ეშლი ჯადი ორჯერ იყო ნომინირებული "ოქროს გლობუსის" პრემიაზე, მაგრამ ორჯერვე სხვამ მიისაკუთრა ჯილდო. ხშირად არის წამყვანი ფილმების მთავარი როლის შემსრულებელ კანდიდატურებს შორის, მაგრამ ბოლო მომენტში ასევე ხშირად ართმევენ ამ როლებს ანჯელინა ჯოლი ან შარლიზ ტერონი - სწორედ ამ ორ მსახიობ ქალს ამსგავსებენ ხოლმე ეშლის. ან სულაც თვითონ ამბობს უარს რაიმე მიზეზით. ეშლის სუპერვარსკვლავად და განსაკუთრებით მაღალანაზღაურებად მსახიობად ქცევას ამანაც შეუშალა ხელი - მეტისმეტად პრინციპული და ზედმეტად ჭკვიანია ჰოლივუდის კვალობაზე.
ქალების გარემოში გატარებული ბავშვობა
სხვა ცნობილი მსახიობებისგან განსხვავებით, ცხოვრებაში ეშლი ჯადი თავის გმირებს ჰგავს. თანამედროვეა, ძლიერი, ჭკვიანი და დამოუკიდებელი ქალი, რომელთანაც ხუმრობა არავის გაუვა.
ეშლი 1968 წლის 19 აპრილს დაიბადა კალიფორნიაში. დედამისი ქანთრის ცნობილი მომღერალი ნაომი ჯადია. 1972 წელს მშობლები გაიყარნენ და ორ წელიწადში ეშლი დედასა და დასთან - ვაინონასთან ერთად კენტუკის შტატში გადავიდა საცხოვრებლად.
"ქალების გარემოში გავიზარდე, ისეთი ქალების, რომლებიც ყოველთვის იმას აკეთებდნენ, რაც სურდათ და როცა სურდათ", - ჰყვება მსახიობი, რომლის დიდებამაც რა ხანია გადაფარა მისი მომღერალი ახლო ნათესავების - დედისა და უფროსი დის პოპულარობა. თუმცა სანამ ისინი ქანთრი-მუსიკის ვარსკვლავები გახდებოდნენ, უკაცო ოჯახს საკმაოდ უჭირდა და კენტუკისა და კალიფორნიაში ერთი სახლიდან მეორისკენ გადაბარგდებოდა ხოლმე. ცამეტი წლის განმავლობაში მომავალი მსახიობი თორმეტი სკოლა გამოიცვალა.
ბავშვობაში შველას ოცნებებში პოულობდა: "ხშირად ველაპარაკებოდი გამოგონილ მეგობრებს და დედაც ამას არასდროს მიშლიდა. პირიქით, ამბობდა, რომ ჩვენი წარმოსახვა შეიძლება შთაგონებად იქცეს ცხოვრებასა და მუშაობაში. მაგალითად, შემეძლო რაიმე წიგნი წამეკითხა რომელიღაც გოგონას შესახებ და წარმომედგინა, რომ ის მე ვიყავი. ასე რომ, სპეციალურად არც არასდროს გადამიწყვეტია მსახიობობა, ამ განცდასთან ერთად ბავშვობიდან ვცხოვრობდი".
როდესაც ეშლი 14 წლის გახდა, დედამისისა და მისი დის დუეტს თჰე ჟუდდს დიდი წარმატება ეწვია. ოჯახის მატერიალური მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესდა. თუმცა იმ წლებს ეშლი მაინც სევდიანად იგონებს.
ცნობისათვის, ეშლიმ უარი თქვა თავის ბავშვობაზე გადაღებული ტელეფილმის ნახვაზე - "ნაომი და ვაინონა: სიყვარულს შეუძლია ხიდის აგება", რომელიც დედამისის ავტობიოგრაფიის მიხედვით გადაიღეს. "ამ ფილმს არავითარი კავშირი არ აქვს ჩემს ნამდვილ ბავშვობასთან. ის მრავალი ადამიანის მოსაზრებების ნაზავია - სცენარისტების, პროდიუსერების, რეჟისორების, სატელევიზიო ხელმძღვანელების. დედაჩემის წიგნი ტელევიზიისთვის შეამოკლეს", - ამბობს მსახიობი.
როდესაც ეს ავტობიოგრაფია გამოვიდა, ეშლი და ვაინონა ხუმრობდნენ, რომ უნდა დამსხდარიყვნენ და თავიანთი წიგნი დაეწერათ, რომელსაც ერქმეოდა "სიმართლე". თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უწევდათ ტელესერიალის პრომოუშენისთვის თოქშოუებზე სიარული და ინტერვიუების მიცემა. "ოპრა უინფრის შოუზე მივედი, რომ დედას დავხმარებოდი ფილმის პრომოუშენში, ეგ კი არა, იმ შოუში დავთანხმდი, ვყოფილიყავი "ხმა კადრს მიღმა", რადგან ვიცოდი, დედაჩემისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, და როდესაც მიწევდა რაიმეს შელამაზება ან სიცრუის თქმაც კი, ფიქრებში საკუთარ თავს ვამხნევებდი: "ჯილდო ამისთვის ზეცაში გელოდება".
"კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით"
სწავლის დამთავრების შემდეგ ეშლიმ კენტუკის უნივერსიტეტში ჩააბარა ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1990 წელს უნივერსიტეტი მიატოვა და სწავლა მხოლოდ 2007 წელს დაასრულა, ფრანგული ენის ბაკალავრის ხარისხით.
1992 წელს ლოს-ანჯელესში გადაბარგებულმა ტელესერიალებში დაიწყო თამაში. 1991 წელს პატარა როლი მიიღო სერიალში "შემდეგი თაობა". იმავდროულად ფრანგულ რესტორანში მუშაობდა და სამსახიობო სკოლაშიც დადიოდა. მერე იყო პირველი სერიოზული სინჯები და როლი ფილმში "კაფსი" კრისტიან სლეიტერთან ერთად. ტელევიზიაში რამდენიმე სერიალზე მუშაობის შემდეგ ყურადღება მიიქცია ფილმით "რუბი სამოთხეში", მერე კი მერილინ მონროს როლის შესრულებისთვის იყო ნომინირებული "ემიზე" ტელეფილმში "ნორმა ჯინი და მერილინი".
1994 წელს ეშლი პატარა როლში გადაიღეს სურათში "მკვლელებად დაბადებულები", თუმცა ეპიზოდები მისი მონაწილეობით საერთოდ ამოიჭრა ფართო გაქირავების ვერსიიდან და მათი ნახვა მხოლოდ ფილმის რეჟისორულ ვერსიაშია შესაძლებელი.
მომდევნო წლებში იყო სამაგალითო ცოლის რამდენიმე როლი ფილმებში ძლიერი სამსახიობო შემადგენლობით ("მკვლელობის დრო" მეთიუ მაკკონაჰისთან და "ორთაბრძოლა" ველ კილმერთან), გამოჩნდა რამდენიმე "დამოუკიდებელ" სურათში (მათ შორის ყველაზე ცნობილია "საიმონ ბერჩი") და ბოლოს მთავარი როლი შეასრულა ჰიტში "აკოცე გოგონებს".
"არის ფილმები, რომლებში მონაწილეობაზეც უარს ვამბობ, თუმცა კი ვიცი, რომ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ძალიან შემოსავლიანი იქნება, - ამბობს ეშლი თავისი კარიერული "მანევრების" შესახებ, - როლის არჩევისას, პირველ რიგში, ვხელმძღვანელობ საკუთარი სურვილით, მხიარულად გავატარო რამდენიმე თვე გადაღებებზე, და არა იმით, რამდენ მოგებას მოიტანს ფილმი. ისედაც კმაყოფილი ვარ საკუთარი ცხოვრებით, ამიტომაც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ვთამაშობ".
მას მერე, რაც 1993 წელს ეშლის სახლი მალიბუში დაიწვა, დედასა და დასთან ახლოს დასახლდა ნეშვილში, 1819 წელს აშენებულ სახლში, რომელსაც დიდხანს არემონტებდა. "ვიცი, როგორ შეუძლია დიდებასა და თაყვანისმცემლებს ადამიანისა და მისი ცხოვრების გაფუჭება, - ამბობს ჯადი, რომელმაც ერთი-ორი წლის წინ დიდი სტრესი გადაიტანა, როდესაც მის სახლში ფანატი შეიჭრა, - ამიტომაც ვცხოვრობ არა ლოს-ანჯელესში, არამედ ნეშვილში, შოუბიზნესისგან შორს. ჩემი სახლი მიცავს ჩემი საკუთარი პოპულარობისგან. სხვათა შორის, სავსებით ვეთანხმები ოდრი ჰეპბერნს, რომელმაც ერთხელ თქვა: "ამქვეყნად არაფერია, რისი განკურნებაც ბუნებას არ ძალუძს".
"მკვლელობის დროში" თავის პარტნიორ მეთიუ მაკკონაჰისთან მცირეხნიანი რომანისა და დაშორების შემდეგ ეშლი მომღერალ მაიკლ ბოლტონს ხვდებოდა. ახლა კი მის გვერდით 26 წლის ცნობილი მრბოლელი დარიო ფრანკიტია. ისინი დიდხანს არ ქორწინდებოდნენ, ეშლი არ ჩქარობდა. ამბობდა, რომ მხოლოდ იმ ადამიანს გაჰყვებოდა ცოლად, რომელიც დათანხმდებოდა ქორწინებამდე წაჰყოლოდა "ქორწინებამდელ გასაუბრებაზე": "იქ ადამიანები ერთმანეთს უამბობენ ისეთ რამეებს, რასაც არ უყვებიან ვახშამზე ან ფილმის ყურებისას - თავიანთ ოცნებებზე, სურვილებსა და შიშებზე. ასეთი წვრილმანების ცოდნა ადამიანზე, რომელთან ერთადაც აპირებ დარჩენილი ცხოვრების გატარებას, უბრალოდ აუცილებელია", - ამბობდა ეშლი.
დარიოს ცოლად გაჰყვა, როგორც იქნა. ოღონდ უცნობია, წაიყვანა თუ არა მანამდე "ქორწინებამდელ გასაუბრებაზე".
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)