო სიმღერა გამოგვივიდა. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. ჩაწერის დროს ჩვენი ენერგია მაქსიმალურად დავხარჯეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ სიყვარული, რომელიც ამ სიმღერაში "ჩავდეთ", სიყვარულითვე დაგვიბრუნდება.
- მართლაც ძალიან ლამაზი სიმღერა და კლიპია. ამ შედეგის მისაღწევად დიდი შრომა გასწიეთ?
- საკმაოდ ვიმუშავეთ, მაგრამ ჩაწერის პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა: მე და სოფომ 2-3 საათში ჩავწერეთ (მაშინ ნინო ავად იყო). საერთოდ, ესტრადის, ფოლკლორის, კლასიკური მუსიკის წარმომადგენელთა ერთობლივი კომპოზიციები მსოფლიოში უცხო არ არის. მგონი, ჩვენს შემთხვევაშიც გაამართლა - კარგი ნამუშევარი გამოვიდა. კლიპის ჩემი ნაწილი მუხრანში გადავიღეთ. გადაღებები ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარეობდა, ნაწილი კი - ფოთში, თუ არ ვცდები. კლიპი პირველად მეც პრეზენტაციის დროს, მაყურებელთან ერთად ვიხილე.
- გიორგი, ამ გაუსაძლის სიცხეში დედაქალაქში იმყოფებით. დასასვენებლად წასვლას არ აპირებთ?
- ცენტრში სარემონტო სამუშაოების გამო, ჯერჯერობით - არა: ბევრი დეტალია "გასავლელი" და დიდი ყურადღებაა საჭირო. ალბათ თვის ბოლოსთვის ერთი კვირით ზღვაზე წავალ. ხშირად აღვნიშნავ, რომ რამდენიმე წელია, კარგად არ დამისვენია. დასვენებას იმას ვუწოდებ, როცა წახვალ, ტელეფონს გათიშავ და მართლა დაისვენებ; ყოველდღე რომ გირეკავენ და მაინც საქმეში ხარ ჩართული, ეს დასვენება არ არის. მხოლოდ ადგილის შეცვლა საკმარისი არ არის - გონებრივადაც უნდა განიტვირთო. სამწუხაროდ, ამას ვერ ვახერხებ. სანამ ძალა მერჩის, ასე ვიქნები, მერე კი, როცა არაფრის თავი აღარ მექნება, სულ დასვენებული ვიქნები (იცინის).
- დასვენება უფრო მეტად, სად გიყვართ?
- ახლა სიამოვნებით წავიდოდი მთაში. ჩემი მეგობრები ზღვაზე არიან და მითხრეს, - ძალიან ცხელაო. სხვათა შორის, სვანეთში მეპატიჟებიან და შეიძლება, რამდენიმე დღით წავიდე. მთა, მდინარე ძალიან მიზიდავს.
- ცურვა კარგად იცით?
- ძალიან კარგად - არა, მაგრამ თავს გადავირჩენ (იცინის). ალაზნის პირას გავიზარდე: მდინარის ზემო ნაწილში ჩავწვებოდი, წყალი 100 მ-ის მანძილზე ჩამიყვანდა, მერე უკან ფეხით ვბრუნდებოდი, ისევ მდინარეში ჩავწვებოდი... მაინცდამაინც ცურვის ცოდნა საჭირო არ იყო (იცინის). სხვათა შორის, ძალიან ფრთხილი ვარ - წყალს არ ვუთამამდები.
- თბილისში განტვირთვას როგორ ახერხებთ? სად გრილდებით?
- დღის განმავლობაში ვერ ვგრილდები, რადგან ამჟამად სულ გაჯისა და ცემენტის გარემოცვაში მიწევს საქმიანობა, მაგრამ საღამოობით მეგობრები ვცდილობთ, ბუნებაში გავიდეთ, თუ ამის საშუალება ჩნდება.
- ბევრი მეგობარი გყავთ?
- ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ვისთანაც ყოველდღიურად ვურთიერთობ, ბევრი არ არის, - 100 კაცი ერთად ვერ გადავადგილდებით...
- პოპულარობამ ხომ არ შეგცვალათ?
- ნამდვილად, არა. ყველას ვეუბნები, რომ პოპულარობა დროებითია, ამიტომ ადამიანი ყოველთვის ისეთი უნდა დარჩე, როგორიც ხარ. ზედმეტი გაპრანჭვა არ მიყვარს, მაგალითად - ავტოგრაფის მიცემას, ფოტოს გადაღებას, ვიღაცასთან საუბარს რომ არ კადრულობენ... პოპულარობის მოსაპოვებლად, სპეციალურად არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ, ყველაფერს გულით, სულით ვაკეთებ და თუკი ეს ვიღაცას მოსწონს, ბედნიერი ვარ.
ბევრი მეუბნება, - ამბიციური, ძალიან სერიოზული ჩანხარო. ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად ამბიციურია (ზედმეტად, ავადმყოფურად ამბიციური არ უნდა იყო), სხვაზე ლაპარაკი იოლია...
სერიოზულობას რაც შეეხება, ისეთ საქმეს ვემსახურები, რომ მაგალითად, სატელევიზიო კომენტარს სიცილ-კისკისით ვერ გავაკეთებ. როცა ახლოს გამიცნობენ, ხვდებიან - იუმორის გრძნობა მაქვს. ისეთ გარემოში გავიზარდე, რომ იუმორის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ვერ ვმეგობრობ ისეთ ადამიანთან, რომელსაც იუმორის გრძნობა არა აქვს.
- პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- 3 წელია, რაც ერთ გოგონას ვიცნობ. ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა გააქტიურდა. დიდი ხანია, სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია. ამ მხრივ ძალიან პრეტენზიული ვარ (იცინის).
- თქვენი პრეტენზიულობა რაში გამოიხატება?
- არ ვეძებ ადამიანს, რომელიც განსაკუთრებული სილამაზით, სიმდიდრით გამოირჩევა, მთავარია, ტრადიციული ოჯახის შვილი, უბრალო, მოსიყვარულე, პატიოსანი იყოს და პატივს სცემდეს იმ საქმეს, რომელსაც ვაკეთებ. ვერ გეტყვით, რომ ძალიან ბევრ გოგონას ვიცნობდი. როგორც აღვნიშნე, ადამიანს, რომელთანაც სერიოზულ ურთიერთობას ვგეგმავ, 3 წელია, ვიცნობ. ახლა გადავწყვიტეთ, რომ ნაბიჯი წინ გადავდგათ.
- ე.ი. დაოჯახებას აპირებთ?
- კი, ოღონდ - ჯერ არა. ოქტომბერში ნიშნობა გვექნება, გაზაფხულზე - ქორწილი.
- როგორ ქორწილს გეგმავთ?
- იდეა მაქვს, რომ ტრადიციული ქართული ქორწილი აღვადგინო (მუსიკა, ქორეოგრაფია...). ისეთი ქორწილი არ იქნება, ცემა-ტყეპით რომ მთავრდება (იცინის).
- შეგიძლიათ, თქვენი რჩეულის ვინაობა გაგვიმხილოთ?
- ჯერჯერობით საიდუმლოდ ვტოვებ (იცინის).
- კარგი, მაშინ ის მაინც გვითხარით, რას საქმიანობს?
- მომავალი მსახიობია - თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობს.
- როგორ გაიცანით?
- შარდენის ქუჩაზე გავიცანი. აღმოჩნდა, რომ საერთო მეგობარი გვყავდა. ერთ-ერთ ჩემს მეგობარს მოეწონა გოგონა, რომელიც ახლა უკვე ჩემი საცოლეა.
- თქვენთვის მოეწონა თუ - თავისთვის?
- თავისთვის (იცინის)... საერთოდ, არ მჩვევია - როცა ადამიანი მომეწონება, მაშინვე ტელეფონის ნომერი ვთხოვო. ჩემმა მეგობარმა კი ნომრის გასაგებად, მაშინვე "ჩალიჩი" დაიწყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა... ჩემი რჩეული თავიდანვე მომეწონა: ცოცხალი, ნათელი სახის გოგონაა. მერე კიდევ შევხვდით... ჩემი მხრიდან ურთიერთობა სერიოზულად დაიწყო, მას კი "გასერიოზულება" არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გავხადე, დამყოლოდა (იცინის).
- საერთოდ, პირად ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ?
- კი, ძალიან! ბევრ რამეს ვაქცევ ყურადღებას. იმ ასაკში არა ვარ, რომ გადაწყვეტილება ნაუცბადევად მივიღო, შესაბამისად - ძალიან ბევრ რაღაცას ვაკვირდები. ფაქტობრივად, 3 წლის განმავლობაში ვაწყობდით ურთიერთობას. ის ურთიერთობის გასაღრმავებლად საერთოდ არ მომყვებოდა და უცბად წამოვიდა.
- ეს რამ განაპირობა?
- არ ვიცი...
- შეყვარებულობის პერიოდში როგორი ხართ?
- საერთოდ, რომანტიკოსი ვარ, სიურპრიზების მოწყობა მიყვარს. პაპაჩემი მეუბნებოდა: როცა ვინმე შეგიყვარდება, ძალიან არ უნდა "ამსუბუქდეო" (იცინის). ცოტა "ამსუბუქებული" კი ვარ, მაგრამ ვცდილობ, მთლად ჰაერში არ ვიფრინო. თან, სიყვარული სიმღერაშიც მეხმარება.
- თქვენს რჩეულს ალბათ ბევრი სიმღერა მიუძღვენით, არა?
- სიმღერა ძალიან ბევრჯერ მივუძღვენი. ქუჩაში სერენადები არ მიმღერია, მაგრამ ხშირად ვცდილობ, გულში ვუმღერო, ექსკლუზიურად (იცინის)...
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)