ცისია მეტრეველი: ქალმა არ უნდა იტვირთოს იმაზე მეტი, რაც შეუძლია

ცისია მეტრეველი: ქალმა არ უნდა იტვირთოს იმაზე მეტი, რაც შეუძლია

ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2"-ზე ახალი სერიალი გამოჩნდა - "აქ ცხოვრობენ გუნცაძეები", სადაც ქალის მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ცისია მეტრეველია. გადავწყვიტეთ, ცისია თავის მოვლისა და ჩაცმა-დახურვის თემაზე ჩაგვეწერა, მაგრამ ეს არ ვიკმარეთ და მისი გმირის შესახებაც ვისაუბრეთ.

- როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ქალმა აუცილებლად უნდა გამონახოს მცირე დრო თავის მოსავლელად, მიუხედავად იმისა, მუშაობს, დიასახლისია თუ დროის დეფიციტი აქვს. ვერ ვიტყვი, რომ დიდ დროს ვუთმობ საკუთარი თავის მოვლას, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ფორმაში ვიყო, თან ამას ჩემი სამუშაო გრაფიკი მოითხოვს, სპექტაკლებს, გადაღებას, პრეზენტაციებისა და საღამოების წაყვანას ვგულისხმობ.

- როგორ და რომელ საათზე იწყება შენი დილა?

- ჩვეულებრივად, თითქმის ისე, რო­გორც ყველა ოჯახში, დილის რვა საათზე, როცა ბავშვები სკოლაში წასასვლელად უნდა მოაწესრიგო, მოამზადო და გაისტუმრო, ახლა კი შვიდზე, რასაც ცხელი ზაფხული განაპირობებს.

- სახლიდან გასასვლელად დიდი დრო გჭირდება? იყენებ თუ არა ყოველდღიურად მაკიაჟს?

- გააჩნია სად მივდივარ, თუ რეპეტიციაზე, გადაღებაზე ან საოჯახო საქმეებიდან გამომდინარე სამოძრაო მაქვს ქალაქში, ძალიან სწრაფად გავდივარ სახლიდან, საერთოდ, ჩემი ცხოვრებისეული რიტმი ძალიან ჩქარია, მაგრამ თუ საღამო მიმყავს, ან მეგობრებთან ერთად წვეულებაზე მივდივარ, რა თქმა უნდა, ვემზადები და მეტი დრო მჭირდება. ყოველდღიურად მაკიაჟს არ ვიკეთებ, მინდა კანმა დაისვენოს. როცა გარუჯული ვარ, მხოლოდ ტუჩის მბზინავ საცხს ვხმარობ.

- კანს როგორ უვლი, ძვირადღირებულ კრემებს იყენებ თუ ხალხურ საშუალებებს?

- ამჟამად ისრაელის კრემების ნაკრებს ვხმარობ და კმაყოფილი ვარ. ამაში შედის დღის დამატენიანებელი და ღამის კრემები, შრატი, ნიღაბი. ამაზე ძვირად ღირებულებიც მოვსინჯე, მაგრამ ალერგია მომცა და არ მომიხდა. რაც შეეხება კოსმეტოლოგთან სახის გაწმენდას, ეს აუცილებელია, მით უმეტეს მაშინ, როცა წლის განმავლობაში პროფესიიდან გამომდინარე ხშირად გიწევს მაკიაჟის კეთება, გარდა სახისა, ტანის მოვლაც მეტად მნიშვნელოვანია.

- წინა დღეს ფიქრობ რა ჩაიცვა, თუ იმ დღის სამოსს ხასიათის მიხედვით ირჩევ?

- გააჩნია სად მივდივარ, ხანდახან წინა დღეს კი არა, ორი, სამი დღით ადრე ვფიქრობ რა ჩავიცვა. ყოველდღიურ სამოსს კი ხასიათის მიხედვით ვირჩევ.

- როგორია შენი ჩაცმის სტილი?

- სპორტულიც და კლასიკურიც, ყოველდღიურად სპორტულ სტილს ვანიჭებ უპირატესობას ჯინსს, მაისურს, ეს უფრო პრაქტიკულია, მაგრამ კლასიკური სტილიც ძალიან მიყვარს და, ჩემი აზრით, ყველა ქალს უხდება.

- კაბა თუ შარვალი?

- შარვალს უფრო ხშირად ვხმარობ.

- სერიალში შენს ჩაცმულობაზე ვინ ზრ­უ­ნავს? ერთი-ორი სიტყვით შენი გმირის შესახებაც გვითხარი...

- სერიალს თავისი კოსტუმების მხატვარი ჰყავს და ის ზრუნავს არა მარტო ჩემი, არამედ ყველას ჩაცმულობაზე. რაც შეეხება ჩემს გმირს, ის ერთი ჩვეულებრივი ქართველი ქალია, დიასახლისი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ქმარი და შვილები, სამაგიეროდ, ძალიან ეზარება ოჯახური საქმეების კეთება, საჭმელი იქნება თუ სახლის დალაგება, სულ უკმაყოფილოა თავისი ქმრის, მაგრამ კეთილია.

ცოტა "კეკელკაა", ადრე გათხოვდა და ოჯახს მიუძღვნა და შესწირა მთელი 16 წელი. თავად ოჯახი ერთ-ერთი ტიპური ქართული ოჯახია, რადგან, როგორც ამბობენ, კაცი თავია და ქალი კისერი, ლიკაც დომინანტია და ქმარს თავის ჭკუაზე ატარებს. ამ ოჯახში ყველას ერთმანეთი უყვარს და პატარ-პატარა სისულელეებზეც კამათობენ. მიუხედავად "ეშმაკობებისა", ლიკა მაინც ტრადიციული ქალია. საერთოდ, გავრცელებულია აზრი, რომ ნამდვილი ქართველი ქალი კარგი დიასახლისი უნდა იყოს, სამზარეულოში უნდა ფუსფუსებდეს და გემრიელ კერძებს ამზადებდეს ქმარ-შვილისთვის. ამ მხრივ, ჩემი პერსონაჟი არასტანდარტულია. ლიკა არ არის რომელიმე კონკრეტული ქალის პროტოტიპი, მასში გავაერთიანე და შევიტანე სხვადასხვა ტიპის ქალების ცალკეული შტრიხები.

- დავუბრუნდეთ ისევ ჩაცმა-დახურვის თემას... როგორ ფეხსაცმელს ან­იჭებ უპირატესობას?

- ჩემს გარდერობში არის როგორც დაბალქუსლიანი, ისე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. ბალეტკა, კედიც, გააჩნია სად მივდივარ და რას ვიცვამ, სწორედ ამის მიხედვით ვარჩევ ფეხსაცმელს.

- ქუსლებზე სიარული ხომ არ გიჭირს?

- ყველაფერმა შეჩვევა იცის, როცა ინტენსიურად დადიხარ დაბლებზე, მერე ქუსლიანის ჩაცმა ცოტა გიჭირს, თუმცა, მიუხედავად ჩემი სიმაღლისა, მშვენივრად ვგრძნობ თავს როგორც მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, ისე დაბლებზე.

- მიგაჩნია, რომ ქალურობის შენარჩუნება ბოტასსა და ჯინსშიც შესაძლებელია?

- მიმაჩნია, რომ ქალი შინაგანად უნდა იყოს ქალი. ბოტასი, კედი და ჯინსი კი არ დააკნინებს ქალურობას, არამედ განსხვავებულად საინტერესოს გახდის მას.

- ვინმე თუ გიკონტროლებს ჩაცმულობას?

- გაკონტროლებით არა, მაგრამ მეუღლის აზრს ხშირად ვითვალისწინებ.

- თმას როგორ უვლი?

- ამჟამად ნიღბებს ვიკეთებ, რომ გამოვაცოცხლო, იმიტომ, რომ მთელი წელი ფენისა და ვარცხნილობებისგან გამიუხეშდა.

- სალონს ხშირად სტუმრობ?

- ხშირად დავდივარ, მიყვარს, მოწესრიგებული როცა ვარ, თან სალონის გარემოც მსიამოვნებს, მაგრამ ახლა ყოველდღიური გადაღებების გამო და ჩემი პერსონაჟიდან გამომდინარე, არ მევალება, რომ დავარცხნილი ვიყო. ერთი სული მაქვს, ამ სეზონს როდის ჩავამთავრებ, რომ ჩვეულ ფორმას დავუბრუნდე.

- აქსესუარების მიმართ რა დამოკიდებულება გაქვს?

- აქსესუარები აუცილებელი ატრიბუტებია, რომ სრულყოფილად გამოიყურებოდე ამა თუ იმ სამოსში. ყელსაბამს ნაკლებად ვატარებ, მაგრამ საათი, სათვალე, ჩანთა ჩემი საყვარელი აქსესუარებია.

- თავად ხომ არ ქმნი რამეს?

- ვხატავ, ლექსებს ვწერ, ვმღერი, ვცეკვავ, სურვილი არ გამჩენია, რომ გავაკეთო საყურე, ჩანთა, თუმცა მყავს მსახიობი მეგობარი, რომელსაც სახლში თავისი ნაკეთობების მუზეუმი აქვს, მართლაც ოქროს ხელების პატრონია.

- ცისია, სად ყიდულობ სამოსს?

- საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. როგორც ყველა ქალს, მეც ძალიან მიყვარს შოპინგი. განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, მარტო ვარ თუ ვინმესთან ერთად, საბოლოო ჯამში მაინც იმას ვყიდულობ, რაც მსურს და რაც მიხდება.

- რამდენად ბრენდულია შენი გარდერობი?

- ჩემს გარდერობში არის დოლჩე და გაბანას, გუჩის, უნგაროს, კავალის, პრადას, ლა პერლას, მაკქუინის სამოსი, ჩანთები, სათვალეები.

- რაში არ გენანება ფულის გადახდა?

- კოსმეტიკასა და სუნამოში.

- რა არის საუკეთესო საჩუქარი შენთვის?

- ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო, ნათქვამია. ეს ხუმრობით, ყველა საჩუქარი სასიამოვნოა და თავისებურად ძვირფასია ჩემთვის.

- წონის პრობლემა ხომ არ გაქვს?

- წონის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს, პირიქით, სიგამხდრისკენ ვარ მიდრეკილი და ვცდილობ კარგად ვიკვებო. ინტენსიური გადაღებების გამო ვარჯიში, სამწუხაროდ, დროებით მიტოვებული მაქვს.

- დაბოლოს, როგორია შენი "რეცეპტი" იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე...

- პირველ რიგში, უნდა იყო კეთილშობილი ადამიანი და არავის მიმართ ბოღმა არ უნდა გახრჩობდეს. სულიერი სიჯანსაღე გარეგნობაზეც აისახება. აუცილებლად უნდა მისდიო ცხოვრების ჯანსაღ წესს, უნდა იცურაო, ივარჯიშო, უნდა გააცნობიერო, რომ ხარ ქალი და არ უნდა იტვირთო იმაზე მეტი, რაც შეგიძლია. უნდა დაიჯერო, რომ ხარ ნაზი არსება, გჭირდება და იმსახურებ ფაქიზ მოპყრობას, ამიტომ უფრო მეტად უნდა სცე პატივი საკუთარ თავს, რომ ძლიერი სქესიც აიძულო პატივი გცეს. გარდა ამისა, კარგად რომ გრძნობდე თავს და კარგად გამოიყურებოდე "ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული" უნდა გქონდეს (იღიმება).

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება