მომღერალმა მარიკა თხელიძემ კულტურის სამინისტროში დაიწყო მუშაობა, მაგრამ ახლა შვებულებაშია და მეგობრებთან ერთად გონიოში აპირებს წასვლას, რათა გონებრივად და ფიზიკურად დაისვენოს და საქმეს ახალი ძალებით შეუდგეს. მარიკას გამგზავრებამდე ვესაუბრეთ.
- საერთოდ, მშიშარა არ ვარ, მაგრამ სიბნელისა და სიმაღლის ბავშვობიდან მეშინია. ეს ალბათ ერთგვარი აკვიატებაცაა.
- ფრენისაც ხომ არ გეშინია?
- ბავშვობაში არ მეშინოდა, ახლა კი მგონი, ცოტა ეს შიშიც ”მეპარება”, ოღონდ სიმაღლის გამო არა, ავიაკატასტროფების გამო უფრო გამიჩნდა ეს შიში.
- ფრენის დროს დამამშვიდებელს ან ალკოჰოლს ხომ არ სვამ, რომ ამ პროცესმა შენთვის მშვიდად ჩაიაროს?
- ალკოჰოლს ძალიან იშვიათად ვსვამ და მით უმეტეს ფრენის დროს არ ვიყენებ, ასეთ შემთხვევაში უფრო დამამშვიდებელს ვარჩევ, მაგრამ ყველაზე
მეტად პირჯვრის გამოსახვა მშველის.
- მარიკა, სიჩქარის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- ძალიან მიყვარს სისწრაფე და ეს ჩემი მანქანის მართვაზეც აისახება (იღიმება), სწორედ ამ თემაზე მაქვს დავა ჩემი ოჯახის წევრებთან, სულ მეუბნებიან, ნელა იარეო.
- და პატრულთან როგორ ურთიერთობ?
- მშვენივრად (იცინის), საშინლად და ხშირად არ ვარღვევ წესებს, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მშვიდი მძღოლი ვარ.
- გადავინაცვლოთ კალიებზე, ტარაკნებზე, ობობებზე - რომელი მათგანის გეშინია განსაკუთრებით?
- ამას წინათ იმხელა კალია მომახტა, გადავირიე, მგონი, კაცის სახე ჰქონდა (იცინის). აქამდე ამხელა კალია მართლა არ მინახავს, ვთქვი კიდეც, მგონი კალიები გადაგვარდნენ-მეთქი. რა თქმა უნდა, არც ერთი მათგანი სასიამოვნო დასანახი არ არის, მაგრამ კალიაზე მეტად ტარაკნისა და ობობის მეშინია.
- თაგვებზე რას გვეტყვი?
- არასასიამოვნოა, თორემ შიშით არც თაგვების, არც კატების არ მეშინია.
- არც ძაღლების?
- მიუხედავად იმისა, რომ ძაღლები ძალიან მიყვარს, მათი ბავშვობიდან მეშინია.
- და როგორ დაძლიე ეს შიში?
- გავითავისე, არ უნდა შეგეტყოს, რომ მათი გეშინია, ამიტომ მათი დანახვისას ფეხსაც კი არ ვუჩქარებ, წყნარი ნაბიჯით მივდივარ და მათაც არანაირი რეაქცია არ აქვთ.
- კარგი, თემა შევცვალოთ და ექიმებზე მინდა გკითხო, ენდობი მათ?
- მადლობა ღმერთს, ჯანმრთელი ვარ და ექიმებთან იშვიათად ვურთიერთობ, თუმცა ვისთანაც კონტაქტი მქონია, მათ მიმართ ნდობით განვმსჭვალულვარ.
- მარიკა, ბედნიერი რიცხვი თუ გაქვს და ასევე რიცხვი, რომელიც არ გიყვარს?
- არ მიყვარს 6, სამაგიეროდ 13 ბავშვობიდან კარგად მაქვს დაცდილი, ეს რიცხვი ამოჩემებული მქონდა, კონკურსებზე გასვლისასაც მე-13 ვიყავი ხოლმე და ეს წარმატების მომტანი იყო ჩემთვის.
- ჩვენი საუბრიდან აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე ფობია გაქვს, არ გიცდია რომელიმე მათგანის დაძლევა?
- სიბნელის შიშთან დაკავშირებით, სულ ვცდილობ საკუთარი თავი შთავაგონო, რომ საშიში არაფერია. სხვათა შორის, ინგლისში რომ ვიყავი, დიდ ოთახში ვცხოვრობდი და ღამით შუქს ყოველთვის ანთებულს ვტოვებდი, მაგრამ მერე და მერე იმდენად დამღლელი რეჟიმი მქონდა და ისე გადავიღალე, ძილის წინ შუქს ვაქრობდი, ფარდებსაც ვაფარებდი და ისე ვიძინებდი.
- ანუ გადაღლილობამ ისე იმოქმედა, რომ ყველანაირი შიში დაგავიწყდა?
- კი, მეტიც, ვამბობდი, ალბათ იმ დროს მოჩვენება რომ დამენახა, მასაც ხელს დავუქნევდი და არანაირი რეაქცია არ მექნებოდა-მეთქი (იცინის).
- ზაფხულია და როგორ შეიძლება არ გკითხო დასვენების შესახებ, როგორც ვიცით, კულტურის სამინისტროში მუშაობ, ახლა შვებულებაში ხარ?
- კი, რამდენიმე დღით შვებულებაში ვარ და ქალაქგარეთ გავდივარ, რათა გონებრივად თუ ფიზიკურად დავისვენო და ახალი ძალებით შევუდგე საქმიანობას. მეგობრებთან ერთად გონიოში ვაპირებ დასვენებას. ძალიან გადაღლილი ყოველთვის აქტიურ დასვენებას ვანიჭებ უპირატესობას.
- ალბათ, კლუბებსაც სტუმრობ და წყლის გასართობებითაც ერთობი...
- კი, ასეა. ერთხელ ბანანით გადავწყვიტეთ გასეირნება მეგობრებმა და მოულოდნელად შუა ზღვაში ის კატერი გაჩერდა, რომელზეც ბანანი იყო მიბმული, იმ სიშორეზე ვიყავით, ნაპირიც ძლივს ჩანდა, თან მგონი, დასაშვებზე მეტი ვისხედით, ეს ხომ ქართული წესია (იცინის). კარგა ხანს მოგვიხდა შუა ზღვაში ყოფნა, რამაც პანიკაში ჩაგვაგდო როგორც იქ მყოფნი, ასევე ნაპირზე დარჩენილებიც, ბოლოს, როგორც იქნა, გამოვედით. ერთხელ ოთხნი ბალიშებზე დავსხედით და კატერმა ისე მოგვიქნია, ერთმანეთს შევასკდით და აქეთ-იქით დავიფანტეთ, ზღვაზე რომ კენჭს გაისვრი, დაახლოებით ისე გაგვისროლა კატერმა (იცინის). ამ შემთხვევების შემდეგ მსგავს გასართობებს ვერიდები. პარაშუტიდან გადმოხტომა ძალიან მინდა და მაინტერესებს, მაგრამ სიმაღლის შიშიდან გამომდინარე, ვერ ვრისკავ, მგონია, რომ გული გამისკდება (იცინის).
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)