ავტორი:

"აფხაზეთში ნიჭიერი და გულისხმიერი ახალგაზრდობა მოდის...  თუ წინა თაობამ ვერ შეძლო წყენის დავიწყება, ეს ჩვენ უნდა შევძლოთ" - გზავნილი შერიგებისთვის

"აფხაზეთში ნიჭიერი და გულისხმიერი ახალგაზრდობა მოდის...  თუ წინა თაობამ ვერ შეძლო წყენის დავიწყება, ეს ჩვენ უნდა შევძლოთ" - გზავნილი შერიგებისთვის

შეუძლიათ თუ არა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ომით და ტკივილით გამოწვეული ბარიერების გადალახვა და საერთო ენის პოვნა?! ხელოვნებას ხომ საზღვარი არ აქვს, არც დე ფაქტო, არც დე იურე... "თუმცა შიში ქმნის საზღვრებს, ის შიში, მტერს რომ მოსვენებს უკარგავს... აფხაზთა და ქართველთა შერიგების შიში!“ - ასე ფიქრობს ახალგაზრდა მხატვარი აფხაზეთიდან - ეკატერინე ქარჩავა, რომელმაც აფხაზეთში დაბრუნების სცენა ტილოზე ფერებით ასახა და ამ თემაზე ჩატარებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გახდა.

ეკატერინე ქარჩავა:

- დავიბადე სოხუმში, ყველაზე ლამაზ, ნათელ, დიდ და თეთრ ქალაქში...რომელსაც ირგვლივ მეფურად დარაჯობდა ხასხასა პალმების დიდი რიგი. მაგნოლიების მომაჯადოვებელ სურნელს კი თითქოს სადღაც შორს, სულის წიაღში სამოგზაუროდ მივყავდი... მე ის ასეთი დამამახსოვრდა. ზღვაც ყველაზე სუფთა, მოელვარე და კამკამა იყო, სადაც უთვალავ კენჭებს ერთმანეთისგან გაარჩევდი. სავალალოდ, ომმა გაანდგურა ეს ზღაპრული სამყარო, რომელმაც მხოლოდ ფერებში და ხელოვნებაში გადმოინაცვლა. ის სულ თან დამყვება, თავს მახსენებს და თითქოს შიგნიდან გარეთ გამოღწევაში ვეხმარები მას იმ იმედით, რომ ერთ დღეს ეს კოშმარი გაქრება და ყველაფერი თავის რეალურ ადგილს დაუბრუნდება. ამ შთაგონებით შევქმენი ჩემი ფერწერული ტილო "შერიგება", რომელიც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებული ონლაინკონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და ფულადი პრიზიც დაიმსახურა.

ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველას შეეძლო, მსურველიც ბევრი გამოჩნდა. ჟიურის პირობით, მხოლოდ 10 საუკეთესო ფერწერული ნამუშევარი უნდა შერჩეულიყო - თემით "აფხაზეთი ფერებში". მიხარია, რომ ჩემმა ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა. თავიდანვე ვარჩიე რთული მრავალგამოსახულებიანი კომპოზიცია შემექმნა, შედარებით მარტივად აღსაქმელი. მასში ორივე მხარე მოიაზრება, ქართველების და აფხაზების... ჩანს შვილმკვდარი დედების მსვლელობა, ზოგს ომში დაღუპული ოჯახის წევრების ფოტოები მოაქვს, ზოგს ხატი, ზოგსაც ჯვარი და სანთელი. კომპოზიციის ცენტრში კი "იმედის დედები" დგანან, რომლებიც ერთმანეთს უყოფენ მანდარინს, ერთნაირად... რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. მანდარინები ყოველთვის უხვად იყო სოხუმში, ჩვენ ყველა ერთად შევექცეოდით მათ და გვიყვარდა და გვიხაროდა ერთმანეთთან ურთიერთობა. ეს კონკურსი, სახელწოდებით - "აფხაზეთი ფერებში", საქართველოს მაშტაბით გამოცხადდა, ყველას ვისაც სურვილი ჰქონდა, შეეძლო ჩართულიყო, რამაც ის საკმაოდ მასშტაბური და საინტერესო გახადა. დაიბეჭდა კატალოგი, სადაც შევიდა ჩემი ეს ნამუშევარი.

საერთოდ, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც თემა აფხაზეთს ეხება. მით უფრო, რომ აღნიშნული პროექტის მიზანი იყო კულტურის სფეროს წარმომადგენლობის შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, რადგან ხელოვნებას და კულტურას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში.

- ხომ არ გაქვთ ვირტუალური კონტაქტი ახალგაზრდა აფხაზ მხატვრებთან?

- შესაძლოა, რომელიმე ჩვენგანს პირადი კონტაქტი ჰქონდეს ვინმესთან, მაგრამ საჯაროდ ამაზე არავინ ვსაუბრობთ. არც მათ ვუქმნით პრობლემებს და ისიც გვესმის, რომ ქართველების და აფხაზების შერიგების შიში მტერს მოსვენებას აკარგვინებს, რასაც შესაძლოა, საპასუხო და არასასიამოვნო რეაქცია მოჰყვეს. თუმცა ვხედავ, რომ აფხაზეთში ძალიან საინტერესო, ნიჭიერი, გულისხმიერი და გონიერი ახალგაზრდობა მოდის, ისევე როგორც ჩვენთან... თუ წინა თაობამ ვერ შეძლო ტკივილების მოშუშება და წყენის დავიწყება, ეს მომავალი თაობების საქმეა. ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა და დიალოგის გზით აღვადგინოთ ძველი ურთიერთობები. ასე რომ, ჩემი შექმნილი ტილო მინდა გზავნილი იყოს ყველა აფხაზეთელისთვის ( მარტო აფხაზს არ ვამბობ, ერთად ვგულისხმობ ქართველებსაც და აფხაზებსაც ) ვისაც სტკივა აფხაზეთი და მისი მომავალი აწუხებს.

- საერთოდ, რომელ ჟანრში ხატვა უფრო მოგწონთ?

- დავამთავრე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სახვითი ხელოვნების განხრით. კერძოდ, დავეუფლე გრაფიკას, წიგნის ილუსტრაციასა და დიზაინს. ასევე, დავამთავრე და განვაგრძე აკადემიაში მაგისტრატურა სარეკლამო გრაფიკის მიმართულებით. საერთოდ, გრაფიკა სხვადასხვა მიმართულებით გამოირჩევა, წიგნის ილუსტრაცია და დიზაინი, პლაკატი, შრიფტის დიზაინი, ბეჭდური გრაფიკა, მასალა ოფორტი, ლინოგრავიურა ლითოგრაფია, სილოგრაფია... სწორედ ამ მრავალფეროვნებით მოხიბლულმა გადავწყვიტე, ეს დარგი კარგად შემესწავლა და დავხელოვნებულიყავი. გამოგიტყდებით, ლითოგრაფია, ოფორტი და ლინოგრავიურა უფრო ჩემეულია. სახლის პირობებში ვმუშაობ თაბახზე, მუყაოზე ტუშით, პასტელებით და აკვარელით შერეულ ტექნიკას ვიყენებ. გარდა ამ მიმართულებისა, ვქმნი ფერწერულ კომპოზიციებს ტილოზე აკრილის საღებავებით. ხატვა დიდი და დაუღალავი შრომის პროცესია. მას პაუზა და მოდუნება არ უყვარს, მუდმივად ფორმაში მყოფი მერე ადვილად ვაღწევ სასურველ შედეგს და ბოლოს, კულმინაცია ყველაზე სასიამოვნოდ გასახარია.

ავტორი: ნინო ქართველიშვილი

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?

რატომ მოირგო ანგელოზის ფრთები სალომე ბაკურაძემ - "ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით... ამიტომ, აღარ დაველოდე მომდევნო წელს"

შორენა ბეგაშვილის პირველი საერთო ფოტო "კანონიერ ქურდთან", რომლის გამოც ირაკლი ნანაძეს დაშორდა - ვინ არის ლაშა ბარათელი?